History

ობიექტივის წამყვანი 9 აპრილის მოვლენებს საბჭოთა ჯარის ნაცვლად შუა აზიელებს აბრალებს

14 November, 2018

2018 წლის 12 ნოემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გადაცემის წამყვანმა ნინო რატიშვილი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ფოტო დოკუმენტალისტ იური მეჩითოვის განცხადებები შეაფასა, რა დროსაც ის არ დაეთანხმა მეჩითოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ 9 აპრილს მოქალაქეები ასფიქსიით გარდაიცვალნენ და ისინი არავის მოუკლავს. ამავე დროს გადაცემის წამყვანმა ეჭვქვეშ დააყენა 9 აპრილის მოვლენებში საბჭოთა ჯარის და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც როგორც ამ მოვლენების მონაწილემ პირადი ისტორია გაიხსენა, როცა მის მოკვლას არა რუსები, არამედ შუა აზიელი ჯარისკაცები ცდილობდნენ. “ობიექტივის” წამყვანმა ეს ინციდენტი მთელ საბჭოთა ჯარზე განაზოგადა და განაცხადა, რომ შუა აზიელების სიმრავლე საბჭოთა ჯარში სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა რუსულენოვან საბჭოთა ჯარს.

ნინო რატიშვილი, ობიექტივი: „ის რო ეხლა 9 აპრილზე ისაუბრა [იური მეჩითოვმა] ესე არ არის... მოგიყვებით მე, როგორ მკლავდა ორჯერ ორი საბჭოთ ჯარისკაცი, სხვათაშორის არცერთი არ იყო რუსი. ორივე საბჭოთ ჯარისკაცი იყო და ორივეს თვალები ისე ქონდა, რომ ეტყობა რაღაც შუა აზიის ჯარისკაცები იყვნენ და სხვათაშორის ხო, გახსოვთ, საბჭოთა ჯარში ისეთი რაოდენობა იყო, უკვე შუა აზიელების, რომ სერიოზული საფრთხე ექმნებოდა უკვე სწორედ რუსულ ენოვან საბჭოთა ჯარს.“

იური მეჩითოვისგან განსხვავებით, ობიექტივის წამყვანი 9 აპრილის მოვლენას არ უარყოფს, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს საბჭოთა ჯარების პასუხისმგებლობის საკითხს, როცა აქცენტს საბჭოთა ჯარის ეთნიკურ შემადგენელზე აკეთებს და ამტკიცებს, რომ შუა აზიელების სიმრავლე საბჭოთა ჯარში სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა რუსულენოვან საბჭოთა ჯარს.

რატიშვილამდე 4 დღით ადრე, ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ალ-ჯაზირასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 აპრილს “ 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს.”

1989 წლის 9 აპრილის ოპერაციას “ამეირკავკასიის სამხედრო ოლქის” მეთაური, რუსი გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. ორი დღით ადრე, 7 აპრილს საქართველოში პერიმდან და ვორონეჟიდან თბილისში საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები შემოვიდნენ, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტები “წესრიგის აღდგენის მიზნით” დაარბიეს. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა ქიმიური ნივთიერებები, იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.