Եվրամիություն

დეზინფორმაცია, თითქოს ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი გასაიდუმლოებულია

13 Դեկտեմբեր, 2018

12 დეკემბერს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ვებ-პორტალ “საქართველო და მსოფლიოსთან” (Geworld.ge)  ინტერვიუში განაცხადა, თითქოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმის მოხსნა ევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნაა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებასთანაა  დაკავშირებული. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეკონომიკას ეხება, გასაიდუმლოებულია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: “მორატორიუმის [საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე დაწესებული]  მოხსნა არაა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შიდა სამზარეულოში მიღებული გადაწყვეტილება. როგორც ჩანს (და ამაში დარწმუნებული ვარ), ეს არის ევროკავშირის ერთ–ერთი მკაცრი და კატეგორიული მოთხოვნა, ამიტომაცაა, ფაქტობრივად, დამალული და გასაიდუმლოებული ასოცირების ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეკონომიკურ შეთანხმებას ეხება.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება, თითქოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი გასაიდუმლოებულია, ტყუილია. ასოცირების ხელშეკრულება მთლიანად საჯარო დოკუმენტია და მისი ნახვა ყველა მსურველისათვის არის შესაძლებელი. ასოცირების ხელშეკრულების მეხუთე კარი ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება და მასში სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ არაფერია ნათქვამი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება საჯარო დოკუმენტია და მისი არც ერთი ნაწილი გასაიდუმლოებული არ არის.

აღნიშნული ინფორმაცია მითების დეტექტორს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორმა ნინო ბოლქვაძემაც  დაუდასტურაა. მისი თქმით:

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქე ინფორმირებული იყოს იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებსაც შეთანხმება მოიცავს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ხელშეკრულება არის ყველასთვის საჯარო და ის არ შეიცავს რაიმე სახით გასაიდუმლოებულ ნაწილებს თუ ჩანაწერებს.”

ასოცირების შეთანხმება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, ასევე ასოცირების დღის წესრიგი, შეთანხმების განხორციელების ყოველწლიური სამოქმედო გეგმები და ამ გეგმის შესრულების ანგარიშები დაინტერესებული პირებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ასოცირების ხელშეკრულების მეხუთე კარი ეკონომიკურ თანამშრომლობას ეთმობა და მასში სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ არაფერია ნათქვამი.

ხელშეკრულების მეხუთე კარი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსათვის ეკონომიკური რეფორმების განხორციელებასა  და ქმედით საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე, მხარეთა შორის სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლასა და სხვა სფეროებში თანამშრომლობას მოიაზრებს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გაუქმების გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერებს ეფუძნება.

7 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.


მოამზადა ანა ჩიტალაძემ