Müxtəlif

რუსი და პრორუსი აქტორები საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტების წინააღმდეგ და TBC-ის საქმე

5 Mart, 2019

ბოლო ორი თვის მანძილზე პრო-რუსმა აქტორებმა საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობის საკითხი კვლავ გააქტიურეს, რაც რამდენიმე საკითხს შეგვიძლია დავუკავშიროთ.

  1. მას შემდეგ, რაც 9 იანვარს პროკურატურმა TBC ბანკის წინააღმდეგ არსებულ გამოძიებაზე საჯაროდ განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში ისედაც დადგა.  ამით პრო-რუსმა აქტორებმა ისარგებლეს და პორტების თემა, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლო დაპირისპირების საგანი, კვლავ წამოწიეს. მაგალითად, 2019 წლის 21 იანვარს  საქინფორმი წერდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც TBC ბანკი და მამუკა ხაზარაძე აშენებენ, შესაძლოა, აშშ-მა თავის სამხედრო ბაზად გამოიყენოს.
  2. ამ თვეებში ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2019 წლის 21 იანვარს ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო გემის შემოსვლა, რასაც რუსეთის სამთავრობო მედიიდან კრიტიკული სტატიები მოჰყვა. თითქმის 1 თვეში, 19 თებერვალს შავ ზღვას იგივე სამხედრო გემი კიდევ ერთხელ მოუახლოვდა, რასაც რუსი სამხედროებისა და კრემლის მედიის აღშფოთება  მოჰყვა. მათი მუქარები და გზავნილები, რომ ამერიკა შავი ზღვის რეგიონში სიტუაციას ამწვავებს, რაც რუსეთისთვის მიუღებელია, კრემლის ქართულენოვან სატელიტ მედიებშიც ( საქინფორმი,  ობიექტივი) აისახა.
  3. ამ გზავნილების ხელახალ ტალღას ასევე უკავშირდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის 2019 წლის 28 თებერვლის  მუქარა საქართველოს მისამართით, რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან NATO-ში გაწევრიანების შესახებ გზავნილები გაიზარდა, რაც მომავალში პრობლემებს გამოიწვევს.

გრიგორი კარასინი: “ისინი საუბრობენ NATO-ში დაჩქარებით გაწევრიანებაზე, ე.წ. “რუსულ საფრთხეზე ევროპული დემოკრატიის მიმართ” და ა.შ… გასაგებია, რომ თუ სახმრეთ კავკასიაში NATO-ს სამხედრო აქტივობა გაიზრდება, ადრე თუ გვიან, ეს პრობლემებს გამოიწვევს. ჩვენ გვახსოვს, თუ საიდან დაიწყო უკრაინის პრობლემები. ამ შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა”.

კარასინის მუქარის საპასუხოდ პრო-რუსული პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 3 მარტს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რუსეთისთვის მიუღებელი იქნება, რადგანაც პორტს ამერიკული წყალქვეშა ნავების შემოსვლის ინფრასტრუქტურა ექნება.

ვინ და რითი გვაშინებს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების პროექტების გამო?

ბოლო 2 თვეში ყველაზე ხშირად ფოთისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტების საკითხს პრო-რუსული გამოცემა “საქინფორმი”  და მისი მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი შეეხო. ეს თემა რამდენჯერმე გახმოვანდა “ობიექტივის” ეთერშიც და გადაცემის წამყვანის, ნინო რატიშვილის გარდა, ღრმაწყლოვანი პორტები, როგორც აშშ-ის პროექტი და საფრთხე გადაცემის სტუმრებმა მამუკა არეშიძემ, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა და “გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა გააჟღერეს.

ანაკლიისა და ფოთის ღრმაწყლოვანი პორტების წინააღმდეგ შემდეგი გზავნილები ვრცელდებოდა:

 

  • რუსეთისთვის ანაკლისაა და ფოთის პორტები მიუღებელია და მათ მშენებლობას რუსეთი არ დაუშვებს

ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო, 28 თებერვალი: „არა მგონია, რომ რუსეთმა ეს მოითხოვოს. შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ ანაკლიის პორტი არ იქნეს გამოყენებული არა შავი ზღვის სახელმწიფოების წყალქვეშა ნავების და სამხედრო ხომალდების მიერ. ეს სრულიად სამართლიანი და ლოგიკური მოთხოვნა იქნება მათი მხრიდან.

ნინო ბურჯანაძე: “ძალიან ღრმა ფსკერი აქვს ანაკლიასთან ზღვას და ეს აძლევს საშუალებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენების შემთხვევაში, წყალქვეშა ნავების შემოსვლისასაც ამ პორტში. ბუნებრივია, თუ რუსეთს აქვს ეჭვი, რომ ეს პორტი შესაძლოა, გამოყენებული იქნას ნატო-ს სახელმწიფოების ან ამერიკის წყალქვეშა გემებიასთვის, ეს რუსეთისათვის იქნება სრულიად მიუღებელი და ამას რუსეთი არ დაუშვებს”.

