Siyasət

რამდენს ხარჯავს აშშ კეთილდღეობაზე და რა სტატისტიკას ავრცელებს “პოლიტიკანო”?

8 İyun, 2020

2020 წლის 3 ივნისს, Facebook გვერდმა “პოლიტიკანო” გამოაქვეყნა დიაგრამა სათაურით “1970-2018 წლებში აშშ-ის სახელმწიფო ხარჯები პოლიციურ სექტორზე და კეთილდღეობაზე”. როგორც “პოლიტიკანოს” მიერ გამოქვეყნებული გრაფიკიდან ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციურ სექტორზე დახარჯული თანხები აღემატება კეთილდღეობის ხარჯებს. სტატისტიკური მონაცემები ეროვნული შემოსავლის მიხედვით არის გამოთვლილი.

"

პოლიტიკანოს მიერ გამოქვეყნებული დიაგრამა მანიპულაციურია, რადგან ის არა ზოგადად კეთილდღეობაზე, არამედ მხოლოდ მის ერთ-ერთ ნაწილზე, ნაღდი ფულით შემწეობაზე (Cash Welfare) დახარჯულ თანხებს მოიცავს, კეთილდღეობის პროგრამებზე ქვეყნის დანახარჯი კი გაცილებით მეტია.

აღნიშნული ფოტო ეკონომიკის პროფესორმა გაბრიელ ზაკმანმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე 2020 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ორიგინალი ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული დიაგრამა უფრო მეტ ინფორმაციას მოიცავდა და დაკონკრეტებული იყო, თუ რა იგულისხმებოდა პოლიტიკანოს მიერ გამოყენებულ ტერმინებში “საპოლიციო სექტორი” და “კეთილდღეობა”.

გაბრიელ ზაკმანის და პოლიტიკანოს მიერ გამოქვეყნებული დიაგრამები იდენტურ რაოდენობრივ ინფორმაციას ასახავს, თუმცა შინაარსობრივად ორიგინალი ინგლისური ვერსია მეტ და სრულ ინფორმაციას გვაწვდის. პირველწყაროს მიხედვით, შემწეობაში იგულისხმება ნაღდი ფულით გაწეული შემწეობები, რომლებიც მოიცავს: სასურსათო ტალონებს (food stamps), დროებით დახმარებებსა (temporary assistance) და დამატებითი უზრუნველყოფის შემოსავალს (supplementary securite income). რაც შეეხება პოლიციურ სექტორს, ორიგინალ დიაგრამაში გამოყენებულია ტერმინი “საზოგადოებრივი წესრიგი”, რაც პოლიციას, ციხეებსა და სასამართლოს მოიცავს.

'

აღსანიშნავია, რომ დიაგრამაზე წარმოდგენილი სამი ტიპის შემწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კეთილდღეობის პროგრამების მხოლოდ მცირე ნაწილია. “სასურსათო ტალონები”, “დროებითი დახმარებები” და “დამატებით უზრუნველყოფის შემოსავალი” ძირითადად უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი:

  • სასურსათო ტალონები - Food Stamps - აშშ-ის დამატებითი სასურსათო დახმარების  პროგრამა (SNAP) უზრუნველყოფს ყოველთვიურ დანამატს სრულფასოვანი საკვები პროდუქტების შესაძენად. ის განკუთვნილია დაბალშემოსავლიანი ინდივიდებისთვის ან ოჯახებისთვის.
  • დროებითი დახმარების  პროგრამა - The Temporary Assistance for Needy Families (TANF) - აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც არიან ორსულად ან პასუხისმგებლები არიან 19 წლამდე ასაკის ბავშვზე და ამავე დროს აქვთ დაბალი ან უკიდურესად დაბალი შემოსავალი, არიან დაბალ ანაზღაურებაზე დასაქმებულები, საერთოდ არ აქვთ სამსახური ან მალე თავისუფლდებიან სამსახურიდან.
  • დამატებითი უზრუნველყოფის  შემოსავალი - Supplemental Security Income (SSI) - განკუთვნილია ხანდაზმული, შეზღული შესაძლებლობების და უსინათლო ადამიანებისთვის, რომელთაც ძალიან მცირე ან საერთოდ არ აქვთ შემოსავალი. ამ პროგრამაში გაღებული თანხა ძირითადად საკვების, ტანსაცმელისა და თავშესაფრისთვის არის განკუთვნილი.

  • აშშ კეთილდღეობაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე პოლიციურ სექტორზე

აშშ-ის მთავრობის (ფედერალური, შტატის, ადგილობრივი) დანახარჯები ყოველწლიურად შესაძლებელია, რამდენიმე კატეგორიად დაიყოს. მასში გამოიყოფა სოციალურ დაცვა, კეთილდღეობა, განათლება, ჯანდაცვის პროგრამები, თავდაცვა და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით ზოგადად კეთილდღეობის პროგრამებზე (other Welfare Programs) 432.8 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც აღემატება პოლიტიკანოს მიერ წარმოჩენილ პოლიციურ სექტორში დახარჯულ თანხებს. აღნიშნული პროგრამები მოიცავს არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ სამ პროგრამას, არამედ დამატებით შემწეობებსაც. ამავე წელს პოლიციაზე, ციხეებსა და სასამართლოსთვის ჯამში 305.4 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ შესაძლებელია ზოგიერთი პროგრამა არ მოხვდეს Wellfare Program-ების ჭრილში, თუმცა საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდეს ადამიანების სოციალურ უზრუნველყოფაზე და ზოგადად სახელმწიფოს მატერიალურ კეთილდღეობაზე. ამ მხრივ 2018 წლის მონაცემებით აშშ-ში სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯა 987.8 მილიარდი აშშ დოლარი, Medicaid პროგრამაში (ჯანდაცვის პროგრამა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის) - 597.4 მილიარდი აშშ დოლარი და Medicare პროგრამაში (ჯანმრთელობის დაზღვეევა ასაკოვანი პირებისთვის) 588.7 მილიარდი აშშ დოლარი. მსგავსი რაოდენობის ხარჯები იყო გაწეული 2018 წლამდეც. 


კატეგორია

ხარჯი
2018
მლრდ.$

ხარჯი
2017
მლრდ.$

ხარჯი
2016
მლრდ.$

ხარჯი 
2015
მლრდ.$

სოციალური დაცვა (Social Security)

987.8

944.9

916.1

887.8

მედიქეიდი (Medicaid)

597.4

580.1

565.4

542.6

მედიქეარი (Medicare)

588.7

597.3

594.5

546.2

სხვა კეთილდღეობის პროგრამები (Other Welfare Programs)

432.8

454.3

461.5

463.5

პოლიცია (Police)

145.5

140.3

134.5

128.1

ციხეები (Prisons)

88.5

85.7

84.8

83.7

სასამართლო (Law Courts)

71.4

69.0

66.5

62.3

 


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი