განკურნა თუ არა ზევ ზელენკომ დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან და რამდენად სარწმუნოა Pfizer-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

77
VIEWS

2021 წლის 24 აგვისტოს Gaioz Mekhrishvili-მა რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ვიდეოზე დაყრდნობით ებრაელი ექიმის ზევ ზელენკოს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ექიმმა ზელენკომ 2020 წლის გაზაფხულზე COVID-19-ის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ჰიდროქსილქლოროქვინის (პლაქვენილის), აზოტომიცინისა და თუთიის კომბინაციას გულისხმობს და ვირუსის წინააღმდეგ 99%-ით ეფექტიანია. როგორც ზელენკო ამტკიცებს, ამ პრეპარატების გამოყენებით ამერიკაში მან სახლის პირობებში ათასობით პაციენტი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კორონავირუსისგან განკურნა. ზელენკოს თქმით, კორონავირუსის ვაქცინები ადამიანების ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, სახიფათოა და აცრილი ადამიანების უმრავლესობა 2-3 წელიწადში სხვადასხვა გართულებით დაიღუპება.
"
გაიოზ მეხრიშვილის პოსტში წყაროდ მითითებული ვიდეო, რომელშიც ზელენკო რაბინებს კორონავირუსის ვაქცინების შესახებ ესაუბრება, 26 აგვისტოს კიდევ ერთმა ქართველმა ფეისბუქ მომხმარებელმა Tornike Zhizhbaia-მ რუსულენოვანი მომხმარებლის Мария Шукшина-ს პროფილიდან გააზიარა. ზემოთ დასახელებული მტკიცებების გარდა, ნახევარსაათიან ვიდეოში ზელენკო აღნიშნავს, რომ ვაქცინაში შემავალი სპაიკ ცილები განსაკუთრებით საშიშია და თუ მოკლევადიან პერიოდში თრომბოზებს, გულის კუნთის ანთებასა და ფეხმძიმობის შეწყვეტის გაზრდილ რისკებს იწვევენ, რამდენიმე წლის შემდეგ აცრილებში იმუნური დაავადება ADE-ის, სიმსივნეებისა და გარდაცვალების მიზეზი გახდება, რადგან ცხოველებზე გამოცდისას ვაქცინებმა ეს გვერდითი ეფექტები აჩვენეს და VAERS-ისა და CDC-ის ბაზებში არსებული მონაცემებით ვაქცინით უკვე 45 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

 

"
ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებლებმა 2021 წლის 25 აგვისტოს კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოში იმავე რაბინებს, რომლებსაც ზევ ზელენკო ესაუბრა, ამერიკელი მკვლევარი, Pfizer-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ იედონი კორონავირუსის წანააღმდეგ ბავშვების ვაქცინაციისა და პირბადეების შესახებ ესაუბრება. აღნიშნული ვიდეო ქართული გახმოვანებით Youtube არხმა PKTV-მ 26 აგვისტოს გაავრცელა, ხოლო ფეისბუქზე ვიდეო ლადო ჩხეტიანმა, Grande Costantino-მ, ლიზა გუდიაშვილ-მა, Doctors Charlz-მა და პანი ბეღურამ გააზიარეს. ვიდეოში ნათქვამია, რომ იგი ისრაელში რაბინების მიერ ჩატარებული სასამართლოს ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს, აღნიშნული სასამართლოს ჩატარების მიზეზი კი კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული რისკების შესახებ დაგროვებული “წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის” მტკიცებულებები გახდა. ზოგიერთი ფეისბუქ პოსტის მიხედვით, მაიკლ იედონისა და ზევ ზელნკოს მონაწილეობით რაბინთა სასამართლომ (Beit Din) პროცესი 2021 წლის 27 ივლისს გამართა.

ვიდეოში ფაიზერის ყოფილი დირექტორი მაიკლ იედონი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის საინააღმდეგო ვაქცინით ბავშვები არ უნდა აიცრან, რადგან მათთვის ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რისკები ძალიან დაბალია და ბავშვებისთვის ვაქცინის გვერდითი მოვლენები ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე COVID-19. იედონის თქმით, სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვების შემთხვევაში კორონავირუსის ვაქცინის გვერდითი მოვლენებით გარდაცვალების რისკი 25 000 ბავშვიდან 1 შემთხვევაში არსებობს მაშინ, როცა კორონავირუსით 100 000-დან 1 ბავშვი იღუპება. ვიდეოში იედონი იმასაც აღნიშნავს, რომ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ პირბადეები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეფექტიანია.

