Healthcare/Biosafety

ბრიტანეთში ვაქცინაციის სტატისტიკაზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

28 July, 2021

23 ივლისს ალტ-ინფოს მხარდამჭერმა ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ ფეისბუკში გამოაქვენა პოსტი, სადაც წერს, რომ სოციალულ ქსელ Telegram-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვითაც, დიდ ბრიტანეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა შორის ვაქცინირებულთა სიკვდილის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე არავაქცინირებულების.  ვარდოსანიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მან სრული დოკუმენტი მოიპოვა, რაც მხოლოდ მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისთვის იქნებოდა გასაგები. 
;
ბექა ვარდოსანიძის პოსტი შეცდომაში შემყვანია და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და ვაქცინაციის სტატისტიკის სრულ სურათს არ აჩვენებს. რეალურად, ბოლო 6 თვეში კოვიდ19-ით ინფიცირებულთაგან ნახევარზე მეტი არავაქცინირებული იყო, ხოლო ვაქცირებულთა გარდაცვალების შემთხვევებმა არავაქცინირებულების სიკვდილიანობის მაჩვენებელს მხოლოდ 50+ ასაკობრივ კატეგორიაში გადააჭარბა, სადაც სიკვდილის რისკი ვირუსისთვის დამახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე გაზრდილია. 

ბექა ვარდოსანიძის მიერ ნახსენები დოკუმენტი 23 ივლისს ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა (PHE) გამოაქვეყნა, დოკუმენტი სააგენტოს რიგით მე-19 ტექნიკურ Breifing-ს წარმოადგენს და წინა დოკუმენტების მსგავსად, საჯაროა. PHE-ს ანგარიში ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელებას და პანდემიურ მდგომარეობას ეხება. 23 ივლისს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში  კორონავირუსით ჯამში 229 218 ადამიანი დაავადდა, მათგან ნახევარზე მეტი -  121 402 არავაქცინირებული იყო. ხოლო იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა ჰქონდათ მიღებული, მხოლოდ 28 773 დაინფიცირდა. ჯამში ინფიცირებული 229 219-დან უმრავლესობა (205 549) 50 წლამდე ადამიანია. 

;
აღსანიშნავია, რომ  ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი 50+ ასაკის ადამიანებში ყველაზე მაღალია, რადგან ამ რისკ ჯგუფის წარმომადგენლები ვაქცინაციის პირველივე ფაზაში პრიორიტეტს წარმოადგენდნენ. 

23 ივლისის მონაცემებით,  ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 70+ ასაკის ადამიანებშია, ხოლო საერთო ჯამში დიდი ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის 90%-ზე მეტს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიღებული აქვს. ;
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 1-ლი თებერვლიდან 19 ივლისის ჩათვლით დაინფიცირებული 229 218 ადამიანიდან 460 გარდაიცვალა, მათგან 45 ადამიანი 50 წლამდე იყო, 415 კი -  50+. 

ხაზგასასმელია, რომ 50 წლამდე ასაკის გარდაცვლილი 45 ადამიანთაგან 34 არავაქცინირებული იყო. მართალია 50+ ასაკის ინფიცირებულ ადამიანებში ორივე დოზით ვაქცინირებულ გარდაცვლილთა რიცხვი არავაქცინირებულ გარდაცვლილთა რიცხვს 89-ით აღემატება, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში 2 337 ადამიანი არავაქცინირებული იყო და მათგან 131 დაიღუპა, რაც მთელი რაოდენობის 5.6%-ია, ხოლო ორჯერადად ვაქცინირებული 13 427 მოქალაქიდან, გარდაიცვალა 220, რაც მთელი რაოდენობის 1.6%-ს შეადგენს. 

;
დიდი ბრიტანეთის ბასის უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტიან იეთსი ორჯერ ვაქცინირებულთა გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნებულ თავის განმარტებაში ამგვარ პარალელს ავლებს: საზოგადოებაში, სადაც ყველა ადამიანი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით იქნება აცრილი, მართალია, ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა სიკვდილის შემთხვევები სრულად ვაქცინირებულებში მაინც იქნება. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს და საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი არ მოაქვს. 

კემბრიჯის უინსტონის ცენტრის კვლევის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვალების რისკი ყოველ შვიდ წელიწადზე ორჯერ იმატებს, რაც ნიშნავს, რომ 70 წლის ინფიცირებულის შემთხვევაში სიკვდილის 32-ჯერ მეტი შანსია, ვიდრე 35 წლის ინფიცირებულის შემთხვევაში. დოქტორი იეთსის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები ჰოსპიტალიზებისა და გარდაცვალების რისკს დაახოლოებით 96%-ით ამცირებს, ხანდაზმული ორჯერადად აცრილი ადამიანების შემთხვევაში კორონავიურისთ გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე არავაქცინირებული ახალგაზრდების შემთხვევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციას შედეგი არ მოაქვს. PHE-სა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ანალიზის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში 27 ივნისამდე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების საშუალებით 30 300 გარდაცვალების, 46 300 ჰოსპიტალიზაციისა და 8 151 000 ინფიცირების შემთხვევის პრევენცია მოხდა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვიდილიანობის დღიური მაჩვენებელი ბრიტანეთში 2021 წლის აპრილიდან დღემდე, 2021 წლის ზამთრის თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია: 2021 წლის 25 იანვრის მონაცემებით, 7 დღის განმავლობაში საშუალოდ სიკვდილიაობის 1 241 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ხოლო 27 ივლისის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 69-ია. 

;
წყარო:Worldometers
;
წყარო:Worldometers


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.