Healthcare/Biosafety

წითელას ვაქცინა არა ლუგარის ლაბორატორიაში, არამედ ბელგიასა და აშშ-შია წარმოებული და მას რუსეთშიც იყენებენ

28 February, 2019

გაზეთ "ასავალ-დასავალის" 25 თებერვალი - 3 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ Veterans Today-ს ქართული ბიუროს ხელმძღვანელთან ჯეფრი სილვერმანთან, რომელშიც ის ვაქცინაციაზე და ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგ კონსპირაციებს ავრცელებს. ჯეფრი სილვერმანი   გამოთქვამს ეჭვს, რომ  ღორის გრიპის და   წითელას ვაქცინები არა ევროპაში, არამედ ლუგარის ლაბორატორიაში მზადდება და რომ ამ საეჭვო “კოქტეილის” გამოყენებას, რომელიც სიკვდილს იწვევს, უმჯობესია,  რუსული ვაქცინის გამოყენება.

ჯეფრი სილვერმანი, ვეტერანს თუდეი: „როგორც ჩანს გრიპით დაავადებულთა ვაქცინაციასა და წითელას ვაქცინაციას შორის პირდაპირი კავშირია. ვინ გაიგებს, რომ ის ვაქცინები, რასაც გვთვაზობენ, ევროპაშია დამზადებული და არ წარმოადგენს ლუგარის ლაბორატორიაში დამზადებულ, დაავადების გამომწვევ კოქტეილს?...ვაქცინაციასთან დაკავშირებით ამერიკის სხვადასხვა შტატში სხვადასხვა სისტემაა და, თუ იმის აუცილებლობა შეიქმნა, რომ ვაქცინა უნდა გავიკეთო, რუსული წარმოებისას გავიკეთებ და არა ამერიკაში წარმოებულს ან ლუგარის ლაბორატორიაში შექმნილს!  საქმე იმაშა, რომ ვაქცინებით უფრო მეტია ადამიანი დაიღუპა, ვიდრე გრიპით“.

სილვერმანის განცხადება, თითქოს წითელას და ღორის გრიპის ვაქცინა ლუგარის ლაბორატორიაში მზადდება და სიცოცხლისთვის სახიფათოა, დეზინფორმაციაა. ლუგარის ლაბორატორია ვაქცინებსა და სხვა სახის მედიკამენტებს საერთოდ არ აწარმოებს. წითელასა და H1N1-ის ე.წ. ვაქცინები კი,  რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან და  აშშ შემოდის. უფრო მეტიც, საქართველოში გამოყენებული წითელას ვაქცინა თავად რუსეთშიცაა ავტორიზირებული და ხელმისაწვდომია.

საქართველში იმუნიზაცია ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-შ- წარმოებულ ვაქცინებით მიმდინარეობს

“მითების დეტექტორმა” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან საქართველოში შემოტანილი ვაქცინების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018-2019  წლებში საქართველოში წითელას ვაქცინა, კომბინირებული წითურასა და ყბაყურას ვაქცინებთან ერთად, ბელგიიდან და აშშ-დან შემოიტანეს, H1N1-ის ე.წ. ღორის გრიპის ვაქცინა კი - საფრანგეთიდან. ვაქცინებს, რომლებითაც საქართველოში ცრიან, მწარმოებელ ქვეყნებშიც იყენებენ. ასევე ავტორიზებულია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში შემოსული ვაქცინები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული, ასევე ევროპის ბაზარზე ავტორიზირებულია ევროპის მედიცინის ასოციაციის მიერ.

წითელა -წითურა-ყბაყურა (წწყ) ვაქცინა

1. დასახელება - Priorix,

მწარმოებელი  კომპანია - GlaxoSmithKline (GSK),

მწარმოებელი ქვეყანა  - ბელგია;

2. დასახელება - MMRII

მწარმოებელი  კომპანია - Merck & Co.,

მწარმოებელი ქვეყანა    - აშშ

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა

დასახელება - Vaxigrip

მწარმოებელი  კომპანია - Sanofi-aventis,

მწარმოებელი ქვეყანა  - საფრანგეთი

საქართველოში გამოყენებული წითელას ვაქცინა რუსეთშიც ავტორიზირებული და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

რუსეთში რეგისტრიტებული წამლების ერთ-ერთი ყველაზე დიდ  საძიებო ბაზაში   - РЛС (Регистр лекарственных средств России) სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული წითელას ვაქცინები იძებნება, რომლებიც რუსეთის ბაზარზე დაშვებულია. მათ შორის არის საქართველოში გამოყენებული ბელგიური წარმოების პრიორიქსი და ამერიკული Merck & Co-ს წარმოებული  MMRII.

""

რუსული ვაქცინა «Вактривир” НПО-ს «Микроген»-ს აწარმოებს. НПО «Микроген»  არის იმუნოლოგიური პროდუქციის სახელმწიფო მწარმოებელი, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. კომპანიის მიერ წარმოებული იმუნობოილოგიური პროდუქცია ეროვნული ბაზრის 43%=ს იკავებს.

რუსეთში წითელას აცრა  ეროვნული იმუნიზაციის პროგრამით არის გათვალისწინებული. რუსეთის ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას აცრისათვის დაშვებულია, როგორც ქვეყანაში დამზადებული, ასევე საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაქცინების გამოყენება.

ლუგარის ლაბორატორია  ვაქცინებსა და სხვა სახის მედიკამენტებს არ აწარმოებს.

რიჩარდ ლუგარის სახლობის საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრი ვაქცინებს ან რაიმე სახის სამედიცინო პრეპარატს საერთოდ არ აწარმოებს და ის კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევითი ცენტრია.

ის სურსათის უვნებლობის, ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან  დიაგნოსტირებისა და პრევენციის; ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირების;  სამეცნიერო -კვლევითი მიმართულებით საქმიანობს.

       1. კრემლსტური კონსპირაცია ვაქცინების წინააღმდეგ, რომელიც კლავს

2018 წლის ზაფხულში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სოციალურ ქსელში ვაქცინაციის წინააღმდეგ დეზინფორმაციას სანკტ-პეტერბურგის ტროლების ქარხანასთან დაკავშირებული ტროლები და ბოტები ავრცელებდნენ.  

შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია ვაქცინაციის წინააღმდეგ საქართველოშიც ვრცელდება.

      2. კონსპირაცია რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც წლებია ვრცელდება და მისი წყარო რუსეთის ხელისუფლება და კრემლისტური მედიაა.

კონსპირაცია, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათი ცდებს ატარებენ, ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან და ამ ლაბორატორიიდან ვრცელდება სხვადასხვა ვირუსები, საქართველოში  წლებია ვრცელდება. ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყარო ჯეფრი სილვერმანია.

ვინ არის ჯეფრი სილვერმანი?

ჯეფრი სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი წყაროა. რუსეთის პირველი არხი სილვერმანს სამხედრო ექსპერტს უწოდებს, ხოლო Россия24 - საქართველოში მცხოვრებ ამერიკეულ ჟურნალისტს, რომელმაც ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის გამოცდაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მას თბილისში სცემეს და ქართულმა დაზვერვამ დაკითხა. სილვერმანი ამჟამად პორტალ Veterans Today-ს საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელია, გამოცემა კი რუსეთთან არის დაკავშირებული.


მოამზადა ანა ჩიტალაძემ