Müxtəlif

ობიექტივის დეზინფორმაცია, თითქოს 2008 წელს დასავლეთმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა

21 Mart, 2019

2018 წლის 11 მარტს ობიექტივის ეთერში, გადაცემაში „ღამის სტუდია“, წამყვანმა ნინო რატიშვილმა განცხადა, რომ 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა და  დასავლეთი არ დაინტერესებულა იმით, რომ ამომრჩეველის აზრის უგულვებელყოფა მოხდა.

ნინო რატიშვილი, ობიექტივი: „ეკითხებიან კი მოსახლეობას, როცა დასავლეთი დაინტერესებულია? მე მახსოვს, მიხეილ სააკაშვილს არ გაუმარჯვია საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ დასავლეთმა აღიარა... მახსოვს, როგორ გაგვიყალბა არჩევნები დასავლეთმა.”  

შეფასება, თითქოს 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთმა გააყალბა და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად საკუთარი ინტერესების შესაბამისად აღიარა, სიმართლეს არ ეფუძნება და მიზნად ისახავს იმ გზავნილის გამყარებას, რომლის თანახმადაც, დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და დასავლური დემოკრატია პირობითია. საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ამ არჩევნების შესახებ არაერთი დარღვევა და რეკომენდაციაა ასახული.

2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილს ხმების 53.47% მიიღო. ადგილობრივი და საერთაშორის ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში საუბარია იმ დარღვევებზე, რომელიც საარჩევნო პროცესს თან ახლდა.

ეუთო

ეუთომ დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის, ისე საარჩევნო თუ ხმების დათვლის პროცესში გამოავლინა. კამპანიის ჩატარების პირობები შეფასდება, როგორც “არათანაბარ პირობებში წარმართული”:

ეუთო: “ბევრ საუბნო საარჩევნო კომისიას შეექმნა პრობლემა შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსებასთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას ხშირად არ გამოიკვრებოდა. არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დაკმვირვებლები ასახელებდნენ შემთხვევებს, როდესაც ხდებოდა საარჩევნო სიების, შედეგებისა და ოქმების შეცვლა. შეჯამების პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიის დონეზე ნელი და ხშირად ქაოსური იყო.”

ეუთოს ანგარიშში ასევე აღინიშნა დაძაბულობა, რომელიც შეინიშნებოდა საარჩებნო უბნებზე და უბნების მიმდებარე ტერიოტორიებზე. ასევე, არასათანადოდ მოწმდებოდა მარკირება ამომრჩევლებზე.  ეუთოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ამომრჩეველს საერთოდ არ ამოწმებდნენ უბანზე.

ეუთოს ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ მიუხედავად დარღვევების დიდი რაოდენობისა, საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოში “გაცილებით მცირე რაოდენობის საჩივარი შევიდა”, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებისა და სასამართლოსადმი ნდობის არარსებობით განმარტეს. ასევე, OSCE/ODIHR-ის სასამკვირვებლო მისიას განუცხადეს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დარღვევების შესახებ განცხადების გაკეთებას მოქალაქეები უფრთხოდნენ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ დასკვნით ანგარიშში აღნიშნა რომ:

  • „საარჩევნო კამპანია ფართოდ გავრცელებულმა დაშინებისა და ზეწოლის პრეტენზიებმა გადაწონა, რაც ასევე საჯარო მოხელეებსა და აქტივისტებზეც ვრცელდებოდა.“
  • „სხვა ასპექტები, განსაკუთრებით კი ხმების დათვლა და შეჯამება, ასევე არჩევნების შემდგომ შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცესი, სერიოზულ საფრთეს უქმნიდა ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ზოგიერთი ვალდებულების შესრულებას.“
  • „ხელისუფლების მიერ სოციალური ვაუჩერების დარიგება ბატონი მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას ემთხვეოდა, რაც არათანაბარი საარჩევნო გარემოს არსებობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევდა. საკამათო საკითხი სახელმწიფო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაამწვავა იმ ნორმის არარსებობამ, რომელიც კანდიდატებს ავალდებულებს არჩევნებამდე წარადგინონ ანგარიში კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით.“

Congressional Research Service

ანგარიშის ნაწილში, სადაც საუბარია წინასაარჩევნო პერიოდზე, მითითებულია, რომ საარჩევნო კამპანია უფრო ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, ვიდრე ამომრჩევლებისთვის დაპირებების გაზიარებით.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა შეშფოთება აღნიშნული საარჩევნო პროცესში დარღვევების, კერძოდ კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ხმის დათვლის პროცესის არაეფექტურობის გამო.

CRS: “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა შეშფოთება დაფიქსირებული საარჩევნო დარღვევების შესახებ და მოუწოდა, რომ დარღვევები საფუძვლიანად გამოძიებულიყო. საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა შესაბანისად სიფრთხილე გამოიჩინა, როდესაც 10 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ არჩევნების "ოფიციალური პოლიტიკური შეფასება" ჯერ არ ჰქონდა, ამგვარად მას არჩევნებში გამარჯვებულისთვის არ მიულოცია. მხოლოდ ცენტრალური კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სატელეფონო ზარით მიულოცა მიხეილ სააკაშვილს."

International Republican Institute

IRI-ს ანგარიშშიც არის დაფიქსირებული დარღვევები საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცესში, არჩევნების დღეს ამომრჩევლების მარკირებისა და შემდგომ ხმების დათვლის დროს. ორგანიზაცია 7 დარღვევას გამოჰყოფს:

  1. ბიულეტენებთან დაკავშირებული პრობლემები: IRI-ს დასკვნის თანახმად, ფიქსირდებოდა უბნებზე საარჩევნო დღეს რეგისტრირებული ამომრჩევლებისთვის დიდი რაოდენობის ბიულეტენები. IRI-ის შეფასებით, არ იყო მკაფიო ის პროცესი, რომელთა მიხედვითაც არჩევნების დღეს დამატებითი ბიულეტენები გამოიყენებოდა.
  2. ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები: IRI-ს თქმით, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემა სახელებისა და გავრების განზრახ განმეორება იყო. მოქალაქეები სიებიდან გაურკვეველი მიზეზებით ქრებოდნენ ან პირიქით, სიებში ემატებოდნენ.
  3. არაორგანიზებულობა: IRI-ს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არაორგანიზებულობამ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს შეუწყო ხელი, რაც თავის მხრივ, საარჩევნო კოდექსში არსებულ ხარვეზებს ეფუძნებოდა.
  4. არაპროფესიონალიზმი: IRI-იმ საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი პროფესიონალიზმი გამოავლინა როგორც არჩევნების დღეს, ასევე ზოგადად საარჩევნო პერიოდში. როგორც IRI აღნიშნავს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის სხვა წევრებმა წესებისა და რეგულაციების ცოდნის ნაკლებობა გამოამჟღავნეს.
  5. მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: IRI-მ მარკირებასთან დაკავშირებით ორი პრობლემა გამოავლინა: 1. მარკირების სითხე ადვილად გადადიოდა მეორე პირზე, შეხების შემთხვევაში, ასევე იყო ჩამობანის შესაძლებლობა. 2. კომისიის წევრები მარკირებას სათანადოდ არ ამოწმებდნენ.
  6. ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებული პრობლემები: IRI-ი აღნიშნავს, რომ საუბნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა, საარჩევნო უბნებზე ვიდეო კამერების გამოყენების მიზნების შესახებ.
  7. უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ: IRI-ის თქმით, მოქალაქეთა ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საპრეზიდენტო არჩევნის პროცესში, არც პოლიტიკურ ოპოზიციას და არც რიგით მოქალაქეებს სასამართლოების მიმართ, რომ ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, აპოლიტიკურად გამოიტანდნენ, ნდობა არ ჰქონდათ.

მოამზადა ნანო სარალიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია