Müdafiə/təhlükəsizlik

სპუტნიკის 2 მითი პოლონეთის შეიარაღებასა და NATO-ში მის სტატუსზე

28 May, 2019

2019 წლის 23 მაისს სპუტნიკ-საქართველოს რუსულენოვან საიტზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით “საქართველო: მშვიდობით საბჭოთა შეიარაღება.” სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოს მიერ გამოთქმულ სურვილი ჩაანაცვლოს საბჭოთა სამხედრო ტექნიკა დასავლური შეიარაღებით არარეალურია და ამას NATO-ს წევრი პოლონეთიც ვერ ახერხებს. ავტორის თქმით, პოლონეთი ალიანსში “მეორე კლასის ქვეყნის” სტატუსით სარგებლობს.

სპუტნიკი: “ვარშავამ ნატოში ყოფნის 20 წლის განმავლობაში ვერ შეძლო უარი ეთქვა საბჭოთა პერიოდის შეიარაღებაზე. ეს ქვეყანა არის 9 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო ბიუჯეტით და აქვს უზარმაზარი რაოდენობის საბჭოთა წარმოების ძველი თვითმფრინავები, შვეულმფრენები, საარტილერიო დანადგარები, ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. ამავდროულად პოლონეთი ამ დრომდე შეშფოთებულია ალიანსში “მეორე კლასის ქვეყნის” სტატუსით.”

სპუტნიკ-საქართველოს სტატია დეზინფორმაციულია, რადგან რეალურად პოლონეთი დიდი ხანია ცდილობს საბჭოთა სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლებას და მოდერნიზებას. პოლონეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და სამხედრო თვალსაზრისით დასავლურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობს სხვადასხვა ფორმატებში. “მეორე კლასის” ნატოს წევრი არ არსებობს.

ფაქტი N1: პოლონეთი საბჭოთა შეიარაღებას ანაცვლებს

2019 წლის 28 თებერვალს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა ხელი მოაწერა სამხედრო მოდერნიზაციის გეგმას, რომლის მიხედვითაც პოლონეთი 185 მილიარდ ზლოტს ($49 მილიარდი) ახალ შეიარაღებაზე 2026 წლამდე დახარჯავს. პრიორიტეტულია 32 მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლის შეძენა, რაც მიზნად ისახავს საბჭოთა ეპოქის სუ-22-ებისა და მიგ-29-ების ჩანაცვლებას. გარდა ამისა, ეს გეგმა მოიცავს კიბერ უსაფრთხოების განვითარებას და ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების, წყალქვეშა ნავებისა და შვეულმფრენების შეძენას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-დან მეხუთე თაობის გამანადგურებლების, F-35-ების შეძენა. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების ეს ულტრათანამედროვე გამანადგურებლები 5 მოკავშირე სახელმწიფოს: პოლონეთს, რუმინეთს, საბერძნეთს, ესპანეთსა და სინგაპურს გადაეცემა. 2019 წლის 17 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ კმაყოფილება გამოხატა ამ შესყიდვის გამო და სააღდგომო შეხვედრისას ჯარისკაცებთან განაცხადა, რომ პოლონეთს მალე ეყოლება “დღესდღეისობით საუკეთესო თვითმფრინავი მსოფლიოში.” პოლონეთს F-35-ების შეძენა დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 2008 წლიდან სურდა. თუმცა იმ პერიოდში ეს გამანადგურებელი ბევრად უფრო ძვირი ღირდა, მაგრამ დღეს ფასი ბევრად ნაკლებია. მაგალითად ბელგიამ F-35-ის ერთი ერთეული 89 მილიონ დოლარად შეიძინა.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, დასავლურმა სახელმწიფოებმა კარგად დაინახეს ამ ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ჰიბრიდული ომისას. ამის შემდეგ პოლონეთმა სამხედრო რეფორმა დაიწყო საკუთარი თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად. 2015 წელს მათ შეიძინეს 105 გერმანული ტანკი - Leopard 2A5, ასევე დაიწყეს გერმანული Leopard 2A4-ების მოდერნიზება. პოლონეთმა დაიწყო საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი კომპონენტის, Mi-24-ის ტიპის შვეულმფრენების მოდერნიზება, ახალი სენსორებით და მართვადი რაკეტებით აღჭურვა.

ფაქტი N2: “მეორე კლასის” ნატოს წევრი არ არსებობს

ნატო კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა, რომელიც ვაშინგტონის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე, არის თავდასხმა ყველაზე. რაც მთავარია, ნატოში გადაწყვეტილებებს წევრი სახელმწიფოები ერთად იღებენ. კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების სისტემა ალიანსის შექმნიდან მოდის. ეს ნიშნავს, რომ კონსულტაციები გრძელდება იქამდე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა წევრი სახელმწიფო არ დათანხმდება. კონსულტაციების პროცესის ფასილიტაცია ნატოს გენერალური მდივნის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა.

კარგი მაგალითია 2003 წელს აშშ-ს ინტერვენცია ერაყში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოს მიმართა თურქეთის დასაცავად გეგმის შექმნაზე სადამ ჰუსეინის მიერ ამ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში - ბელგიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა ამ მოთხოვნას ვეტო დაადეს.


მოამზადა გიორგი ლოლაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია