Various

პრორუსი აქტორების ახალი მესიჯბოქსი: გაეროს კომპაქტი = მიგრანტების ჩამოსახლების საფრთხეს

27 December, 2018

თემა, თითქოს მიგრაციის შესახებ გაეროს მიერ კომპაქტი საქართველოში მიგრაციის ზრდის საფრთხის ტოლფასია, ბოლო დროს პრორუსი აქტორების ახალი კამპანიის ნაწილია. განცხადებებეი ამ თემაზე ულტრამემარჯვენე საპარლამენტო პარტიის  “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა და პრო-რუსული პარტიის “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გააკეთეს, ხოლო რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ონლაინ გამოცემა Sputnik-საქართველომ მანიპულაციურად გააშუქა. აღნიშნული თემა იდენტურ კონტექსტში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ტვ “ობიექტივის” გადაცემა “ღამის სტუდიის” წამყვანმა ნინო რატიშვილმა განიხილეს. 24 დეკემბერს დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ გაეროს კომპაქტზე ხელმოწერით საქართველომ ათი ათასი მიგრანტის მიღების ვალდებულება აიღო, 25 დეკემბერს კი “ობიექტივის” წამყვანმა ნინო რატიშვილმა აღნიშნულ დოკუმენტზე ქსენოფობიურ კონტექსტში ისაუბრა, როცა განაცხადა, რომ დოკუმენტი საქართველოს უცხოტომელთა ჩამოსახლებას ავალდებულებს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: „ახლა ჩვენ კიდევ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გაეროს დოკუმენტს[მარაკეშის ხელშეკრულება] ხელს ვაწერთ და ვიღებთ ახალ ვალდებულებებს ათი ათასიანი კორპუსის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსახლების.“

ნინო რატიშვილი, ობიექტივი: „...საინტერესოა ის პაქტი, რომელიც უკვე გაჟღერდა და, გაეროს პაქტი, სადაც საუბარია უცხოტომელთა ჩამოსახლებაზე საქართველოში...“

პრორუსი აქტორების მიერ ბოლო დროს გააქტიურებული თემა, თითქოს გაეროს “უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტი” საქართველოში მიგრანტების რიცხვის ზრდას გამოიწვევს, დეზინფორმაციაა, რადგან დოკუმენტში მიგრანტების გაზრდილი ნაკადის მიღების ვალდებულება არსად არის ნახსენები. თავად დოკუმენტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს ეფუძნება, რომელიც სახელმწიფოებს მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრის დისკრეციას აძლევს.

ვრცლად გაეროს კომპაქტი შესახებ გავრელებული დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული წინა მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს კომპაქტი საქართველოს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს

სპუტნიკის მანიპულაცია გაეროს კომპაქტისა და მიგრაციის ნაკადის ზრდის შესახებ

Profiles: