Səhhət/biotəhlükəsizlik

პაემანი ლუგარში

28 May, 2020

26 მაისს საქართველოს ლუგარის ცენტრის შესახებ რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვებაზე საქართველოსგან პასუხს ელის. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ  ვიზიტის თაობაზე საქართველოს 2019 წლის ივნისში მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმეორებს აშშ-სა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ წლების მანძილზე გავრცელებულ კონსპირაციებსა და დეზინფორმაციას. 

  • რუსი ჟურნალისტები ლუგარის ლაბორატორიას არაერთხელ სტუმრობდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2018 წლის 14-15 ნოემბერს ლუგარის ცენტრში საერთაშორისო ვარჯიშში მონაწილეობა რუსეთსაც შესთავაზეს, თუმცა მათ რუსი ექსპერტების გამოგზავნაზე კატეგორიული უარი თქვეს.

ლუგარის კვლევითი ცენტრის პირველი ხელმძღვანელი ანა ჟვანია (2009-2013 წლებში) ტაბულასთან ინტერვიუში იხსენებს, რომ ცენტრს რუსი ჟურნალისტები სტუმრობდნენ. მისი თქმით ქართული მხარისთვის და ამერიკელი კოლეგებისთვის “ღიაობა ამოსავალი წერტილი იყო". 

2013 წელს ტელეკომპანია "როსიას" გადამღები ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიას ეწვია. “როსიას” რეპორტიორის ალექსანდრ როგატკინის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელობა ყველა კითხვაზე, მათ შორის რუსეთის მთავარი სანიტარის დასმულ კითხვებზე პასუხები გასცა. რუსი ჟურნალისტი აღფრთოვანებას გამოხატავდა ვიზიტის გამო.

ალექსანდრ როგარკინი: “ჩვენ თხოვნა გამოვგზავნეთ ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელობასთან რეპორტაჟის მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენდა გასაკვირად გვითხრეს, რომ შეგვეძლო ჩამოვსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა, რომ აქ არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ასევე, გავცნობოდით რა პროცესები მიმდინარეობს აქ და რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს შეშფოთების საფუძველი. ლაბორატორიის ხელმძრვანელობამ ყველა კითხვაზე გულახდილი პასუხი გაგვცა. ქართული მხარისგან ასევე მივიღეთ პასუხები რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს მიერ დასმულ კითხვებზეც. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ნანახით და მოსმენილით. “

|
“როსიას” ჟურნალისტი ლუგარის ლაბორატორიაში. 2013. წყარო: კვირის პალიტრა

კრემლის დაფუძნებული სპუტნიკ-საქართველო ლუგარის ლაბორატორიას სხვა რუსულ მედიებთან ერთად (რუსეთის პირველი არხის, РИА Новости)  2018 წლის ოქტომბერშიც სტუმრობდა. ჟურნალისტებს ლუგარის კვლევითი ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ უმასპინძლა. 

|
წყარო: სპუტიკ-საქართევლო

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები ლუგარის ლაბორატორიაში არაერთხელ მოიწვია, თუმცა უარი მიიღო.

ამირან გამყრელიძე: “რუსები ბევრჯერ არიან მოწვეულნი, ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრჯერ. პირადად მისაუბრია მათ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან, ქალბატონთან, მის მოადგილესთან,  ყოფილ მთავარ სანიტარულ ექიმთან, ონიშენკოსთან, რომელიც ბრალს გვდებს ხოლმე და რომელსაც კარგად ვიცნობ. მომიწვევია ისინი პირადად და მითქვამს, ჩამობრძანდით და ნახეთ.”

ამირან გაყრელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი მარია ზახაროვაც დაპატიჟა: “ზახაროვა ჩამოვიდეს და ვაჩვენებ, რაც არის ყველაფერს. “

  • ახალი კონსპირაციები და ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციის მცდელობა

კოვიდ-19-ის პანდემიის ფარგლებში ლუგარის კვლევითი ცენტრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის ფონზე, ბოლო დღეებში ლუგარის წინაღმდეგ დეზინფორმაცია და პროპაგანდა საქართველოში მოქმედ კრემლისტურ მედია საშუალებებშიც გააქტიურდა. ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა დაუდასტურებელი დეზინფორმაცია და კონსპირაციები, თითქოს:

  • რამდენიმე წლის წინ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები მუშაობისას დაინფიცირდნენ (წყარო: ჯეფრი სილვერმანი, ასავალ დასავალის 18-24 მაისის ნომერი);
  • ლუგარის ლაბორატორია წარმატებული პროექტი არ არის, რადგან ფაროსანას წინააღმდეგ არაფერს აკეთებს (წყარო  საქინფორმი).

სილვერმანის თქმით, ლაბორატორიის მილგაყვანილობებიდან  გაჟონვის შედეგედ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები “სუნთქვის უკმარისობით” საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას მხოლოდ სილვერმანი ავრცელებს და სხვა წყაროებით არ დასტურდება. თავად ჯეფრი სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 

რაც შეეხება ფაროსანასთან ბრძოლის თემას, ეს ბრალდებები აბსურდულია, რადგანაც სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლა ლაბორატორიის კომპეტენციაში არ შედის. ის მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზეა ორიენტირებული. 


მოამზადა ანა ჩიტალაძემ