Təhsil

მითი, რომ სამოქალაქო განათლება ეროვნულ იდენტობას და თვითმყოფადობას საფრთხეს უქმნის, უსაფუძვლოა

5 Oktyabr, 2015

თამარ გურჩიანი

რა არის სამოქალაქო განათლება?

სამოქალაქო განათლება საგანია, რომელიც ჩვენს სკოლებში უკვე დიდი ხანია ისწავლება და მისი მიზანი არა მხოლოდ ის არის, რომ მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყონ სახელმწიფოს მოწყობის, კონსტიტუციური სისტემის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, არამედ ეს საგანი ხელს უწყობს მათ, თავად გახდნენ აქტიური მოქალაქეები. აქტიური მოქალაქეობა არის ადამიანის ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებაში და მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებებისა და კანონის პატივისცემის გზით და ძალადობის გარეშე.

ზოგადად, გაბატონებული მოსაზრების საპირისპიროდ, განათლება არ არის პრივილეგია. განათლება ადამიანის უფლებაა, აღიჭურვოს შესაბამისი კომპეტენციებითა და უნარ-ჩვევებით, რათა შეძლოს, სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. ამიტომ, სამოქალაქო განათლების სწავლება და შესაბამისად, ბავშვის მოქალაქედ აღზრდა სახელმწიფოს ვალდებულებაცაა. საქართველოში, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მხოლოდ საჯარო სკოლებს აქვთ შესაძლებლობა ქვეყანაში მცხოვრებ თითქმის ყველა ბავშვს თანაბრად მიაწოდონ ცოდნა და ასწავლონ კრიტიკული აზროვნება.

სამოქალაქო განათლება მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის

კრიტიკული აზროვნების სწავლების საკითხი მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში. კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები არ არის, იგი ამ ინფორმაციას აანალიზებს და დასკვნები თავად გამოაქვს. კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლე უკამათო ჭეშმარიტებებად კი არ მიიჩნევს იმას, რასაც ეუბნებიან, არამედ კითხვებს სვამს, შეფასებას აკეთებს და აღმოაჩენს შეცდომებს. თუ მოსწავლეს არ შეეძლება ცხადი და რაციონალური ფიქრი და ანალიზი, ის ვერასდროს აღმოაჩენს საზოგადოებრივ პრობლემებს, არასდროს გაუჩნდება სამოქალაქო წუხილი არაფერზე, ვერ გადალახავს ცრურწმენებს და ვერ შეიტანს წვლილს უსაფრთხო სივრცის ჩამოყალიბებაში, სადაც მშვიდად იცხოვრებს და სხვებსაც, მიუხედავად განსხვავებებისა, მისცემს საშუალებას მშვიდად იცხოვრონ.

განათლება თუ ინდოქტრინაცია?

როგორც ვთქვით, სკოლა მოსწავლეს მოქალაქედ უნდა აქცევდეს. მოქალაქეობა კი ერთ აზრზე მყოფ უსახო კოლექტივს კი არ გულისხმობს, არამედ ინდივიდუალური თავისუფლების და პასუხისმგებლობის მქონე ავტონომიურ პიროვნებებს და მრავალფეროვნებას. ადამიანები, რომლებიც დღეს სამოქალაქო განათლების ადგილს ვერ ხედავენ სასკოლო პროგრამებში სკოლისგან არა განათლებას, არამედ ინდოქტრინაციას მოითხოვენ. რა არის ინდოქტრინაცია? ეს არის პოლიტიკა, როცა მოსწავლეს ასწავლი სრულად მიიღოს ერთი ჯგუფის იდეები, მოსაზრებები და მრწამსი და არ მიიღოს მხედველობაში სხვა ჯგუფის იდეები, მოსაზრებები და მრწამსი. ინდოქტრინაცია ნიშნავს ამ იდეების უპირობო მიღებას, ყოველგვარი კრიტიკის და კითხვის დასმის გარეშე. მე ვფიქრობ, დროა, ყველამ გაიაზროს, რომ საბჭოთა სკოლების და ტვინის რეცხვის დრო დიდი ხანია წავიდა, თანამედროვე განათლება ნიშნავს მოსწავლეთათვის ყველა იდეის, მოსაზრების და მრწამსის გაცნობას და არჩევანის დატოვებას, თავად განსაჯონ, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, თავად შეასრულონ საკუთარი ინტელექტუალური სამუშაო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სკოლამ ბავშვებს უნდა ასწავლოს არა ის, თუ რა იფიქრონ, არამედ როგორიფიქრონ.

რა არის სკოლის სამოქალაქო მისია?

ბევრი ფიქრობს, რომ სკოლამ კონკურენტუნარიანი მოსწავლეები უნდა აღზარდოს, რომლებიც შემდგომში, საკუთარი უნარ-ჩვევებით შრომით ბაზარზე დამოუკიდებლად შეძლებენ თავის დამკვიდრებას. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ სკოლას თავისი სამოქალაქო მისიაც აქვს. ელინორ რუზველტი ამბობდა, რომ თუ ისეთ პატარა ადგილებში, როგორებიცაა სკოლა, ოჯახი, ქუჩა, ადამიანის უფლებებს მნიშვნელობა არ ექნებათ, მათ არანაირი მნიშვნელობა არ ექნებათ არც სხვაგან, უფრო დიდ ადგილებში. ამიტომ, უდავოა, რომ ოჯახთან ერთად, პირველ რიგში, სწორედ სკოლამ უნდა ასწავლოს ადამიანს კანონის, ადამიანთა თანასწორობის, ღირსების, ინდივიდუალური თავისუფლების და ავტონომიის პატივისცემა.

საქართველოში, სკოლების სამოქალაქო მისიას შესანიშნავად გამოხატავს 2004 წლიდან განსაზღვრული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. დოკუმენტის მიხედვით: "საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.”

მართალია, ტრადიციების ერთგულებას ყველაზე მნიშვნელოვან და სათუთ ეროვნულ თვისებად მივიჩნევთ, მაგრამ სასიკეთო რეფორმების, მაგალითად განათლების რეფორმის, როგორც გარკვეული მემკვიდრეობის და გამოცდილების (გამოცდილება შეცდომებსაც გულისხმობს, რა თქმა უნდა) აღიარება და დაფასება სკეპტიკოსებს მაინც არ შეუძლიათ.

სამოქალაქო განათლების კრიტიკა

სამოქალაქო განათლებას სკეპტიკოსები ყოველთვის და ყველგან ჰყავს. თუმცა, საქართველოში წინააღმდეგობას ასეთი აბსურდული არგუმენტები უმაგრებს ზურგს:

"როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი, რის გამოც საზოგადოების ყურადღება მოდუნებულია, საქართველოს განათლების მინისტრმა და მის უკან მდგომმა არასამთავრობოთა ქსელმა, რომელიც უხვად ფინანსდება ლიბერალური ინტერნაციონალის დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტებით, განათლების სიტემაში ეროვნული ცნობიერების დამანგრეველი საგნის დანერგვისთვის ხელსაყრელად მიიჩნიეს.”

"ახალი საგნის (მე და საზოგადოება) სწავლების დაწყება დაგეგმილია 3-4 კლასიდან და წარმოადგენს ე.წ. ახალი აზროვნების ნიმუშს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტულობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს.”

"აღნიშნული სახელმძღვანელოს დანერგვა გამოიწვევს მოზარდი თაობის ფსიქიკის შეუქცევად დეფორმაციას, ანუ ჩვენ მივიღებთ უსქესო, უეროვნებო, უოჯახო, უპრინციპო და ურწმუნო ახალ თაობას, რაც იდეალურად ჯდება ლიბერალური ინტერნაციონალის იდეოლოგიაში. სახელმწიფო უნებლიედ გახდება მშობლებსა და შვილებს შორის ფასეულობათა შეუთავსებლობის ნიადაგზე წარმოშობილი დაუძლეველი კონფლიქტების ინსპირატორი. ეს კი გამოიწვევს ოჯახის, როგორც ერისა და სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ნგრევას და საბოლოოდ მის პოლიტიკურ დესუვერენიზაციას."

რა თქმა უნდა ნებისმიერ აზრს და წუხილს არსებობის უფლება აქვს, თუმცა ეს არგუმენტები რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. სინამდვილეში, სამოქალაქო განათლების მიზანი სწორედ ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება და განვითარებაა და არა მისი დანგრევა. სამოქალაქო განათლების თანამედროვე მოდელების კრიტიკის მთავარი ხაზი სწორედ იმაზე გადის, რომ ის ეთნოცენტრისტულ ღირებულებებზე არის კონცენტრირებული მრავალფეროვნების ნაცვლად, რომ ნაცვლად სხვადასხვა კულტურებისა, საერთო კულტურაზე აკეთებს აქცენტს. და ამ ყველაფერს სწორედ ისტორიის და ტრადიციების მიმართ პატივისცემის კულტივირებით აღწევს.

სამოქალაქო განათლება აერთიანებს

სტატიაში "განათლების დემოკრატიული მიზანი” სანდრა დეი ოკონორი, აშშ-ს უზენაესის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე წერს, რომ ამერიკული რესპუბლიკანიზმი მმართველობის ძალიან ექსპერიმენტული ფორმა იყო, რადგან მისი წარმატება მოქალაქეების მონაწილეობაზე და თვითმმართველობაზე იყო დამოკიდებული. დამფუძნებელმა მამებმა კი ამ სიტუაციიდან ერთი გამოსავალი იპოვეს და ეს იყო მოქალაქეების განათლება. სანდრა დეი ოკონორს ჰორას მანის საერთო განათლების სფეროში ერთ-ერთი პიონერის ციტატა მოჰყავს, რომელიც მასაჩუსეტის შტატის განათლების საბჭოს მდივანი იყო 1837 წელს. მანი ამბობს, რომ საერთო განათლება ძლიერი გამათანაბრებელია, რომელიც ღარიბისა და მდიდრის, იმიგრანტის და მკვიდრი მოსახლის ურთიერთგაგებას დაეხმარებოდა და მათ გააერთიანებდა, მისი აზრით საერთო სკოლები ყველას თანაბარ შესაძლებლობას მისცემდა, მიეღო განათლება, რომელიც აუცილებელი იყო მმართველობაში აქტიურად ჩართვისათვის. მანი ასევე ამბობდა, რომ რესპუბლიკა "პოლიტიკური შეცდომაა” მოქალაქეების გარეშე, რომლებიც არ არიან განსწავლული ხელისუფლების სხვადასხვა შტოების როლებისა და პასუხისმგებლობების შესახებ.

ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას დღეს, მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ კლასს, ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა ჯგუფებს ეკუთვნიან, სჭირდებათ განათლება, რომელიც ამ განსხვავებების აღიარებითა და პატივისცემით, სახელმწიფოს, როგორც ერთი პოლიტიკური სხეულის სრულფასოვან ნაწილად, ანუ მოქალაქედ აგრძნობინებთ თავს. სამოქალაქო განათლება კი ამის მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის.

ვართ თუ არა მზად ნამდვილი სამოქალაქო განათლებისთვის?

სანდრა დეი ოკონორი თავის სტატიაში ასევე წერს, რომ 1950-იან და 1960-იან წლებში აშშ-ს სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის სახელმძღვანელოები მოსწავლეებს ასწავლიდათ, რომ: "შეერთებული შტატები იყო ყველაზე მდიდარი, ყველაზე პროდუქტიული, ყველაზე უკლასო საზოგადოება, რაც კაცობრიობისთვის იყო ცნობილი. და ამერიკას სწორედ ეს აქცევდა ყველაზე გამორჩეულ და დიად სახელმწიფოდ.” ამ დროს, ეს სახელმძღვანელოები უგულებელყოფდნენ ისეთ თემებს, როგორებიც იყო სიღარიბე, ქალთა უფლებები და აფრო-ამერიკელების ბრძოლა თანასწორობისათვის.

არა მგონია, სწორი იყოს 1950-იანი და 1960-იანი წლების აშშ-ს სტანდარტები გვქონდეს ახლა, 2015 წელს საქართველოში, და ჩვენი ისტორიისა და პოლიტიკური სისტემის მხოლოდ ნათელი მხარეები ვასწავლოთ ბავშვებს. კარგი სამოქალაქო განათლება სერიოზული ინვესტიციაა ამ ქვეყნის მომავალში და ამიტომ პოპულისტი სკეპტიკოსების მოგერიებაზე დროის ხარჯვის ნაცვლად მასწავლებლების გადამზადებასა და პროგრამის დახვეწაზე უნდა იმუშავოს სახელმწიფომ.