Politics

“პუტინის რუსეთში” - დოკუმენტური ფილმი რუსულ იდენტობასა და დეზინფორმაციაზე

10 January, 2020

პუტინის რუსეთში (Inside Putin´s Russia) 2017 წელს მომზადებული დოკუმენტური ფილმია, რომელიც ამერიკული ტელეკომპანია PBS-ის ეთერში გავიდა. იგი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და თანამედროვე რუსეთში არსებულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს. მსგავს თემატიკაზე არსებული სხვა დოკუმენტური ფილმებისგან განსხვავებით, ავტორები, ნიკ შიფრინი და ზაკ ფანინი პირადად ჩავიდნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, ცნობილ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს ინტერვიუები ჩამოართვეს და... ორჯერ დაააპატიმრეს კიდეც. 

დოკუმენტურ ფილმში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ძლიერი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის პიროვნებაზე, მის დამსახურებებზე ერისა და ბერის წინაშე. ფილმის ავტორი მიუთითებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი რუსული იდენტობის მშენებლობაზე, რომელიც რწმენასა და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული. თუმცა, რუსული გაგებით, პატრიოტიზმს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს - იგი ადამიანზე უფრო მაღლა სახელმწიფოს აყენებს, უფრო მეტიც, მისი მეშვეობით ხდება მოსახლეობის გაერთიანება და იმაში დარწმუნება, რომ მხოლოდ ძლევამოსილ რუსეთს შეუძლია მტრების დამარცხება. მეტი კონკრეტიკისთვის, ფილმში ნაჩვენებია კადრები, სადაც რუსი მღვდელი რუსული წარმოების სამხედრო შეიარაღებას “აკურთხებს”.

ფილმის ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეთმობა. ერთ-ერთი ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორ მონაწილეობს რუსული სახელმწიფო მედიის სხვადასხვა სიუჟეტში, აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენების ამსახველ რეპორტაჟებში ერთი და იგივე ქალბატონი, თან სხვადასხვა სახელით და გვარით. რეალურად, ეს ქალბატონი მსახიობია და რუსული პროპაგანდა მას, როგორც კონკრეტული ფაქტების თვითხილველს, ისე “ასაღებს”. ამ მსახიობის შესახებ თავის დროზე “მითების დეტექტორიც” წერდა.

ფილმი ასევე ეხება რუსული ოპოზიციის ქმედებებსა და შედეგებს, რომელიც ხშირად ფატალურად სრულდება - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი, დღემდე ბოლომდე დაუდგენელ ვითარებაში, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. 

2018 წელს, აღნიშნულმა დოკუმენტურმა ფილმმა Peabody-ს ჯილდო მიიღო, ხოლო აშშ-ს ეროვნულმა პრეს-კლუბმა დიპლომატიური რეპორტიორობისთვის Edwin M. Hood-ის სახელობის ჯილდო გადასცა

ფილმი შეგიძლია იხილოთ Youtube-ზე და ტელეკომპანია PBS-ის ოფიციალურ გვერდზე.