ՆԱՏՕ

დეზინფორმაცია, თითქოს სტოლტენბერგი ნეიტრალური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

17 Հունիս, 2019

2019 წლის 11 ივნისს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში, გადაცემაში “დღის ბოლოს”, გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, თქმით, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი NATO-ს წევრობას არ გამორიცხავს. გურამ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ ინტერვიუ NATO-ს გენერალურმა მდივანმა სლოვენიის ერთ-ერთ გაზეთს მისცა, სადაც საუბარი სლოვენიის სამხედრო მიუმხრობლობას შეეხებოდა.

გურამ ნიკოლაიშვილი: “სტოლტენბერგი გამოვიდა სლოვენიის ერთ-ერთ გამომცემლობას თუ იმას, გაზეთს, მისცა ინტერვიუ და შეეკითხეს მაგას, აი, არის თუ არაო რო, აი, სლოვენია არ გახდესო ნატოს წევრი და სხვა, იყვესო ნეიტრალური ქვეყანა? რაც ჩვენ გვაქვს, მიუმხრობლობა დავარქვით, ჩვენ ჩამოვწერთ იმ მიუმხრობლობაში რა გვინდა, შიგნით რა აზრი გვიდევს. როგორ არაო, ასე არისო ქვეყნები, ეს სულაც არ გამორიცხავს ნატოს წევრობასო.”

გურამ ნიკოლაიშვილის განცხადება, თითქოს იენს სტოლტენბერგის თქმით, ქვეყნის ნეიტრალიტეტი NATO-ს წევრობას არ გამორიცხავს, დეზინფორმაციაა. NATO-ს გენერალურ მდივანს მსგავსი ინტერვიუ არ ჰქონია სლოვენიის არცერთ გაზეთთან. რეალურად იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუ მისცა სერბულ გამოცემა “პოლიტიკას”, სადაც ისაუბრა ნეიტრალური ქვეყნების ნატოსთან პარტნიორობაზე და არა მათ წევრობაზე. ამასთან, სლოვენია NATO-ში 2004 წელს გაწევრიანდა.

  • სლოვენია NATO-ს წევრია

გურამ ნიკოლაიშვილის მტკიცებით, ჟურნალისტმა იენს სტოლტენბერგს ჰკითხა, შეუძლია თუ არა სლოვენიას ნეიტრალიტეტის მიუხედავად გახდეს ნატოს წევრი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სლოვენია ჯერ კიდევ 2004 წელს შეუერთდა ნატოს და ის როგორც ნეიტრალური ქვეყანა არ არის. იენს სტოლტენბერგის უკანასკნელი ვიზიტი სლოვენიაში 2018 წლის ოქტომბრით თარიღდება, ხოლო სლოვენიის პრეზიდენტი ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში 2019 წლის 20 თებერვალს მიიღო. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სლოვენია ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და დადებითად შეაფასა ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილი უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლაში.

  • იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუ სერბულ გაზეთ “პოლიტიკას” მისცა. ნეიტრალიტეტზე სტოლტენბერგმა ავსტრიის, შვედეთისა და ფინეთის მაგალითებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეიტრალიტეტი ალიანსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

2019 წლის 10 ივნისს სერბულმა გამოცემა “პოლიტიკამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ ნატოს მოქმედ გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, სადაც იგი ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლტიკურ კურსს განიხილავს. ამ ინტერვიუში გენერალური მდივანი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის 30-ე წევრად მიღება და ბელგრად-პრიშტინას ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა. მისი თქმით, მსოფლიოში არსებული საფრთხეების, მათ შორის რუსეთის მზარდი აგრესიის საპასუხოდ ნატო სწრაფად ახორციელებს კოლექტიური თავდაცვის ადაპტირებას. სტოლტერბერგის შეფასებით, სერბეთის ნეიტრალური პოლიტიკა NATO-სთვის მისაღებია და როგორც ავსტრიის, შვედეთისა და ფინეთის მაგალითი აჩვენებს, ნეიტრალიტეტი და ნატოს პარტნიორობა არ გამორიცხავს ერთმანეთს. გენერალური მდივანი საუბრობს ნეიტრალური ქვეყნების ნატოსთან პარტნიორობაზე და არა წევრობაზე.

  • ნიკოლაიშვილი ამ დეზინფორმაციას საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის გასამართლებლად ავრცელებს.

ნეიტრალიტეტი გულისხმობს ქვეყნის ისეთ მდგომარეობას, როდესაც ის დამოუკიდებლად უზრუნელყოფს თავდაცვას, არ არის გაწევრიანებული სამხედრო ორგანიზაციებსა და გაერთიანებებში და “უბლოკო სტატუსი” საერთაშორისო შეთანხმებით არის დადგენილი.

ნეიტრალურობის შენარჩუნება დიდ ეკონომიკურ რესურსებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად ქვეყანას ესაჭიროება მდგრადი ფინანსური მდგომარეობა. Worldbank-ის 2017 წლის მონაცემებით, სტოლტენბერგის მიერ ნახსენები ნეიტრალური ქვეყნების, შვედეთის, ავსტრისა და ფინეთის, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე არის შესაბამისად  56, 49 და 47 ათასი აშშ დოლარი, მაშინ როდესაც საქართველოს იმავე მაჩვენებლით მხოლოდ 4 ათასი აშშ დოლარი აქვს.

შვედეთი, ავსტრია და ფინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, რაც დამატებითი დაცულობის გარანტიას იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით. სამხედრო მიუმხრობლობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია მეზობელი სახელმწიფოები, ვინაიდან მიუმხრობლობის გარანტი უპირველეს ყოვლისა საზღვრისპირა ქვეყნებთან სტაბილური ურთიერთობაა. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მხოლოდ ფინეთი იმყოფება რუსეთის მეზობლად, თუმცა არ არის სამხედრო კონფლიქტში მასთან.


მოამზადა თეა მიქელაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია