Səhhət/biotəhlükəsizlik

მითი აივ-ინფიცირებულთა სისხლით გაჟღენთილ ბანანებზე და Mediacity.ge-ს შეცდომაში შემყვანი სათაური

19 Dekabr, 2016

15 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო Mediacity.ge -მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „სისხლიანი ბანანები აივ-ინფიცირებულთა სისხლით - დაპანიკებული მოსახლეობა ფოტოებს აქვეყნებს". ამბავი სოციალურ ქსელ Facebook- შიც გავრცელდა.

მასალის მიხედვით, გუდაუთაში მცხოვრებმა ინგა გაგულიამ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე" ატვირთა გაჭრილი ბანანის ფოტო, რომელსაც წვრილი წითელი ზოლები ემჩნეოდა. აღნიშნულ ფოტოს გამოეხმაურნენ სხვა მომხმარებლებიც, რომლებიც წერდნენ, რომ ბანანებში აივ-ინფიცირებულთა სისხლია აღმოჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ Mediacity.ge-ს სტატიაში მოჰყავს სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმის, ალლა ბელიაევას კომენტარი, რომლის თქმითაც, გავრცელებული ინფორმაცია ფანტაზიის ნაყოფია და ასევე მიუთითებს, რომ ექიმების მტკიცებით ამგვარი ვარაუდი უსაფუძვლოა - სტატიის სათაურს „სისხლიანი ბანანები აივ-ინფიცირებულთა სისხლით - დაპანიკებული მოსახლეობა ფოტოებს აქვეყნებს" - მკითხველი შეცდომაში შეყავს.

Mediacity.ge -ს სტატიის პირველწყარო: საინფორმაციო სააგენტო «Apsny LIFE» ოკუპირებული აფხაზეთიდან

Mediacity.ge- ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის პირველწყარო ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული გაზეთი apsnylife.ru – ა. გამოცემამ 14 დეკემბერს გამოაქვეყნა მასალა „Бананы с кровью в Абхазии. Правда или вымысел?". სწორედ ეს გამოცემა დაუკავშირდა ინგა გაგულიას და სოხუმის მთავარ სანიტარულ ექიმს გავრცელებულ ფოტოზე კომენტარისთვის.

1

მითები შიდსით ინფიცირებულთა სისხლით გაჟღენთილ ბანანებზე

შიდსით ინფიცირებულთა სისხლით გაჟღენთილ ბანანებზე მითები და ფეიკ პოსტები რუსულენოვან საიტებსა და სოციალურ ქსელში 2016 წლის თებერვალშიც გავრცელდა.

 რუსეთის სანიტარულმა ინსპექციამ „როსსელხოზნადზორმა" ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ბანანები წითელი-ყავისფერი ლაქებით უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ბანანებს ამგვარ შეფერილობას ბაქტერია Ralstonia solanacearum აძლევს, რომელიც ბანანების გარდა მასპინძელ ორგანიზმებად კარტოფილს, პომიდორს, ჯინჯერს, ზეთისხილსაც იყენებს.

2015 წლის ნოემბერში ამერიკული fact-checking პორტალი Snopes.com წერდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას თითქოს ბანანები ადამიანის სისხლით იყო გაჟღენთილი შიდსის ინფექციის გასავრცელებლად. ანალოგიური კონსპირაცია გავრცელდა ასევე წითელ ლაქებიან ფორთოხლებზეც, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მტკიცებით, ალჟირის საიმიგრაციო სამსახურმა, ლიბიიდან ტრანსპორტირებულ ფორთოხლებში შიდსის ვირუსი აღმოაჩინა. 2015 წლის ნოემბერში აივ ინფექციით დაინფიცირებული ბანანების მითზე წერდა ასევე გამოცემა ვაშინგტონ პოსტიც.

მეცნიერული ფაქტები

შიდსის ვირუსის გავრცელება ხდება მხოლოდ:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტით აივ ინფიცირებულ პირთან;
  • ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით - როცა ხდება არასტერილურ დაბინძურებულ სამედიცინო ინსტრუმენტებთან კონტაქტი;
  • ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.
3

შიდსი არ გადადის აივ-ინფიცირებულთან:

  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
  • დახველებით , ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
  • საცურაო აუზით სარგებლობით;
  • კოღოსა და მწერების ნაკბენით;
  • აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში.

შიდსის გადატანა ბანანით ან რაიმე სხვა ხილის მეშვეობით შეუძლებელია. ვირუსი ორგანიზმის გარეთ მოხვედრისას არასიცოცხლისუნარიანი ხდება და ძალიან მალე იღუპება.


მოამზადა დალი ქურდაძემ