Healthcare/Biosafety

აკრძალა თუ არა ჯანმომ აუტოფსია და რამდენად ეფექტიანია PCR ტესტები, სასუნთქი აპარატები, ვაქცინები და რეგულაციები?

25 January, 2021

17 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა Mano Beridze-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც  კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები 21 კითხვის სახითა არის ფორმულირებული. პოსტი პანდემიას, პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, კოვიდინფიცირებულების სტატისტიკას, მკურნალობისა და ტესტირების მეთოდებსა და ვაქცინაციის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ავტორის მტკიცებით,  იმის მიუხედავად, რომ კოვიდ-19-ის  ვირუსი მიცვალებულიდან  არ  გადადის, ჯანმომ მიცვალებულების აუტოფსია აკრძალა,   კოვიდ-19 ინფიცირებისას კი სასუნთქი აპარატების გამოყენება პაციენტთა გარდაცვლებას იწვევს.  პოსტის თანახმად, PCR ტესტების ავტორმა ქერი მულისიმ აღიარა, რომ ტესტებს დიაგნოზის დასმა არ შეუძლიათ, ხოლო შვედეთსა და   ბელორუსში, სადაც პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციები არ მოქმედებდა, ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე  იმ  ქვეყნებში, სადაც   რეგულაციებს   იცავენ;  ვაქცინაცია კი აზრს მოკლებულია, რადგან   ცნობილი ინფექციონისტებისა    და  ბიოლოგების აზრით,   ვირუსი  ყოველ   სეზონზე   სახეს იცვლის  და ვაქცინას არ დაექვემდებარება. 

22 იანვრის მონაცემებით, პოსტს 156 გაზიარება აქვს. იმავე დღს იდენტური ტექსტი ავტორის მითითებით ფეისბუკ მომხმარებელმა Daji Mamulishvili-მაც გამოაქვეყნა, რასაც 131 გაზიარება აქვს. 

;;

გამოქვეყნებული პოსტი დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ მოსაზრებებს შეიცავს, რადგან:  1. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას COVID-19-ით გარდაცვლილთა აუტოფსია არ აუკრძალავს, COVID-19-ით ინფიცირებულის გვამი კი შესაძლოა ვირუსის გავრცელების წყარო იყოს. 2. სასუნთქი აპარატების გამოყენება COVID-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალებას არ იწვევს, პირიქით მათ სუნთქვასა და გადარჩენაში ეხმარება. 3. პისიარ ტესტების ავტორს  ქერი მალისს არ უთქვამს, რომ ტესტებს დიაგნოზის დასმა არ შეუძლია. 4. შვედეთი ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო 2020 წლის მაიში, ბელორუსიაში კი მედია მონაცემების გაყალბების შესახებ საუბრობს. 5. ვაქცინაცია აზრს მოკლებული არ არის,  რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ვაქცინას, მით უფრო ნაკლები მუტაციის შესაძლებლობა ექნება ვირუსს.

  1. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას COVID-19-ით გარდაცვლილთა აუტოფსია არ აუკრძალავს, COVID-19-ით ინფიცირებულის გვამი კი შესაძლოა ვირუსის გავრცელების წყარო იყოს. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას COVID-19-ით ინფიცირებული გარდაცვლილების აუტოფსია არ აუკრძალავს, უფრო მეტიც, ამ საკითხთან დაკავშირებით  WHO– მა სპეციალური რეკომენდაცია გამოაქვეყნა. ჯანმოს თანახმად, გარდაცვლილის გაკვეთა, რომელიც სავარაუდოდ ან დადასტურებულად  COVID-19-ით იყო ინფიცირებული, სრულიად შესაძლებელია. თუმცა აღნიშნულია, რომ  ეს პროცესი უსაფრთხოების გარკვეული ნორმების დაცვით უნდა შესრულდეს, რათა იმ პერსონალის დაინფიცირების რისკი, რომელიც აუტოფსიას შეასრულებს, თავიდან იქნას აცილებული. .  

;

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, ჯანმო  წევრ ქვეყნებს მისი მითითებების დაცვას ვერ აიძულებს. რეგულაცია სავალდებულო ხასიათის არ არის და რეკომენდაციის სახე აქვს. 

  1. სასუნთქი აპარატების გამოყენება COVID-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალებას არ იწვევს, პირიქით მათ სუნთქვასა და გადარჩენაში ეხმარება

სასუნთქი აპარატი ჟანგბადით გამდიდრებულ  ჰაერს აწვდის ისეთ პაციენტს, რომელსაც ტრავმის ან რაიმე დაავადების გამო საკუთარი ძალებით ადეკვატურად სუნთქვა არ შეუძლია. სუნთქვის აპარატი, რა თქმა უნდა, დაავადებას არ კურნავს, მაგრამ მას პაციენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში დახმარების გაწევა შეუძლია, სანამ ის ინფექციას ებრძვის ან მისი სხეული დაზიანებისგან იკურნება. ვენტილაცია, ასევე ქირურგიული ოპერაციების დროს სუნთქვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით გამოიყენება.

როგორც ცნობილია, COVID-19 ფილტვებს ესხმის თავს და ზოგჯერ პოტენციურად სასიკვდილო მდგომარეობას, მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომს (ARDS) იწვევს. აღნიშნული სინდრომის განვითარების დროს ალვეოლები (პატარა საჰაერო ტომრები, რომლებიც სისხლს ჟანგბადის მიღებასა და ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებაში ეხმარება)  სითხით ივსება, რაც ფილტვების უნარს, უზრუნველყონ სასიცოცხლო ორგანოები საკმარისი ჟანგბადით, ამცირებს.

შიში იმის შესახებ, რომ სასუნთქმა აპარატებმა შესაძლოა COVID-19 -ით ინფიცირებულთა გარდაცვალება გამოიწვიოს მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2020 წლის აპრილში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ნიუ იორკის საავადმყოფებში ამ აპარატებზე მიერთებული კორონავირუსიანი პაციენტების 88% გარდაიცვალა.

კარინა დევიდსონმა, ნორთველის კვლევის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნულ რიცხვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  ციფრები სწორია, მაგრამ მათ გარდაცვალებასთან სასუნთქ აპარატებს კავშირი არ აქვს.  

;

ნორთველი ერთ- ერთი პირველი საავადმყოფო იყო, რომელმაც COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მიღება დაიწყო და დევიდსონის თქმით, პანდემიის დასაწყისში საავადმყოფო გაცილებით დიდ ხანს იცდიდა, რომ პაციენტის სასუნთ აპარატზე შეერთების გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან მათ არ იცოდნენ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლებოდა განვითარებოდათ პაციენტებს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. თუმცა, ახლა დევიდსონი ამბობს, რომ  როდესაც პაციენტები კომის მდგომარეობაში ან სუნთქვის გართულებებით შემოდიან საავადმყოფოში, სასუნთქი აპარატი არის გადარჩენის საშულება, რომელიც პაციენტებს სიცოცხლის გახანგრძლივების შანსს აძლევს. 

  1. PCR ტესტების ავტორს, ქერი მალისს არ უთქვამს, რომ ტესტებს დიაგნოზის დასმა არ შეუძლია.

განცხადება, თითქოს PCR ტესტებს დიაგნოზის დასმა არ შეუძლია, PCR ტესტების ავტორს ქერი მალისს არასოდეს გაუკეთებია. ეს ინფრომაცია Reuters-მა გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ  მსგავსი განცხადება სინამდვილეში არა ავტორმა, არამედ ჯონ ლაურიტსენმა 1996 წლის დეკემბერში საკუთარ სტატიაში გააკეთა, რომელიც აივ შიდსს  შეხებოდა და არა COVID-19-ს.

;

ამასთან ლაურიტსენი სტატიაში არ ამბობს, რომ  PCR ტესტები არ მუშაობს. არამედ იგი განმარტავს, რომ PCR განსაზღვრავს ნივთიერებების არსებობას თვისებრივად და არა რაოდენობრივად. 

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპიკერმა PCR ტესტების ეფექტიანობის შესახებ განაცხადა, რომ  PCR ტესტი არის ოქროს სტანდარტი ისეთი ვირუსების იდენტიფიკაციისთვის, როგორიცაა SARS-CoV- 2 (COVID-19 -ის გამომწვევი), ამასთან ეს ტესტი პასუხს სწრაფად იძლევა. მისი თქმით:  ”PCR– ით ვირუსული მასალის აღმოჩენა არ მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი არის სრულად ინფექციური, ანუ შეუძლია გამოიწვიოს  სხვა ადამიანების ინფიცირება. ამის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიებშია შესაძლებებლი და  შრომატევადი,  რთული პროცესია."

