Avropa İttifaqı

Geworld-ი მიცვალებულის მჯდომარედ დაკრძალვისა და ღორის სპერმის შესახებ დადგენილებებში დასავლეთის “მზაკვრულ ხელს” ხედავს

26 İyul, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულმა დადგენილებამ მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ, ცნობამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ღორის სპერმის დარიგებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებამ ცხოველთან მოპყრობასთან დაკავშირებით საზოგადოება იუმორისტულ განწყობებზე დააყენა. თუმცა გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” (Geworld) ამ საკითხს სერიოზულად მიუდგა და ქართული თვითმმართველობების გადაწყვეტილებებში არც მეტი, არც ნაკლები დასავლეთის “მზაკვრული ხელი” დაინახა. 2018 წლის 5 ივლისს გამოქვეყნებულ მასალაში, სათაურით „აბორტგაკეთებული ცხოველები, პრეზერვატივიანი ბუღები, მჯდომარე მდგომარეობაში დამარხული მიცვალებულები...“ ზემოჩამოთვლილი ცვლილებების მიზეზად Geworld-მა ევროსაბჭოს რეკომენდაციები დაასახელა.

ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: „ცოტა ხნის წინათ სწორედ ევროსაბჭოს რეკომენდაციით ზუგდიდის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დამარხვას ითვალისწინებს. ..იმაზე აღარაფერს ვამბობთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ევროსაბჭოს რეკომენდაციით ღორის სპერმა რომ იყიდეს და მოსახლეობაში შპრიცებით დადიოდნენ: ღორის ჯიში უნდა გამოვასწოროთო. საბოლოოდ, სპერმა  დამპალი აღმოჩნდა და პროექტიც ჩავარდა… სწორედ ევროსაბჭოს რეკომენდაციით, წყალტუბოს საკრებულომ ცხოველებთან მოპყრობის დადგენილება მიიღო, რომელიც მიმდინარე წლის 25 მაისით არის დათარიღებული…ცხოველებთან ზოოფილური აქტები, ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქების მოცილება, ბუმბულის მოგლეჯა და “მენტალური ტანჯვა” _ ეს ცხოველებთან მოპყრობის არასრული ჩამონათვალია, რომელიც საკრებულომ დადგენილებით განსაზღვრა. იმავე დადგენილების მიხედვით, იკრძალება პატრონის მიერ ცხოველის მიტოვება, ასევე მისი რეკლამაში, კინოგადაღებასა და ფოტოგრაფიაში გამოყენება… სიმართლე გითხრათ, თავიდან გვეგონა, რომ მუნიციპალიტეტების პირველი პირები  მართლა საკუთარი ინიციატივით იღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რეალურად ეს მართლაც ევროსაბჭოს რეკომენდაციებია”.  
საქართველო და მსოფლიო
5 ივლისი, 2018

ზუგდიდის, ოზურგეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების განმარტებით,  გადაწყვეტილებები მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესის, მეღორეობის განვითარების მიზნით ღორის სპერმის შეძენისა და ცხოველებთან მოპყრობის შესახებ - არ უკავშირდებოდა ევროსაბჭოს რომელიმე რეკომენდაციას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ “მითების დეტექტორისთვის” მიცემული განმარტებით, ცხოველებთან მოპყრობის წესის ცვლილების შესახებ მიღებული დადგენილება, ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან არაა დაკავშირებული, ხოლო ევროსაბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტის ამოქმედებას, რომელიც მეღორეობის განვითარებას უკავშირდება - სამინისტრო  2020 წლამდე არ გეგმავს.

ფაქტი N1: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განმარტებით, “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილების ინიციატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იყო და ევროსაბჭოს რეკომენდაციები მათ არ მიუღიათ.

ფაქტი N2: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზაცია “კავკასიის გენეტიკასა” და ა.(ა)ი.პ. ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი, რომელიც გადაშენების პირას მყოფი მეღორეობის დარგის განვითარებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში, ცენტრი მოსახლეობას “კავკასიის გენეტიკისგან” მოწოდებულ ღორის გაყინულ სპერმას უფასოდ აწვდოდა.

2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა მემორანდუმი „კავკასიის გენეტიკასთან“, რომელიც რძის სექტორის ექსპერტების, სელექციონერებისა და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ ორგანიზაციაა და იგი სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში საქმიანობს. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა პროექტი, რომელიც ინოვაციური  ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მეთოდების გამოყენებით, გადაშენების პირას მყოფი მეღორეობის დარგის განვითარებას ითვალისწინებდა. ა.(ა)ი.პ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრს, სოფლების ლიხაური-ჭანიეთის საზღვარზე გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენდა ფერმა, ხოლო მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალება მიეცათ, ლანდრასისა და იორქშირის ღორის ჯიშები გაემრავლებინათ, რომლებიც ამტანობითა და წონადობით გამოირჩევიან. ცენტრი მოსახლეობას უფასოდ აწვდიდა „კავკასიის გენეტიკის“  მიერ მოწოდებულ გაყინულ სპერმას.  საწყის ეტაპზე პროექტი წარმატებით ხორციელდებოდა, თუმცა მომდევნო ეტაპზე გამრავლება ღორების გამრავლება იმავე წარმატებით ვერ მოხდა.

"

"

"
ფოტო: იორქშირისა და ლანდრასის ჯიშის ღორები. წყარო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ა.(ა)ი.პ. ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის განმარტებით “კავკასიის გენეტიკამ” მათ უხარისხო პროდუქცია მიაწოდა, რის გამოც ცენტრმა უარი განაცხადა მომსახურების საფასურის ნაწილის გადახდაზე. დარჩენილი დავალიანების გადახდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს დაეკისრა.

ფაქტი N3: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი 2018 წლის მაისში მუნიციპალიტეტმა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის რეკომენდაციით მიიღო.  მისი მიზანია თანამედროვე მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. ასევე ცხოველების დაცვა ტანჯვისა და სასტიკი მოპყრობისგან .    

2015 წელის 27 მარტს წყალტუბოს საკრებულომ მიიღო (N27) დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების  (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც გულისხმობდა თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნას.  2018 წლის  5 მაისის დადგენილებაში (N36),  წყალტუბოს საკრებულომ გაითვალისწინა საქართველოს  ცხოველთა დაცვის ფედერაციის წერილობითი რეკომენდაციები უსახლკარო ცხოველთა დროებითი იზოლირების, სტერილიზაცია/კასტრაციის, იდენტიფიკაციისა და მიკედლების ადგილას დაბრუნების შესახებ და განსაზღვრა ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებული ბუნებრივი უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები.

“საქართველოს და მსოფლიოს” მასალაში ჟურნალისტი აკრიტიკებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დადგენილების იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს ცხოველის მენტალური ტანჯვისგან დაცვას, ცხოველის მიტოვებას, მათ კინოგადაღებასა და რეკლამებში მონაწილეობას.  ავტორის თქმით, ევროსაბჭოს და წყალტუბოს საკრებულოს არავინ აუხსნა, რომ ბატებს ბატებს წელიწადში ერთხელ ბუმბულს აგლეჯენ და ბალიშებს კერავენ, ხოლო ცხენს ჩლიქებზე ნალების დასაკრავად ჩლიქის ქვედა მხარეს დანით აჭრიან და ასწორებენ, რათა ნალი სწორად დააჭედონ. ამგვარი მსჯელობა არასწორია, რადგან როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ განმარტა, დადგენილების ამ ნაწილში საუბარია  კომპანიონ ცხოველებზე, ანუ  იმ სახეობებზე, რომელთაც არ  იყენებენ სამეურნეო ფერმერული დანიშნულებით. დადგენილების მე-10 მუხლი ითვალისწინებს ცხოველთა დაცვას სასტიკი მოპყრობისგან და გულისხმობს მათ დაცვას ნებისმიერი ისეთი ღონისძიებისგან, რომლის დროსაც მიადგებათ ტკივილი, შიში, მწუხარება, ტანჯვა.

ფაქტი N4. საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დადგენილება, ცხოველებთან მოპყრობის წესის ცვლილების შესახებ, ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან არაა დაკავშირებული. მეღორეობის განვითარებასთან დაკავშირებით, არსებობს ევროსაბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს დარგის განვითარებას, თუმცა სამინისტრო აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებას 2020 წლამდე არ გეგმავს.