"
გავრცელებული ვიდეოები დეზინფორმაციულ და დაუსაბუთებელ მტკიცებებს შეიცავს. არ არსებობს ვალიდური მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ექიმი ზელენკოს მეთოდი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია, ხოლო მტკიცება, თითქოს ზევ ზელენკომ დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან განკურნა, დეზინფორმაციაა. ამასთანავე, როგორც კლინიკური კვლევები, ისე  სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ვაქცინაციის პროგრამები აჩვენებს, რომ ამჟამად ავტორიზებული კორონავირუსის ვაქცინები ბავშვებისთვის უსაფრთხოა და მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

  • არ არსებობს ვალიდეური მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ექიმი ზელენკოს მეთოდი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია. მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ რეკომენდაციას არცერთი ავტორიტეტული ორგანო და მარეგულირებელი არ უწევს.

ნიუ იორკის შტატის ებრაულ თემში მომუშავე ექიმმა ზევ ზელენკომ პოპულარობა 2020 წლის მარტში მოიპოვა, როდესაც განაცხადა, რომ კორონავირუსს სამი მედიკამენტის “კოქტეილის” გამოყენებით წარმატებით კურნავდა და ამ მეთოდით თავის თემში ასობით პაციენტი განკურნა. რეალურად, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები და ვალიდური კვლევები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ზევ ზელენკოს მიერ გამოყენებული მედიკამენტების (მალარიის საწინააღმდეგო ჰიდროქსილქლოროქვინი/პლაქვენილი, აზომიციტინი და თუთიის საკვები დანამატი) კომბინაციას კორონავირუსის განკურნება შეუძლია.

2020 წლის მარტში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცახადა, რომ ზევ ზელენკოს მიერ გამოყენებული ერთ-ერთი მედიკამენტი მალარიის საწინააღმდეგო ჰიდროქსილქლოროქვინი (პლაქვენილი) კორონავირუსს კურნავდა და პრეპარატს მცირე დოზით თვითონაც იღებდა, რის შემდეგაც ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ (FDA) პრეპარატს გადაუდებელი საჭიროებისთვის გამოყენების ავტორიაზია მისცა, თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის ეფექტიანობის დამადასტურებელი ერთმნიშნველოვანი მონაცემები ჯერ კიდევ არ არსებობდა. FDA-ის მიერ გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაციის მინიჭების პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის გამოყენებას შესაძლო მძიმე გვერდითი ეფექტებისა და სარგებლიანობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო რეკომენდაციას არ უწევდნენ. გადაუდებელი საჭიროებისთვის გამოყენების ავტორიზაცია პლაქვენილს მალევე FDA-მაც შეუჩერა. 2020 წლის 15 ივნისს FDA-მ განაცხადა, რომ შემთხვევითი შერჩევით ჩატარებული კლინიკური კვლევის მონაცემების შესწავლის შედეგად, პრეპარატის ეფექტიანობა კორონავირუსის წინააღმდეგ არ დადასტურდა. კლინიკურ კვლევაში ჩართული პაციენტების დაავადების დინამიკაზე პლაქვენილით მკურნალობას პრაქტიკულად არავითარი დადებითი ეფექტი არ ჰქონია. მოგვიანებით ჰიდროქსილქლოროქვინის ეფექტიანობის შესახებ ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ სხვა კვლევებიც, რომლებშიც ათასობით ადამიანი იყო ჩართული.

2020 წლის მარტში ზევ ზელენკოს თავისი მეთოდის ეფექტიანობის დამადასტურებელი კვლევის მონაცემები არ გამოუქვეყნებია. ზელენკოს კვლევის შედეგები 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, თუმცა კვლევის მეთოდოლოგია სამეცნიერო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. კვლევაში მხოლოდ 518 ადამიანის მონაცემებია შესული, რომელთაგანაც ზელენკოს “კოქტეილი” 141 პაციენტმა მიიღო, ხოლო დანარჩენი 377 პაციენტი კვლევისგან დამოუკიდებლად მკურნალობდა და ზელენკო თავის პაციენტებს მათ მონაცემებს ადარებდა. ზელენკოს 140 პაციენტი მართლაც გამოჯანმრთელდა, თუმცა კვლევაში არ მონაწილეობდა პლაცებო და კონტროლ ჯგუფები, ხოლო კვლევის  მეთოდოლოგია არ ითვალისწინებდა შესაბამის პროტოკოლს, რომელიც მიუკერძოებელი და ობიექტური შედეგების მიღებას უზრუნველყოფდა.

