Այլք

სპუტნიკის 4 მითი ლატვიაზე

18 Հունիս, 2019

2019 წლის 10 ივნისს სპუტნიკ-საქართველომ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც აღწერილია თუ როგორ იქცა ლატვიის ქალაქი ელგავა ნატოს სამხედრო ტექნიკის ბაზად და რამდენად აზიანებს ომისკენ მიმართული პოლიტიკა ლატვიის ეკონომიკას. ვიდეოში ასევე ნახსენებია, რომ ლატვია ახალგაზრდებს რუსეთთან პარტიზანული ომისთვის ამზადებს და გაუსაძლისი საომარი მდგომარეობის გამო ლატვიელები ქვეყნიდან მიემგზავრებიან.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ სპუტნიკ-საქართველოს ვიდეოში არსებულ 4 მითს და რეალურ ფაქტებს.

მითი N1: ლატვიის ქალაქი ელგავა ნატოს სამხედრო ტექნიკის ბაზად იქცა

"

რეალური ფაქტი: ლატვიის რამდენიმე ქალაქში ნატოს სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო

ლატვიური ვებ-გვერდის LSM.LV ცნობით, ღონისძიება სახელად Testudo Rallijs ჩატარდა ლატვიაში ნატოს კონტიგენტისა და მოხალისეობრივი სამხედრო ორგანიზაცია Zemessardze-ს ორგანიზებით. ნატოს ჯარისკაცების მარში გაიმართა ლატვიის ოთხ ქალაქში, ელგავაში, ვალკაში, რეზეკნესა და ლიეპაიაში. ლატვია 2004 წლიდან არის ნატოს წევრი, ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივებისთვის ნატოს სამხედრო მანქანებისა და სხვა აღჭურვილობის ჩვენება, რაც არანაირად არ უკავშირდება მასშტაბური სამხედრო ბაზის მოწყობას.

მითი N2: ახალგაზრდული გასამხედროებული ორგანიზაციები მოსახლეობას რუსეთთან პარტიზანული ომისთვის ამზადებენ

"

რეალური ფაქტი: ვიდეოში ნაჩვენები ახალგაზრდები არიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია Jaunsardze-ს და ლატვიის შეიარაღებული ძალების მოხალისეობრივი ჯგუფის Zemessardze-ს წევრები

Jaunsardze ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვასთან დაკავშირებით მოზარდებში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტიზმის წახალისებას. ამასთანავე, ორგანიზაციის მიზანია დააინტერესოს ახალგაზრდები სამხედრო სამსახურით.

რაც შეეხება Zemessardze-ს, აღნიშნული ორგანიზაცია ლატვიის შეიარაღებული ძალების ნაწილია იმ განსხვავებით, რომ წევრების უმრავლესობისთვის სამხედრო სამსახური მათი ძირითადი საქმიანობა არ არის. ისინი ჯარში მხოლოდ მოხალისეობრივად მსახურობენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პროფესიებით არიან დაკავებულები. ლატვიის ყველა მოქალაქეს 18-დან 55 წლამდე, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და კრიმინალური წარსული, შეუძლია გახდეს Zemessardze-ს წევრი. ქვეყნისთვის მზადყოფნის გარდა სამხედრო ორგანიზაციის წევრები სახელმწიფო სტრუქტურებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ეხმარებიან უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაში.

მითი N3: მრეწველობა ფაქტობრივად გაჩერებულია. ომობანას თამაშმა ეკონომიკა დაანგრია


"

რეალური ფაქტი: ლატვია მზარდი ეკონომიკით ხასიათდება, ვიდეოში ნაჩვენები შენობა კი არის საბჭოთა დროინდელი მიტოვებული ქარხანა “Radiotehnika”, რომლის განახლებული წარმოება ლატვიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც მიმდინარეობს.

ლატვია 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე აქვს წვდომა. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საშუალო ხელფასი ლატვიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2013 წელს გაორმაგდა და 546 ევრო შეადგინა თვეში, ხოლო 2019 წლის მარტის მონაცემებით საშუალო ხელფასი 791 ევროა. ქვეყნის ეროვნული ვალი სიმცირის თვალსაზრისით მეხუთეა ევროკავშირში, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მხოლოდ 0.9%-ს ითვლის. ლატვიის ეკონომიკა მზარდია, რაზეც ასევე მეტყველებს ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი და შემოსავლების მატება.

რაც შეეხება ვიდეოში ნაჩვენებ შენობას, ეს გახლავთ საბჭოთა კავშირის აუდიო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი “Radiotehnika”, რომელსაც 1945-1990 წლებში გამოშვებული აქვს 41.5 მილიონი პროდუქტი RRR ლოგოთი. 1991 წელს, როდესაც ლატვიამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა კომპანია VEF Radiotehnika RRR-მ გააგრძელა სხვადასხვა ტიპის HI-FI აკუსტიკის წარმოება, როგორც პირადი ასევე პროფესიული გამოყენებისთვის, რის შედეგადაც გახდა აღმოსავლეთ ევროპის საკმაოდ ცნობილი და გაყიდვადი აუდიო ტექნიკის მწარმოებელი ქარხანა.

2018 წელს VEF Radiotehnika RRR კომპანიის ძველი შენობის დემონტაჟი მოხდა, აუდიო ტექნიკის წარმოება კი კვლავ გრძელდება.

მითი N4: ლატვიელები ქვეყანას ტოვებენ

"

რეალური ფაქტი: ლატვიის ემიგრაცია გამოწვეულია “ტვინების გადინების” გლობალური ტენდენციით და არაფერი აქვს საერთო ნატოსთან ან “დანგრეულ” ინდუსტრიასთან.

ლატვიას მართლაც აქვს ემიგრაციის პრობლემა, თუმცა მას თავისი მიზეზები გააჩნია და არ უკავშირდება ვიდეოში გაჟღერებულ მითებს. 2009-2016 წლებში ლატვია დატოვა 120 000-მა საშუალო და უმაღლესი განათლების სამუშაო ასაკის ადამიანმა, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ამ კატეგორიის მოსახლეობის 11.3%-ს შეადგენდა.

“ტვინების გადინება” დღევანდელობის გლობალური პროცესია, რომელიც ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც ახასიათებთ. ლატვიის ემიგრაციის დაკავშირება ნატოს შეიარაღებულ ძალებთან და ინდუსტრიულ პრობლემებთან სპუტნიკის მანიპულაციური გზავნილია.