Səhhət/biotəhlükəsizlik

დეზინფორმაცია ფილიპინელი მუშების შესახებ და ბულგარელი ჟურნალისტის რუსული კავშირები

26 February, 2018

2018 წლის 9 თებერვალს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” რიჩარდ ლუგარის სახელობის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ სტატია, სათაურით “რა კავშირია ლეიშმანიოზის გადამტან ბუზებსა და ლუგარის ლაბორატორიაში მომუშავე ორი ფილიპინელი სპეციალისტის დაღუპვას შორის” გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში ავტორი საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევით პროგრამებს უკავშირებს. მასალაში წყაროდ მოყვანილია ბულგარელ ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას პუბლიკაცია. სტატიაში ასევე მოყვანილია ე.წ. ალექსეევკის დასახლების მკვიდრის, ეთერ სიხარულიძის ინტერვიუ, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მომუშავე 2 ფილიპინელი გაურკვეველი დაავადებით დაიღუპა. 

ეთერ სიხარულიძე: “რამდენიმე წლის წინათ ლაბორატორიის ოთხი თანამშრომელი ცხოვრობდა ჩვენს უბანში, ფილიპინელები იყვნენ, სწორედ მე დავეხმარე, ბინა ექირავებინათ. სულ ცუდად იყვნენ და ორი მათგანი გარდაიცვალა კიდეც, დარჩენილი ორი უცებ გააქრეს.”

“საქართველო და მსოფლიო” ლუგარის ლაბორატორიის შესახებ შეთქმულების თეორიებს ავითარებს და სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია მეცნიერულ ფაქტებს არ ეფუძნება. ამასთან, ფილიპინელი ტექნიკოსები 2011 წელს ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობაში იყვნენ ჩართულები, შესაბამისად მშენებარე ობიექტიდან გავრცელებული ვირუსებით ისინი ვერ დაავადდებოდნენ, რადგან ლაბორატორიამ ფუნქციონირება 2013 წელს დაიწყო.

1. ფილიპენელი მშენებლები.

“მითების დეტექტორისთვის” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის (NCDC) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპინების მოქალაქე ტექნიკოსები 2011 წელს მხოლოდ ლაბორატორიის მშენებლობის პროცესში იყვნენ ჩართულები. ლაბორატორიამ ფუნქციონირება 2013 წელს დაიწყო, შესაბამისად, ფილიპინელი ტექნიკოსები 2011 წელს ჯერ კიდევ მშენებარე ობიექტიდან ვერ დაავადდებოდნენ.

NCDC: “2011 წლის შემდეგ, რაც ლაბორატორიის მშენებლობა დამთავრდა, არც ერთი ფილიპინელი ტექნიკოსი, რომელიც მშენებლობის დროს მუშაობა, აღარ ყოფილა ცენტრში. მით უმეტეს 2013 წლის შემდეგ, როდესაც ლაბორატორიებმა ფუნქციონირება დაიწყეს. თუ მშენებლობის დროს ვინმე ავად გახდა, როგორ შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს ლაბორატორიის ფუნქციონირებასთან? ყველა საღი გონების ადამიანისათვის ნათელია, რომ მშენებარე დაუსრულებელ ობიექტში ლაბორატორია ვერ იფუნქციონირებს.”

2. ვინ არის ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა?

დალიანა გაიტანჯიევა ბულგარელი ჟურნალისტია, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ე.წ. საგამოძიებო მასალა სათაურით “პენტაგონის ბიო ომები” 2018 წლის 16 იანვარს ინგლისურენოვან პორტალზე South Front გამოაქვეყნა. პორტალი რუსეთიდან იმართება და რუსულ დომეინზეა რეგიტრირებული, რომელიც ხშირად აქვეყნებს შეთქმულების თეორიებს სამხედრო თემატიკისა და დაზვერვის შესახებ. რუსულ ენაზე ეს მასალა პორტალმა Новостной Фронт გამოაქვეყნა, რომელიც დონბასის დამოუკიდებლობას აღიარებს და აღნიშნავს, რომ გამოცემის მიზანი რუსული ცივილიზაციის ინტერესების დაცვაა. 

t

2017 წლის აგვისტომდე გაიტანჯიევა მუშაობდა ბულგარული გაზეთისთვის Труд, სადაც 2017 წლის 4 ივლისს მან გამოაქვეყნა სტატია, თითქოს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში აზერბაიჯანის საელჩოს სირიაში ტერორისტებისთვის იარაღის დიპლომატიური ფრენებით მიწოდების შესახებ მიმოწერა ჰქონდათ. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულები იყვნენ აშშ, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი და სხვა ქვეყნები. 

