Քաղաքականություն

საქინფორმი და ზახაროვა სკრიპალის მოწამვლის საქმეში “ქართული კვალს” ეძებენ

20 Ապրիլ, 2018

2018 წლის 16 აპრილს ონლაინ გამოცემამ “საქინფორმი” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ის სკრიპალის მოწამვლის საქმეს საქართველოში მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობას უკავშირებს.

საქინფორმი: “დიდ ბრიტანეთში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში, შესაძლოა, „ქართული კვალი“ გამოჩნდეს. ამ თემის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა აშშ-ის სამხედრო უწყების სამედიცინო-ბიოლოგიური აქტიურობის შესახებ, მათ შორის - საქართველოში.”

საქინფორმი 2018 წლის 12 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებებს იმეორებს. ზახაროვა სკრიპალის მოწამვლის საქმეზე კომენტირებისას აღნიშნავს, რომ რუსეთის საზღვრებთან პენტაგონის სამედიცინო-ბიოლოგიური მასშტაბური საქმიანობა მათ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ბიოლოგიური იარაღი და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის მიერ დაგეგმილი ბიო დივერსიაა.

2018 წლის 12 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიების შესახებ ისაუბრა და ლონდონი დეზინფორმაციის ტალღის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ ზახაროვა “პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის ბიოლაბორატორიების” საკითხს შეეხო, რითაც სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა არაპირდაპირ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრებს დაუკავშირა.

მარია ზახაროვა: “პოსტ-საბჭოთა სივრცეში აშშ-ის საქმიანობის მასშტაბი ჩვენს შეშფოთებას იწვევს. აშშ, პენტაგონის დაფინანსებით, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიკორბიოლოგიურ ლაბორატორიებს ქმნის. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2013 წელს თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში ბიოლოგიური დაცვის მესამე დონის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც განსაკუთრებით საშიშ გამაღიზიანებლებთან  ცდების ჩატარების საშუალებას იძლევა. დღეს ეს "რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრია."

საქართველო, უკრაინასთან ერთად, როგორც “ნოვიჩოკის” შესაძლო მწარმოებელი ქვეყნები, პირველად 13 მარტს, სკრიპალის მოწამვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ტელევიზია Звезда-მ და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა ფრანც კლინცევიჩმა გაავრცელეს. კლინცევიჩი არ გამორიცხავდა, რომ ბრიტანეთში მომწამვლელი ნივთიერება “ნოვიჩოკი” საქართველოს ან უკრაინის ტერიტორიებიდან მოხვდა. საქართველო და უკრაინა ამ სიაში იმ ნიშნით მოხვდა, რომ აქ საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრები ფუნქციონირებენ. საქართველო და უკრაინა შეთქმულების სამიზნე კი იმიტომ გახდა, რომ აქ საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრები ფუნქციონირებენ, რომლებსაც კრემლისტური ჯგუფები ბიო-ქიმიურ დივერსიებსა და ინფექციების გავრცელებაში ადანაშაულებენ.

"

აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის მზადება და რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ბიო დივერსია კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი წამყვანი თემაა.
რუსული მედიისგან და რუსი პოლიტიკოსებისგან მუდმივად გვესმის, რომ აშშ რუსეთის საზღვრებთან ახლოს ქმნის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანიც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ახალი თაობის ბიოლოგიური იარაღის დამზადებაა. რუსული პროპაგანდის ეს გზავნილი ქართულ მედიაშიც აისახება და მიმართულია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, რომელსაც ქართული კრემლისტური ჯგუფები ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში, ვირუსების გავრცელებასა და საქართველოს მოსახლეობაზე ცდების ჩატარებაში სდებს ბრალს.  

რუსი პოლიტიკოსებისა და ქართული მედიის მიერ სკრიპალის საქმის ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირება ლაბორატორიის წინააღმდეგ არსებული კონსპირაციული კამპანიისა და შავი პროპაგანდის ნაწილია, რომელიც ლაბორატორიის დაარსების დღიდან ვრცელდება.

2015 წელს რუსულ და ქართულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სირიაში გამოყენებული ქიმიური იარაღი საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაში დამზადდა. 2016 წელს კი შეთქმულების თეორიის მონაწილეები ამტკიცებდნენ, თითქოს ზიკას ვირუსს აფხაზეთის ტერიტორიაზე სწორედ ლუგარის ლაბორატორია ავრცელებდა. ვრცლად ლაბორატორიის წინააღმდეგ არსებული გზავნილებისა და წყაროების შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული პუბლიკაცია.

პროპაგანდის მეთოდები:

Ad nauseam-ის ტექნიკა, რომელიც ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.

კონსპირაციას და ფსევდომეცნიერებას სამიზნე აუდიტორიაზე მაღალი გავლენა აქვს. ამ მეთოდების გამოყენებით მოსახლეობაში ეჭვისა და შიშის დათესვა ხდება. ასეთ დროს უგულვებელყოფია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი საბუთი.

დემონიზების ტექნიკა გულისხმობს მოწინააღმდეგის არაჰუმანურად წარმოჩენას, ბრალდებებისა და არასწორი განზოგადების გზით.