სარედაქციო კოდექსი

IFCN-ის სარედაქციო კოდექსი

მითების დეტექტორი სრულიად იზიარებს პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (International Fact-Checking Network, IFCN) მიერ შეთანხმებულ და დადგენილ პრინციპებს, რომლის ხელმომწერიც ის 2019 წლის ნოემბრიდანაა. 

თუ თვლით, რომ მითების დეტექტორი არღვევს IFCN-ის კოდექსის პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. IFCN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მას შეუძლია პროექტს შეუჩეროს ან გაუუქმოს ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy

ხელმომწერ ორგანიზაციათა მიერ აღებული ვალდებულებები მოიცავს:

   1. მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის ვალდებულება

ხელმომწერი ორგანიზაციები განცხადებების ფაქტობრივი სიზუსტის დადგენისას ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ერთიანი სტანდარტით ხელმძღვანელობენ და განსაკუთრებულ აქცენტს ერთ რომელიმე მხარეზე არ აკეთებენ. ნებისმიერი ფაქტის შემოწმება ერთი და იგივე პროცესით ხორციელდება და დასკვნაც არსებულ არგუმენტებზე დაყრდნობით გამომდინარეობს. ხელმომწერები უარს ამბობენ შესამოწმებელი საკითხების ლობირებაზე და მათ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით არ განიხილავენ.

   2. წყაროების გამჭვირვალობის ვალდებულება

ხელმომწერები დაინტერესებულები არიან, რომ მკითხველებმა დამოუკიდებლად შეძლონ წარმოდგენილი დასკვნების გადამოწმება. შესაბამისად, ხელმომწერები სათანადოდ, დეტალურად მიუთითებენ ყველა წყაროს და ამით მკითხველებს აძლევენ უკვე გაწეული სამუშაოს ხელახლა ჩატარების შესაძლებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას წყაროს უსაფრთხოებას. ასეთ შემთხვევაში, ხელმომწერები ცდილობენ საკითხის დეტალიზაციას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

   3. დაფინანსებისა და ორგანიზაციის გამჭვირვალობის ვალდებულება

ხელმომწერი ორგანიზაციები გამჭვირვალეები არიან დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით. სხვა ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღების შემთხვევაში, ხელმომწერები გამორიცხავენ დონორთა ზეგავლენას ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის პროცესში წარმოდგენილ დასკვნებზე. ხელმომწერ ორგანიზაციებს დეტალურად გამოაქვთ ინფორმაცია ყველა წამყვანი თანამშრომლის პროფესიული გამოცდილების შესახებ, ასევე განმარტავენ ორგანიზაციის სტრუქტურასა და სამართლებრივ სტატუსს. ხელმომწერები მკითხველებს მკაფიოდ მიუთითებენ მათთან კომუნიკაციის შესაძლო საშუალებებზე.

   4. მეთოდოლოგიის გამჭვირვალობის ვალდებულება

ხელმომწერები განმარტავენ გადასამოწმებელი ფაქტების შერჩევის, წერის, რედაქტირების, გამოქვეყნებისა და შესწორების შეტანის დროს გამოყენებულ მეთოდოლოგიას. ხელმომწერები ცდილობენ მკითხველის წახალისებას გადასამოწმებელი ფაქტების გამოსაგზავნად და ინარჩუნებენ გამჭვირვალობას იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ ახორციელებენ ფაქტის გადამოწმებას.

   5. ღია და კეთილსინდისიერი შესწორების პოლიტიკის ვალდებულება

ხელმომწერები აქვეყნებენ კვლევებში შესწორების შეტანის კრიტერიუმებს და მათ ზედმიწევნით იცავენ. ხელმომწერები კვლევებს მკაფიოდ და გამჭვირვალედ, შესწორების კრიტერიუმების შესაბამისად ამოწმებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მკითხველებმა შესწორებული ვერსია იხილონ.


“მითების დეტექტორის” ქცევის კოდექსი

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ფაქტების გადამოწმების პორტალის “მითების დეტექტორის” სარედაქცო კოლეგია, მკვლევარები და კონტრიბუტორები მედია მონიტორინგის, სავარაუდო ყალბი ინფორმაციის გამოვლენისა და ინფორმაციის გადამოწმების პროცესში შემდეგი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ:  

        1. სიზუსტე

გამოვაქვეყნოთ ზუსტი და უტყუარი ფაქტები, დავეყრდნოთ სანდო წყაროებს და სრულფასოვნად გადავამოწმოთ შეცდომაში შემყვანი ან განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია. 

წყაროს მიერ ფაქტების შერჩევითად და მანიპულაციურად გადმოცემის შემთხვევაში, განვმარტოთ კონტექსტი, რათა თავიდან ავიცილოთ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა.

       2. მიუკერძოებლობა

ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და აპოლიტიკურად მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობთ. ყველა ფაქტის გადამოწმების პროცესში იდენტური სტანდარტით და პროცედურით ვიხელმძღვანელოთ, რათა გამოვრიცხოთ შერჩევითი მიდგომა. ჩვენი თანამშრომელი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი ან საჯაროდ უჭერდეს მხარს რომელიმე კანდიდატს საარჩევნო პროცეში.

      3. წყაროების გამჭვირვალობა

მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ აუდიტორიას წყაროების შესახებ, რათა გადამოწმების შესაძლებლობა სხვებსაც მიეცეს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როცა წყაროს გამჟღავნება მას საფრთხეს უქმნის ან წყარო ინფორმაციის მოწოდებაზე მხოლოდ კონფიდენციალობის პირობით თანხმდება.

       4. მეთოდოლოგიის გამჭვირვალობა

განუმარტოთ აუდიტორიას მეთოდოლოგია, რომელიც ფაქტების გადამოწმების პროცესში გამოიყენება, ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება შეცდომების შესწორება და რედაქციასთან უკუკავშირი.

       5. შესწორება

დაუყოვნებლივ შევასწოროთ შეცდომა, როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდება ასეთის შესახებ. განვაახლოთ ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დეზინფორმაციის ან მანიპულაციური შინაარსის წყარომ თავდაპირველი ვერსია შეასწორა ან წაშალა. განვიხილოთ მკითხველის საჩივრები “მითების დეტექტორის” ქცევის კოდექსის საფუძველზე.

       6. დისკრიმინაციის დაუშვებლობა

არ დავუშვათ ადამიანთა დისკრიმინაცია მათი რასის, კანის ფერის, რელიგიის, ეთნიკური და ეროვნული კუთვნილების, გენდერული იდენტობის, სოციალური წარმომავლობის თუ სხვა ნიშნის გამო.

        7. ორგანიზაციისა და დაფინანსების გამჭვირვალობა

ინფორმაცია ორგანიზაციის, მისი სტრუქტურის, თანამშრომლებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია მედიის განვითარების ფონდისა და “მითების დეტექტორის” ვებ-გვერდებზე. დაფინანსება გავლენას ვერ ახდენს სარედაქციო გადაწყვეტილებებზე და კვლევის შინაარსზე, რაც ქცევის კოდექსის პრინციპების და ფაქტების გადამოწმების მეთოდოლგიის საფუძველზე მიიღება.