Tarix

“პოლიტიკანო” ევროპის წარსულს აწმყოდ, საბჭოთას - მომავლად გვისახავს

19 İyun, 2018

ისტორიის გაყალბებასა და წარსულით მანიპულირებას პროპაგანდის მეთოდებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ კუთხით ქართულ საინფორმაციო სივრცეში პროპაგანდისტული ფეისბუქ გვერდი “პოლიტიკანო” გამოირჩევა. 2017 წლის მონაცემებით, ისტორიის გაყალბებისა და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ “პოლიტიკანოზე” მოდის.

ბოლო პერიოდში “პოლიტიკანოს” ფეისბუქ გვერდზე წარსულით მანიპულირების ახალ მეთოდს ვხვდებით. “პოლიტიკანო” ცდილობს XVI-XIX საუკუნის მოვლენები თანამედროვეობას დაუკავშიროს და წარსულში მომხდარი ფაქტები დღევანდელი რეალობის კონტექსტში განიხილოს. მაგალითად, 2017 წლის 25 მაისს “პოლიტიკანოს” გვერდზე გამოჩნდა პოსტი “ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდნენ ევროპაში ცოლებს”. პოსტის აღწერაში კი ვკითხულობთ: “ალბათ ბევრ თვენთაგანს ძნელად წარმოუდგენია, რომ თავის დროზე ინგლისში ცოლების გაყიდვა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა”. აღწერას კი ახლავს ჰეშთეგები #ცივილიზებული ევროპა, #ძალა ევროპაშია.

აღსანიშნავია, რომ #ძალაევროპაშია “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” სლოგანს წარმოადგენს. იმის საჩვენებლად, თითქოს 21-ე საუკუნის ევროპული ფასეულობები და ღირებულებები ყალბია და ის არა მხოლოდ მე-18, არამედ მე-5 საუკუნის ღირებულებების იდენტურია, “პოლიტიკანო” სწორედ აღნიშნულ სლოგანს იყენებს და მაგალითებად თანამედროვეობასთან ყოვლად შეუსაბამო და არარელევანტური ისტორიული მოვლენები მოჰყავს.

'

კიდევ ერთ, 3 ივნისით დათარიღებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ 1672 წელს ჰოლანდიელებმა საკუთარი პრემიერ-მინისტრი იოჰან დე ვიტო მოკლეს და შეჭამეს. წინა პოსტის მსგავსად, ამ პოსტსაც ახლავს ჰეშთეგები #ძალა ევროპაშია, #ცივილიზებული ევროპა.

'

ამ კუთხით საინტერესოა “პოლიტიკანოს” 27 მაისის პოსტიც.  აქ "პოლიტიკანო" კიდევ უფრო შორს მიდის. გვერდის ადმინისტრატორს მე-19 საუკუნის მოვლენები საკმარისად "ძველად" აღარ მიაჩნია და ევროპული ცივილიზაციის "ნამდვილ სახედ" ამჯერად მე-5 საუკუნის მოვლენებს წარმოდგვიდგენს. პოსტში ვანდალების გერმანული ტომი ველურებად, ლოთებად და მძარცველ ხალხად არის დახასიათებული. ამის შემდეგ კი ჰეშთეგების სახით თანამედროვე ევროპასთან კვლავ დაუსაბუთებელ და მანიპულაციურ კავშირებს ვხვდებით.
'

“პოლიტიკანო” აქ არ ჩერდება. ევროსკეპტიციზმის გასაღვივებლად მას მე-18 - მე-19 საუკუნეში მოღვაწე პირების ციტატები მოჰყავს, ისიც ნაწყვეტებად და იმ კონტექსტისა და რეალობის განმარტების გარეშე, რა რეალობაშიც ეს სიტყვები ითქვა. მაგალითად, ოტო ფონ ბისმარკის ცნობილ ფრაზას - “ევროპაზე საუბარი შეცდომაა. ის მხოლოდამხოლოდ გეოგრაფიული ცნებაა” პოლიტიკანო კვლავ ჰეშთეგებით #ძალა ევროპაშია, #ევროპა აზიარებს.
'

'

საინტერესოა, რომ ისტორიის ისეთი ქომაგი, როგორიც პოლიტიკანოა, სტალინისა და რუსეთის დანაშაულებებზე თვალს ხუჭავს. ფეუსბუქ გვერდზე, რომელიც უკვე 4 წელია ფუნქციონირებს, ერთი პოსტიც კი არ გვხვდება საბჭოთა დანაშაულებების შესახებ. პირიქით, რასაც “პოლიტიკანო” ეწევა ეს დიქტატორული რეჟიმების გამართლება და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებაა.

'

'

'

'

“პოლიტიკანოს” შესახებ

Politicano-ს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. პოლიტიკანოს ხელმძღვანელი გიორგი მდივანია.

Politicano-ს ფეისბუკ გვერდის დახურული ჯგუფში 8 ადამიანია გაწევრიანებული (18 ივნისის მონაცემებით, 2018).

'

'

როგორც ფოტოზე ჩანს, პოლიტიკანოს დახურული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი არჩილ სიხარულიძეა, რომლის ვებ-გვერდზე archilsikharulidze.ge 2018 წლის 27 აპრილს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიხარულიძემ “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში”, ლექცია თემაზე "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აშშ-ისა და ევროპის კონტექსტში" წაიკითხა. ღონისძიების ამსახველ ფოტოზე არჩილ სიხარულიძესთან ერთად თამარ კიკნაძეა ასახული, რომელიც 
ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია "ობიექტივის" ხშირი სტუმარია და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.

 

'

თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. ფონდ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, 2018 წლის თებერვალში პრიმაკოვის ცენტრის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძის პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა.

შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ პრიმაკოვის სახელობის ცენტრში არჩილ სიხარულიძემ ლექცია პოლიტოლოგ თამარ კიკნაძესთან ერთად წაიკითხა. 20 ივნისს მასალაში შესაბამისი შესწორება შევიდა. 


მოამზადა სოფო გელავამ