  • მტკიცება, თითქოს ზევ ზელენკომ დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან განკურნა დეზინფორმაციაა.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი პლაქვენილს პოპულარიზაციას უწევდა, ზელენკოს მტკიცება, თითქოს კორონავირუსისგან დონალდ ტრამპი განკურნა, დეზინფორმაციაა. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსით 2020 წლის 2 ოქტომბერს დაინფიცირდა და მას უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში სხვადასხვა მეთოდით მკურნალობდნენ. ტრამპის მკურნალობისას მედიკოსები სხვადასხვა პრეპარატსა და აგენტს იყენებდნენ, მათ შორის რემდესივირს, დექსამეტაზონს, ანტისხეულების ექსპერიმენტულ თერაპიას და ა.შ. ტრამპის მკურნალობის შესახებ დეტალურ განცხადებებს თეთრი სახლის მთავარი მედიკოსი სინ კონლი ავრცელებდა. არც დონალდ ტრამპს და არც თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს არასდროს უთქვამთ, რომ კორონავირუსისგან დონალდ ტრამპის განკურნებაში ექიმი ზევ ზელენკო რაიმე ფორმით მონაწილეობდა. პრეზიდენტის ექიმების მიერ ზელენკოს “კოქტეილის” რომელიმე კომპონენტის, მათ შორის პლაქვენილის, გამოყენების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება მართალია, დონალდ ტრამპი 2020 წლის მარტში კორონავირუსის წინააღმდეგ პლაქვენილის გამოყენებას აქტიურად უჭერდა მხარს, თუმცა როდესაც კორონავირუსით დაინფიცირდა, ღია წყარიებში არსებული ინფორმაციის თანახმად, პლაქვენილით არ უმკურნალია.

  • კლინიკური კვლევები და სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ვაქცინაციის პროგრამები აჩვენებს, რომ ამჟამად ავტორიზებული კორონავირუსის ვაქცინები ბავშვებისთვის უსაფრთხოა. 

გავრცელებულ ვიდეოებში ზევ ზელენკო და მაიკლ იედონი ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვთა ვაქცინაცია კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ბავშვებს ვირუსით ინფიცირების და დაავადების მძიმე ფორმით გადატანის მინიმალური რისკი აქვთ, ხოლო ვაქცინის გვერდითი მოვლენები მათთვის შეიძლება უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე კორონავირუსი. ზელენკოსა და იედონის მტკიცებები ნაწილობრივ მცდარია. მართალია, ბავშვებში კორონავირუსით მძიმედ ინფიცირება ძალიან იშვიათია, მაგრამ ბოლომდე გამორიცხული არ არის. მეცნიერებში ბავშვების საყოველთაო ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პოზიცია ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფების ვაქცინაციის შესახებ არსებული კლინიკური მონაცემების მიხედვით კორონავირუსის ვაქცინები ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეფექტიანია, შესაბამისად იედონისა და ზელენკოს მტკიცებები ვაქცინაციის რისკებთან დაკავშირებით დაუდასტურებელი და გაზვიადებულია. გარდა კლინიკური კვლევებისა, იმ ქვეყნების მონაცემები, სადაც კორონავირუსის ვაქცინების ადმინისტრირება 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში ხდება, ვაქცინის უსაფრთხოებას ადასტურებს. მაგალითად, ისრაელში 29 ივლისის მონაცემებით Pfizer-ის ვაქცინით აცრილი 200 000 თინეიჯერიდან სერიოზული გვერდითი მოვლენა – მიოკარდიტი, რომელსაც ჯანდაცვის ექსპერტები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, მხოლოდ 3 შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ვაქცინასთან დაკავშირებული ლეტალობა არ დაფიქსირებულა. თუმცა, მეცნიერები ბავშვებში კვლევების გაგრძელების საჭიროებას არ უარყოფენ.

ბავშვებში კორონავირუსის ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ ამერიკის მონაცემებზე დაყრდნობით “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:
თოფურია ვაქცინებით ბავშვების სიკვდილიანობის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვების ვაქცინაციის კამპანიას მხარს არ უჭერს, რადგან ბავშვებში კორონავირუსის მძიმე ფორმით ინფიცირების დაბალი რისკის გამო ჯანმოს რეკომენდაციით ვაქცინების დოზები პირველ რიგში იმ ქვეყნების მოწყვლადი ჯგუფების აცრას უნდა მოხმარდეს, რომლებიც მოწინავე ქვეყნებს ვაქცინაციის ტემპებით ჩამორჩებიან.

ვიდეოთი გავრცელებული სხვა მცდარი ინფორმაცია 

ზევ ზელენკოსა და მაიკლ იედონის ვიდეოებში იმ მცდარ ინფორმაციასაც ვხვდებით, რომლებზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

  • მტკიცება, თითქოს ვაქცინირებულთა უმრავლესობა 2-3 წელიწადში სხვადასხვა გართულებით, მათ შორის ანტისხეულებზე დამოკიებული გაძლიერებით (ADE) დაიღუპება, უსაფუძვლოა. ანტისხეულებზე დამოიკდებული გაძლიერება კორონავირუსის ავტორიზებული ვაქცინების არც პრე-კლინიკურ და არც კლინიკურ კვლევებში, ასევე არც ვაქცინაციის კამპანიის დაწყების შემდეგ არ დაფიქსირებულა. 

ვინ ავრცელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ნობელის პრემიის ლაურეატის ყალბ ციტატას?
ინფოდემია “ობიექტივის” ეთერში

  • ინფორმაცია, თითქოს CDC-ის მონაცემებით ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინით 45 000 ადამიანი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვაქცინების მონიტორინგის ინსტრუმენტის VAERS-ის ბაზის მონაცემების მიხედვით ვაქცინის მიღების შემდეგ 6968 ამერიკელი დაიღუპა, თუმცა ეს მონაცემები ვაქცინით გამოწვეულ გარდაცვალების დადასტურებულ შემთხვევებს არ ასახავს, რადგან ბაზაში მონაცემების ასახვა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია და დამატებით სამედიცინო შესწავლას საჭიროებს.

დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინის მიღებიდან 3 დღეში 45 000 ადამიანი გარდაიცვალა
რა არის VAERS-ის სისტემა და რა ვიცით ამერიკაში ვაქცინაციის პროცესზე?

  • რნმ ვაქცინების შედეგად სინთეზირებული სპაიკ ცილა ტოქსიკური არ არის.  სპაიკ ცილის დონე სისხლში ძალიან მცირეა, ის ორგანიზმში თავისუფლად არ გადაადგილდება და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის სისხლძარღვებს და ადამიანის სხვა ორგანოებს აზიანებს. 

არის თუ არა სპაიკ ცილა ტოქსიკური და რა აჩვენა კვლევებმა ვაქცინირებული დედის რძეზე?
ვინ არის რნმ ტექნოლოგიის გამომგონებელი და განაცხადა თუ არა მან, რომ ვაქცინები მავნებელია?

  •  სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ პოპულაციურ დონეზე პირბადეების და სახის დამცავი საშუალებების ტარება კორონავირუსის ტრანსმისიას ამცირებს. 

გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?

რაბინების “სასამართლო პროცესის” შესახებ

კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ 2021 წლის 27 ივლისს ჩატარებული რაბინების სასამართლოს შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა რუსულენოვან სოციალურ ქსელსა და პლატფორმაზე 2021 წლის 22 აგვისტოდან ვრცელდება და ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ მაიკლ იედონისა და ზევ ზელენკოს ვიდეოები სარგებლობენ.

"
“სასამართლო პროცესის” სრული ჩანაწერი ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ებრაულენოვან ვებ-გვერდზე educated-choice.co.il, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბებული ასოციაციის “ვაქცინები – ინფორმირებული არჩევანი” ონლაინ პლატფორმაა და ძირითადად ვაქცინაციის საწინააღმდეგო შინაარსის სტატიებსა და ვიდეოებს აქვეყნებს. 3 საათიან ვიდეოში რაბინები შალომ ქარლებახი, აბრაამ დოიჩი და ეფრემ ლანდი კორონავირუსის ვაქცინების შესახებ ათამდე რესპოდენტს ესაუბრებიან, თუმცა რაბინები არ ამბობენ, რომ ისინი სასამართლო პროცესს ატარებენ. ისინი ონლაინ პლატფორმით ჩატარებულ შეხვედრას “კონფერენციად” მოიხსენიებენ, რომელიც ექსპერტების მოსაზრებების გაცნობას და მსჯელობას ეთმობა.

რაც შეეხება რაბინების სასამართლოს (Beth Din), იგი იუდაურ თემში რელიგური და ჩვეულებითი სამართლის მნიშვნელოვანი ელემენტია და ფორმალურად მისი ჩატარება რელიგიურ სამართალში განსწავლულ სამ ებრაელს ნებისმიერ დროსა და ადგილზე შეუძლიათ. თანამედროვე ისრაელში რაბინების სასამართლოები ძირითადად რიტუალური საკითხების, ზოგ შემთხვევაში კი სამოქალაქო დავების გადასაწყვეტად იმართება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ულტრა-ორთოდოქსული იუდაიზმის მიმდევარ თემებში ვაქცინაციას მოწინააღმდეგეები ჰყავს, თუმცა ისრაელის ვაქცინაციის კამპანიის პერიოდში ვაქცინაციის მხარდამჭერი განცხადებები არაერთმა ავტორიტეტულმა რაბინმა გაავრცელა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist