Media

რამდენს ხარჯავს კრემლი საკუთარი მედიის დაფინანსებაზე?

4 October, 2019

EUvsDisinfo-ს მასალების მიხედვით

რუსეთის ბიუჯეტიდან 2020 წლისთვის სახელმწიფო მედია-საშუალებები 1.3 მილიარდი ევროთი დაფინანსდებიან, რაც 2019 წელთან შედარებით 300 მილიონით მეტ თანხას შეადგენს. 

მედიებიდან ყველაზე დიდი ბენეფიციარი სატელევიზიო არხი Russia Today-ა, რომელიც 2020 წელს 325 მილიონ ევროს მიიღებს. Russia Today-ს დაფინანსება წლების განმავლობაში მზარდია, ისევე როგორც, მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციების რაოდენობა EUvsDisinfo-ს ბაზაში.

რაც შეეხება, ერთ-ერთ ყველაზე ყურებად Первый Канал-ს, ის 92 მილიონი ევროთი დაფინანსდება. არხმა გასულ წელს 96 მილიონი ევრო იზარალა, ამიტომ სუბსიდირება მათ განსაკუთრებულად დაეხმარება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან  339 მილიონ ევროს მიიღებს კომპანია VGTRK, რომელიც  არაერთ რადიო და ტვ მაუწყებლობას აერთიანებს, მათ შორის Rossiya 1-ს. სახელმწიფოდან ასევე დაფინანსდებიან TASS (41 მილიონი ევრო), თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხი Zvezda (29 მილიონი ევრო), რომლის წინაბორბედი საბჭოთა შეიარაღებული ძალების გაზეთი Krasnaya Zvezda იყო და Rossiya Segodnya-ს ჰოლდინგი (106 მილიონი ევრო), სადაც შედიან  RIA Novosti, InoSMI და Sputnik.

რუსეთის ბიუჯეტიდან მედიის სუბსიდირებაზე გამოყოფილი ციფრები აჩვენებს, რომ კრემლის პრიორიტეტებში მედიის ნარატივებზე  კონტროლს ცენტრალური ადგილი უკავია.

"

სახელმწიფო მედიაზე კრემლის გამოყოფილი სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, Public Opinion Foundation (FOM)-ის კვლევის მიხედვით, რუსეთში ყოველი სამი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთი ენდობა კრემლის მიერ კონტროლირებად არხებს Первый Канал-სა და Rossiya 1-ს.

რუსეთის მოქალაქეების 20% ფიქრობს, რომ ბოლო წლებში რუსული არხების მაუწყებლობის ხარისხი გაფუჭდა. შედარებისთვის 2015 წელს ამგვარად მხოლოდ 7% ფიქრობდა. რესპოდენტების თქმით, ხარისხის გაფუჭების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობა და პროპაგანდისა და ცენზურის სიმძაფრეა. 

რუსეთში Первый Канал და Rossiya 1 ყველაზე ყურებადი არხებია, თუმცა Первый Канал-ის ნდობის რეიტინგი 2015-2019 წლებში 53%-დან 33%-მდე დაეცა, ხოლო Rossiya 1-ის ნდობა კი იმავე პერიოდში კი 46%-დან 31%-მდე შემცირდა.