ასავალ-დასავალი, 4-10 მარტი
ლადო სადღობელაშვილი:
„ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს ნატო-ში შესვლის ტოლფასი იქნება. მოსკოვი ამას არ დაუშვებს.“

ნინო რატიშვილი, ობიექტივი, 26 თებერვალი: “ნატო - საფრთხე თუ უსაფრთხოება და ანაკლია - საფრთხე თუ უსაფრთხოება, მაინტერესებს?”

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი, 20 თებერვალი: “რა შეიძლება მოჰყვეს ამერიკული წყალქვეშა ნავებისა და ავიამზიდების ბაზირებას ფოთსა და ანაკლიაში - აფხაზეთსა და ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „ცხვირწინ“, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ”...

ნანა დევდარიანი, “გლობალური კვლევების ცენტრი”, 26 თებერვალი: "იმისათვის რომ NATO-მ ანაკლიის პორტი გამოიყენოს, ჯერ უნდა მოაღწიოს ანაკლიამდე და ან მოაღწევინებენ ან არა, ამ მდგომარეობაში, რაც ახლა არის. ღმერთმა არ ქნას, რომ ასეთი ღია დაპირისპირება მოხდეს შავ ზღვაში. ანაკლია იქნება თუ არ იქნება აშენებული, თუ მწყობრში შესული, კარგად მოგხვდება კინკრიხოში."

  • ანაკლიისა და ფოთის პორტები რეალურად ამერიკისა და ნატოს ბაზებისთვის არის განკუთვნილი

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი, 19 თებერვალი: “შავი ზღვის უსაფრთხოება: რისთვის სჭირდება საქართველოს სამი ღრმაწყლოვანი პორტი, თუ არა აშშ-ის და ნატოს სამხედრო ფლოტისათვის?

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი, 21 იანვარი:  "როგორც ცნობილია, კვირიკაშვილმა ხაზარაძის „TBC Bank”-ი ქართულ-ამერიკულ კონსორციუმში შეიყვანა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, რომელიც დასრულების შემდეგ, შესაძლოა, საზღვაო გადაზიდვების რეგიონული ჰაბი გახდეს, ყველაზე ძვირადღირებული ბიზნესობიექტი საქართველოში და აგრეთვე, შესაძლოა, აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ბაზად გამოიყენოს, მათ შორის - წყალქვეშა ნავებისთვის".

  • ღრმაწყლოვანი პორტები ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს არ სჭირდება,  მას მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს

მამუკა არეშიძე, ექსპერტი, 26 თებერვალი, ობიექტივი: “ანაკლიის პორტში … სამხედრო პოლიტიკური შემადგენელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური. ბევრი რამ არის ბურუსით მოცული. ჯერ ერთი ორი ამხელა პორტი პატარა საქართველოს რაში სჭირდება?!... ღრმაწყლოვან პორტად გადაკეთება ფოთის [პორტის] ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.”

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი, 19 თებერვალი: “იქნება თუ არა საქართველოში მთლიანობაში შავი ზღვის სამი ღრმაწყლოვანი პორტი ერთმანეთისაგან ორიოდე ათეული კილომეტრის დაშორებით? და ყველაზე მთავარი - საკმარისი იქნება თუ არა მოზიდული ტვირთები ერთი და ორი კი არა, სამი ღრმაწყლოვანი პორტის მომგებიანი მუშაობისთვის? მკაფიო პასუხი ამ შეკითხვაზე დღემდე არ არის".

რეალური ფაქტები ანაკლიის და ფოთის ღრმაწყლოვანი პორტების შესახებ:

  • ანაკლიასა და ფოთში ღრმაწყლოვანი პორტების აშენება მიზნად ისახავს  ტვირთბრუნვის ზრდას და ორივე მათგანი ეკონომიკურ პროექტებს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტები კომერციული ხასიათისააა და არც ერთი მათგანი სამხედრო პროექტებს არ წარმაოდგენს. მათ ლოგისტიკითა და ტვირთების გადაზიდვის პროფილის კომპანიები ახორციელებენ.
  • ღრმაწყლოვან პორტებს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროპისა და აზიის კონტინეტს აკავშირებს და ქვეყანას საკუთარი სატრანსპორტო, ფინანსური, სამრეწველო და ტურისტული პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, საქართველო ერთადერთი ქვეყნაა შავ-ზღვაში, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას დღეს მნიშვნელოვნად აფერხებს.
  • საქართველოში ნატოსა და აშშ-ს სახედრო ფლოტი განლაგებისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. აშშ-ს სამხედრო ფლოტისათვის განკუთვნილი ბაზა სხვადასხვა ტექნკურ კრიტერიუმებს უნდა აკმატოფილბდეს და აშშ-ს ფლოტისათვის ბაზის აშენებას სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულება უნდა ედოს საფუძვლად, რაც საქართველოს შემთხვავაში არ არსებობს. მეტიც, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს სამხედრო ბაზები ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე არ გააჩნია.

მოამზადეს სოფო გელავამ და ანა ჩიტალაძემ