  1. შვედეთი ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო 2020 წლის მაიში, ბელორუსიაში კი მედია მონაცმების გაყალბების შესახებ საუბრობს. 

ბელარუსი სიკვდილიანობის მაჩვენებლით და 1619 გარდაცვალებულით, ამჟამად 76 ადგილზეა.  სპეციალისტების შეფასებით, ბელარუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა ფაქტორით არის  განპირობებული. 

ექსპერტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს დაბალი მაჩვენებელია და ძირითადად  იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანას საავადმყოფოების დიდი რესურსი აქვს. ამის შესახებ  ანდრეი ვიტუშკამ, ვილნიუსში, ლიეტუვაში მდებარე ბელორუსის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტმა განაცხადა. მისი თქმით, ბელაურსს ყოველ 1000 ადამიანზე 11 საავადმყოფოს საწოლის შესაძლებლობა აქვს. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს  ქვეყანაში პანდემიის პირველი ეტაპზე მასობრივი ტესტირების დაწყება. აპრილის დასაწყისში კი ქვეყანამ საკუთარი სწრაფი ტესტების  საცდელი კომპლექტი შეიმუშავა და  შიდა წარმოების ტესტების გამოყენებაზე გადავიდა.  მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 32 ლაბორატორიაა, რომელიც ტესტების ნიმუშებს შეისწავლის.

;

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2020 წლის ნოემბერში მედია  ბეალრუსში სტატისტიკის სავარაუდოდ გაყალბებასთან დაკავშირებით წერდა.  Belarusdigest.com-ის თანახმად, 2 ნოემბერს პათოლოგანატომმა ოლგა რავინსკაიამ მინსკიდან განაცხადა:

”მინსკში, 2020 წლის აპრილში, ვირუსის შემთხვევების პიკის დროს, ყოველდღიურად დაახლოებით 17-20 გარდაცვლილი ადამიანი მოჰყავდათ, შავი ტომრებით რომელთა გახსნაც აკრძალული იყო.  ბარანავიჩიში, ვირუსის პიკის დროს, დაახლოებით 3-4 ადამიანი იღუპებოდა ყოველ დღე  COVID-19- ისგან ”.

ოფიციალური მონაცემებით, აპრილში ბელორუსში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 3-4 ადამიანი იღუპებოდა, თუმცა როგორც ოლგა რავინსკაიამ აღნიშნა, გარდაცვლილთა იგივე რაოდენობა  მხოლოდ ქალაქ ბარანავიჩიში იყო. ამ ქალქში კი 175 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

16 ოქტომბერს ექსპერტის ანდრეი ელისეევის (ბელორუსი) კვლევაც გამოქვეყნდა,  მისი  თქმით, ბელორუსში კორონავირუსით იმაზე ათჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა იუწყება.

“ჩვენს ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობის მონაცემები ხელისუფლებამ გაეროს წარუდგინა  და შემდგომში ეს მონაცემები სწორედ გაეროს მიერ გამოაქვეყნდა. ამის წყალობით, ცხადი გახდა, რომ აპრილიდან ივნისამდე, ბელორუსში სიკვდილიანობამ წინა წლების საშუალო  მაჩვენებლებს  დაახლოებით 5 500-ით გადააჭარბა. თუ გასული წლის მაისში ბელორუსში დაახლოებით 10,600 ადამიანი გარდაიცვალა, 2020 წლის მაისში ეს რიცხვი 12,000 იყო.  2019 წლის ივნისში დაახლოებით 9 300 ადამიანი გარდაიცვალა, 2020 წელს კი - 13 000-ზე მეტი.”

რაც შეეხება შევდეთს, გარდაცვლილთა რაოდენობით ის 30-ე ადგილს იკავებს, 10,797 გარდაცვალების შემთხვევით. ინფიცირებულთა რაოდენობით კი 29-ე ადგილზეა, 537,967 დადასტურებული შემთხვევით. ამგვარად, შვედეთს ინფიცირებისა და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლი არ აქვს, პირიქით შვედეთში კორონავირუსით სიკვდილიანობა ერთ სულ მოსახლეზე 2020 წლის  მაისში  ყველაზე მაღალი იყო.

;

თუმცა, შვედეთში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად ივნისის შემდეგ შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი მოხუცთა თავშესაფრების დასაცავად მიღებული ზომების გამკაცრება იყო, ასევე ხუთი თვის მანძილზე მასობრივი შეკრების აკრძალვა, ქვეყნის  ხელისუფლების მოთხოვნა, სოციალური დისტანცირების და მაქსიმალურად სახლიდან მუშაობის რეჟმზე გადასვლის შესახებ და  საზაფხულო არდადეგების პერიოდი, რომლის დროსაც ადამიანებმა ქალაქების დატოვეს.

  1. ვაქცინაცია აზრს მოკლებული არ არის,  რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს  ვაქცინას, მით უფრო ნაკლები მუტაციის შესაძლებლობა ექნება ვირუსს.

კორონავირუსები მუტაციას უფრო ნელა განიცდის, ვიდრე მაგალითად გრიპი და აივ ინფექცია.  მეცნიერებმა SARS-CoV-2 ათასობით სახეობის შესწავლის შემდეგ განაცხადეს, რომ ვირუსი თვეში დაახლოებით ორ მუტაციას ახდენ. მიუხედავად ამისა, ვირუსის საჯარო გენეტიკური მონაცემთა ბაზის GISAID– ის თანახმად, ამჟამად SARS-CoV-2-ის  (რომელიც COVID-19 -ს იწვევს)  12 000 – მდე ვერსიაა აღმოჩენილი. 

ამ ეტაპზე ყველაზე გავრცელებული, ვირუსის ის ვარიანტია, რომელიც იანვარში SARS-CoV-2– ის იდენტიფიკაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაჩნდა, სახელწოდებით D614G. ვირუსის ეს ახალი ვერსია მალევე  დომინანტი გახდა და ევროპის დიდი ნაწილი, ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა დააინფიცირა. ამჟამად შექმნილი ვაქცინები სწორედ ვირუსის აღნიშნული შტამის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

თუმცა, რადგან ამ ეტაპზე, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას  SARS-CoV-2 არ გადაუტანია, შტამებს, რომლებიც ერთი ადამიანიდან მეორეში გადავა, საკუთარი გენეტიკური კოდის გავრცელების უპირატესობა ექნებათ. სწორედ ამიტომ, ჩრდილოეთ კაროლინას ჩაპელ ჰილის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის, მიკრობიოლოგისა და იმუნოლოგის პროფესორის რალფ ბარიკის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს  ვაქცინას და თავს ვირუსისგან დაიცავს, მით უფრო მეტად შეიძლება შეიცვალოს ”ვირუსის ევოლუციის შერჩევის პირობები, რომლებიც ახლა ვირუსის სწრაფ გადაცემას უწყობენ ხელს”. 

ვირუსის ევოლუციის მონიტორინგის საუკეთესო გზა მისი ახალი ვერსიების აღმოჩენაა. ნოემბერში აშშ – ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) დაიწყო  პროგრამა, რომელიც თითოეულ შტატს  კვირაში 10 ინფიცირებულის ნიმუშის გაგზავნას სთხოვს, რათა SARS-CoV-2– ის ცვლილებებს თვალი ადევნონ. თუმცა, ეს ნებაყოფლობითი პროგრამაა. გლობალურად, მეცნიერები GISAID-ის საჯარო მონაცემთა ბაზაში ასევე ავრცელებენ ინფორმაციას SARS-CoV-2-ის გენური მიმდევრობების ცვლილების  შესახებ.

თუ მუტაციური შტამები  ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ მდგრადი გახდება, mRNA ტექნოლოგიას, რომელსაც Pfizer-BioNTech და Moderna-ს  ვაქცინა ეფუძვნება, შეუძლია ახალი ვაქცინის შემუშავება იმაზე მცირე დროში უზრუნველყოს, ვიდრე ვაქცინის პირველი ვერსიის შემუშავებას დასჭირდა. ეს პროცესი დაახლოებით ისე იქნება, როგორც გრიპის ვაქცინის შემთხვევაში, რომელიც  ყოველწლიურად იცვლება. 

პოსტში ასევე შემდეგ დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს ვხვდებით, რომლებიც  მითების დეტექტორმა უკვე გადაამოწმა: 


მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა


არქივის ბმულები:
Mano Beridze-ის პოსტი
Daji Mamulashvili-ის პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.