Siyasət

ნაყიდი “ჰუმანიტარული დახმარება” - რა ჩავიდა რუსეთიდან ამერიკაში და რა დარჩა რუსეთში?

6 Aprel, 2020

1 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა რუსეთისგან სამედიცინო აღჭურვილობა იყიდა. მიუხედავად ამისა, კრემლთან დაკავშირებული მედიები აგრძელებენ პროპაგანდისტული სტატიების გამოქვეყნებას და შეძენილ მარაგს ჰუმანიტარულ დახმარებად წარმოაჩენენ. 

2 აპრილს კრემლისტურმა გამოცემამ News Front Georgia გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “როგორ მიიღეს აშშ-ში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ძვირფასი ჰუმანიტარული ტვირთით!” მსგავსი შინაარსის სათაურებით ასევე 2 აპრილს გამოქვეყნდა სტატიები ონლაინ გამოცემაში tvalsazrisi.ge და კრემლის მედიებში RIA Novosti, lenta.ru, Sputnik-georgia. აღნიშნული მედიები წერენ, რომ რუსეთმა აშშ კრიზისულ სიტუაციაში არ მიატოვა და და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, თუმცა არც ერთ სტატიაში არ არის აღნიშნული, რომ აშშ-მა სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა.

"

""

""

კრემლის მედიის გავრცელებული ცნობები აშშ-ის დახმარებაზე მანიპულაციურია, რადგან არ გვაწვდის ინფორმაციის სრულ სურათს და შესაძლოა მკითხველს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ რუსეთი აშშ-ს საკუთარი სურვილით, უსასყიდლოდ ეხმარება.

ნაყიდი ჰუმანიტარული დახმარება

1 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 30 მარტს ორი ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-მა შეიძინა სამედიცინო აღჭურვილობა რუსეთისგან, რომელიც 1 აპრილს ნიუ-იორკში ჩავიდა.

აქვს თუ არა რუსეთს საკმარისი სამედიცინო ინვენტარი საკუთარი მოქალაქეებისთვის? 

კრემლის მიერ აშშ-ში გაგზავნილი სამედიცინო აღჭურვილობა კრიტიკის საგანი გახდა თავად რუსეთში. რუსი ოპოზიციონერები აღნიშნავენ, რომ რუსეთს თავად აქვს სამედიცინო ნიღბების პრობლემა. მათი განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ექიმები და ექთნები ნიღბების გარეშე რჩებიან და ერთმანეთს აინფიცირებენ.

ასევე, აშშ-ში სამედიცინო ინვენტარის გაგზავნამდე, 19-21 მარტს The Moscow Times-მა გამოაქვეყნა სტატიები, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად რუსეთს არ აქვს საკმარისი ინტენსიური თერაპიის საწოლი და არც საკმარისი სუნთქვის აპარატი, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის სერიოზული გამოწვევაა.


მოამზადა ხატია სტურუამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია