Siyasət

დეზინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტმა მხარი მადუროს დაუჭირა

20 İyun, 2019

2019 წლის 13 ივნისს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში, გადაცემაში ,,დღის ბოლოს” გია არეშიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა ვენესუელის დიქტატორ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს, დაუჭირა მხარი.

 

გია არეშიძე: [ევროპაში] იქ ვიცით, რომ სოციალისტური მთავრობებია და საერთოდ, მადუროს დაუჭირა მხარი ევროპარლამენტმა ხო? აშკარა დიქტატორს და თავისი ხალხის გამაუბედურებელ კაცს, რაზეა ლაპარაკი!... [ევროპელი] სოციალისტები მხარს უჭერენ სამხრეთ-ამერიკელ დიქტატორს.

გია არეშიძის მტკიცება, თითქოს ევროპარლამეტი მხარს უჭერს ნიკოლას მადუროს, დეზინფორმაციაა. ევროპარლამენტარების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარა.

  • მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი მხარს ხუან გუაიდოს უჭერს

ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 31 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 429 ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ხუან გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენტად აღიარებას, 104 არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, 88 მათგანმა კი ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა.

"

ევროკავშირმა  რეზოლუციის მიღებამდე ერთი კვირით ადრე, 2019 წლის 23 იანვარს, განაცხადა, რომ ვენესუელის მოქალაქეების მოთხოვნები არ შეიძლება დარჩეს უყურადღებოდ და მოუწოდა მადუროს ახალი თავისუფალი არჩევნების თარიღის დანიშნვნისკენ.   აღნიშნულ პოზიციას მხარი დაუჭირა ფედერიკა მოგერინიმ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა, ევროპარლამენტარებმა ხმათა უმრავლესობით ცნეს. ამასთანავე, ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას, აღიაროს გუაიდო ვენესუელის ერთადერთ ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად, ქვეყანაში ახალი თავისუფალი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების   ჩატარებამდე.

აღსანიშნავია, რომ იმ პარლამენტარების უმეტესი ნაწილი, ვინც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა წარმოადგენენ Greens–European Free Alliance, European United Left–Nordic Green Left და Europe of Nations and Freedom პარტიათა წევრებს. მათგან European United Left–Nordic Green Left სოციალისტური და კომუნისტური იდეოლოგიისს მატარებელი ჯგუფებისგან შედგება, ხოლო Europe of Nations and Freedom პარტია კი იმ დროისათვის ევროსკეპტიკოსი და ულტრამემარჯვენე პარლამენტარებისგან იყო დაკომპლექტებული, მათ შორის უმრავლესობას მარინ ლე პენის პარტიის Rassemblement national-ის წევრები იკავებდნენ, ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნების შედეგად აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი პარტია Identity and Democracy-ის მიერ ჩანაცვლდა.


მოამზადა კესო ჭუმბურიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია