Գաղթականներ

სპუტნიკის მანიპულაცია გაეროს კომპაქტისა და მიგრაციის ნაკადის ზრდის შესახებ

26 Դեկտեմբեր, 2018

ულტრამემარჯვენე საპარლამენტო პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრის ირმა ინაშვილის მიერ მიგრანტთა შესახებ გაეროს კომპაქტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ონლაინ გამოცემა Sputnik-საქართულომ გააგრძელა. 2018 წლის 24 დეკემბერს გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “საქართველოში აფრიკიდან და აზიიდან მიგრანტთა ნაკადის ზრდას ელოდებიან” . სპუტნიკის მასალა საქართველოს მიერ გაეროს ფარგლებში მიგრაციის გლობალური კომპაქტის მხარდაჭერას და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ 24 დეკემბერს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციას  ეხება. სტატიის სათაური მტკიცებულებით ფორმაში პროგნოზირებს, რომ საქართველოში მიგრანტთა რაოდენობა გაიზრდება და ამ პროგნოზს გაეროს მიერ მიღებულ “უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტს” უკავშირებს.  სტატიის შესავალში აღნიშნულია, რომ გაეროს დოკუმენტი ყველაზე დიდი რაოდენობით მიგრანტთა მიმღები ქვეყნების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
"

Sputnik საქართველოს სტატია მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია, რადგან მისი სათაური  მასალის შინაარს არ ასახავს და მხოლოდ პრორუსუი პარტია ქართული დასის ლიდერის მოსაზრებებს ეფუძნება. სათაურზე დართული საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტო კი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სათაურში გამოთქმული პროგნოზი სამინისტროს პოზიციას წარმოადგენს და ამდენად შეცდომაში შემყვანია.

სათაურის და ფოტოს მანიპულაციური მოწოდებით სპუტნიკი მიგრაციის ზრდით სპეკულირებს და საზოგადოებაში ანტი-მიგრანტული განწყობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

       1. მანიპულაციური სათაური

სტატიის სათაური “საქართველოში აფრიკიდან და აზიიდან მიგრანტთა ნაკადის ზრდას ელოდებიან” მანიპულაციურია და თავად მასალის შინაარს არ შეესაბამება. ამ მოსაზრებას სტატიაში მხოლოდ აქციის ორგანიზატორი, პრო-რუსული პარტიის “ქართული დასის” ლიდერი  ჯონდი ბაღათურია ავითარებს.

ჯონდი ბაღათურია, “ქართული დასი”: „მიგრანტთა ეს პაქტი უზრუნველყოფს აფრიკისა და აზიის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუფერხებელი და შეუზღუდავი რაოდენობით შემოსვლას საქართველოში. ამ პაქტის მეოთხე მუხლი ამბობს, რომ ისინი დაუყოვნებლივ, საზღვარზევე უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი პირადობის მოწმობებით და დოკუმენტებით... სოციალურად და დემოგრაფიულად საქართველოს არ არის მზად იმისთვის, რომ ასობით, ათასობით და მილიონობით მიგრანტი მიიღოს“.

რეალურად მიგრაციის შესახებ გაეროს კომპაქტში მიგრანტების გაზრდილი ნაკადის მიღების ვალდებულება არსად არის ნახსენები. გარდა ამისა, დოკუმენტი რაიმე  სამართლებრივ ვალდებულებს არც ერთ მონაწილე მხარეს საერთოდ არ აკისრებს. ეს დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება და მათ შორისაა ეროვნული სუვერენიტეტი, რომელიც სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, თავად განსაზღვრონ მიგრაციული პოლიტიკა.

მართალია, სტატიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარია წარმოდგენილი, სადაც მსგავსს ვალდებულებას და მიგრანტთა ნაკადის ზრდის შესაძლებლობას უარყოფენ, ასევე სტატიის ბექგრაუნდში აღნიშნულია, რომ გაეროს კომპაქტი არ არის “იურიდიულად სავალდებულო ხასიათის”, თუმცა,  სტატიის სათაური მიგრანტთა რაპოდენობის ზრდას მტკიცებით ფორმაში პროგნოზირებს, რაც სარედაქციო პოლიტიკას გამოხატავს.

       2. შეცდომაში შემყვანი ფოტო

სტატიის სათაურს, რომელიც მიგრანტთა ნაკადის ზრდას პროგნოზირებს, დართული აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტო, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს სათაურში გამოხატული მოსაზრება, რომ საქართველოში აფრიკიდან და აზიიდან მიგრანტთა ნაკადის ზრდას ელოდებიან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას წარმოადგენს. სტატიის ტექტსში მოცემულია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის კომენტარი, რომელიც საწინააღმდეგო შინაარსისაა და ხაზს უსვამს, რომ “ეს დოკუმნეტი მიგრანტების მიღებაზე რაიმე სახის ვალდებულებებს არ ითვალისწინებს”. ამდენად, აღნიშნული ფოტო მოცემულ კონტექსტში შეცდომაში შემყვანია.

        3. დეზინფორმაციული შესავალი

სტატიის შესავალში Sputnik-ის რედაქცია აღნიშნავს, რომ “საქართველომ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობის მიგრანტთა მიმღები ქვეყნების მხარდაჭერას ითვალისწინებს”, რაც დეზინფორმაციაა. დოკუმენტის არც ერთი დებულება დიდი რაოდენობის მიგრანტთა მიმღები ქვეყნების მხარდაჭერას არ გულისხმობს. გაეროს კომპაქტის ერთ-ერთ პრინციპი  მიგრაციის საკითხებში მხარეების ერთობლივი პასუხისმგებობა და ურთიერთთანამშრომლობაა. სტატიაში აღნიშნული პოზიცია საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

       4. იდენტური დეზინფორმაცია გაეროს კომპაქტის შესახებ

Sputnik-საქართველოს სტატიის სათაურში ასახული მტკიცება, თითქოს  საქრთველოში მიგრანტების გარზრდილი ნაკადია მოსალოდნელი, ულტრა-მემარჯვენე პარტიის  “პატრიოტთა ალიანსის” წევრის ირმა ინაშვილის მიერ 12 დეკემბერს გაკეთებული განხადების იდენტურია. ირმა ინაშვილის  მტკიცებით, მიგრაციის გლობალური კომპაქტი  საქართველოს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს.

გაეროს კომპაქტის შესახებ

19 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ “უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტი”  დაამტკიცა. მას მხარი 152-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა. დოკუმენტი მიგაციის საკითხებში სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.  

მედია Meter-ის მიხედვით, სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მედია პლატფორმას წარმოადგენს. შპს „სპუტნიკ ჯორჯია” საქართველოში საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. თუმცა, სხვა ქვეყნების მსგავსად მისი წარდგინება 2014 წლის 10 ნოემბერს სააგენტო Rossia Segodnia-მ მოახდინა.

სპუტნიკი  რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაცია სააგენტო RIA Novosti და “რუსეთის ხმა” ჩაანაცვლა.

მედიის განვითარების ფონდის 2017 წლის კვლევაში: “მუსლიმთა თემატიკის გაშუქება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ტრადიციულ და ახალ მედიაში”, აღნიშნულია, რომ Sputnik-ის ქართულენოვანი ონლაინ გამოცემა, ერთი შეხედვით, ამბის გადმოცემის ნეიტრალურ სტილს იყენებს, თუმცა ფაქტებისა და ფოტოების მანიპულაციური მოწოდებით, ახდენს მიგრანტების თემით სპეკულირებას. სხვა რუსული მედიებისგან და ქართული ტაბლოიდური გამოცემებისგან განსხვავებით, Sputnik-საქართველოს ჟურნალისტები ქსენოფობიურ კომენტარებს თავად არ აკეთებდნენ, თუმცა ქსენოფობიურ კონტექსტს მოვლენის აღწერისას ბექგრაუნდით, მონაცემების ინტერპრეტირებით, მანიპულაციური ფოტოებითა და სათაურებით ახდენენ.