გაიტანჯიევას სტატია ბულგარულმა ბეჭდურმა მედიამ გაავრცელა, რომლის 80%-საც პრორუსი ოლიგარქი და ბულგარეთის პარლამენტის წევრი დელიან პეევსკი აკონტროლებს. ბულგარული მედიის ცნობით, პეევსკისთან დაკავშირებული კომპანიები ჩართულები იყვნენ სამხრეთ ნაკადის მშენებლობაში, რომელიც რუსეთიდან ბულგარეთის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა და რეალურად ნაბუქოს გაზსადენის კონკურენტს წარმოადგენდა. ნაბუქოს პროექტი, თავის მხრივ, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

გაზეთ “Труд”-მდე გაიტანჯიევა მუშაობდა რეიტინგით მეოთხე ბულგარული ტელევიზიისთვის TV7, რომელსაც ბულგარელი ბიზნემსმენი, კორპორატიული კომერციული ბანკის მფლობელი ცვეტან ვასილევი აკონტროლებდა. 2013 წელს კორპბანკის 9.9 % რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა VTB იყიდა. 2016 წელს ვასილევის წინააღმდეგ გამოძიება ბანკის  თანხის მითვისების ბრალდებით დაიწყო, რაც დაახლოებით $1.3 მილიარდს შეადგენს. 2015 წელს TV7-ის ახალი მფლობელი კომპანია Louvrier Investment გახდა, რომლის ხელმძღვანელსაც პიერ ლუვრიერს კავშირები აქვს რუს ოლიგარქთან კონსტანტინ მალოფეევთან. მალოფეევი აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ძალების წინააღმდეგ მებრძოლი “არალეგალური სამხედრო დაჯგუფებების” დაფინანსების გამო ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა. მალოფეევი ამავდროულად რუსეთში კონსერვატიულ სატელევიზიო არხს Царьград ТВ ფლობს, რომლის მთავარი რედაქტორი 2015-2016 წლებში ალექსანდრ დუგინი იყო. 


კონსპირაციები ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიები უკვე წლებია ვრცელდება. 2012 წლიდან დღემდე კრემლისტური და ეთნო-ნაციონალისტური გამოცემები, ასევე სხვადასხვა რესპონდენტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები რიჩარდ ლუგარის სახელობის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ სხვადასხვა ვარიაციის დეზინფორმაციას განმეორებით ავრცელებენ. 

ჯერ კიდევ 2014 წელს კრემლისტური გამოცემები საქინფორმი და Geworld.ge რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს საფრთხედ წარმოაჩენდნენ, რითაც აშშ-ის დემონიზებას ისახავდნენ მიზნად. 2015 წელს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში რუსული ტელევიზიების МИР-ის, Россия 24-ის, 31 КАНАЛ-ისა და RBK TV-ის რუსულენოვანი სიუჟეტები გავიდა, რომლებშიც ლაბორატორიას მოსახლეობაზე ცდების ჩატარებაში ადანაშაულებდნენ. ამ წლების განმავლობაში ინტერპრეტაციები არათუ შემცირდა, პირიქით, ლაბორატორიის წინააღმდეგ შავი პროპაგანდა სხვა წყაროებმაც გააძლიერეს. 

კვლევითი ლაბორატორიის შესახებ ქართული წყაროების კონსპირაციები რუსულ გზავნილებთან თანხვედრაშია. რუსული მედია და პოლიტიკოსები რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას მისი დაარსების დღიდან ავრცელებენ. რუსი აქტორები ლაბორატორიას ბრალს სდებენ რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე ვირუსების გავრცელებაში. ამ გზავნილების ერთ-ერთი ავტორი რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკოა, რომლის მტკიცებითაც  ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოები ლუგარის ლაბორატორიაში გამოჰყავთ. 


პროპაგანდის მეთოდები

კონსპირაციას და ფსევდომეცნიერებას სამიზნე აუდიტორიაზე მაღალი გავლენა აქვს. ამ მეთოდების გამოყენებით მოსახლეობაში ეჭვისა და შიშის დათესვა ხდება. ასეთ დროს უგულვებელყოფია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი საბუთი.

 

Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იგივე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ. 

ლაბორატორიის შესახებ


საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის პრიორიტეტებია:

  • სურსათის უვნებლობა - ლაბორატორია თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან საკვები პროდუქტების ბიოლოგიური კვლევების მიმართულებით;
  • საქართველოს მოქალაქეების დაცულობა ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან - აღმოჩენილი ან გავრცელებული ეპიდემიების დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეშვეობით როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში;
  • ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება - რითაც წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებაში;
  • სამეცნიერო -კვლევითი მიმართულება - ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.

 


მოამზადა სოფო გელავამ