Այլք

ვინ ავრცელებს 5 წლის წინანდელ განცხადებას, რომელიც დღეს ომის შიშის გაღვივებას ისახავს მიზნად?

8 Հուլիս, 2019

ბოლო დღეებში Facebook-ში ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პუტინი საქართველოში შეჭრისთვის ემზადება, რასაც აშშ-ის დაზვერვის სამსახური ადასტურებს. 6 ივლისს ეს ინფორმაცია პორტალებზე Newpost.com.ge და TVM News.ge გამოჩნდა, 7 ივლისს კი იდენტური ინფორმაცია ინტერნეტ გამოცემა timenews.ge-მა გაავრცელა. Timenews-ზე დაყრდნობით სტატია 7 ივლისს ალიამ გადაბეჭდა, ასევე ონლაინ გამოცემამ intermedia.ge-მ გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი საქართველოში სამხედრო ინტერვენციას გეგმავს. სტატიებში წყაროდ მოყვანილია აშშ-ის  სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ მაიკ როჯერსის სიტყვები, რომლის თანახმად, პუტინი ირანთან პირდაპირი კავშირის დასამყარებლად, მზად არის საქართველოსა და სომხეთში სამხედრო მოქმედებები განახორციელოს. იმავე ინფორმაციით, პუტინს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ყველაზე თანამედროვე ტექნიკა გადააქვს. 

"

"
"

"

"

"

"

ონლაინ გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსმა არა 2019 წლის ივლისში, არამედ 2014 წლის 1 აპრილს, Fox News-ის ეთერში ისაუბრა. როჯერსის 5 წლის წინანდელი ინტერვიუს მიმდინარე აქციებისა და პუტინის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების გაუქმების კონტექსტში გავრცელება მოსახლეობაში ომის შიშის დათესვას ისახავს მიზნად.

2014 წელს როჯერსმა რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ განცხადება  უკრაინისა და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში გაავრცელა და რუსეთის სამხედრო გადაწყვეტილებების ანალიზს ისახავდა მიზნად.

მაიკ როჯერსი: “გვაქვს ორი საკითხი, უკრაინისა და საქართველოს, რომელიც ერთდროულად ვითარდება. სამხრეთ ოსეთში რუსეთს თანამედროვე აღჭურვილობა შეაქვს, ამის მიზეზი მათ არ გააჩნიათ. საქართველოს სამხედრო ძალები მათთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. მინდა სამხრეთის მიმართულებას შევხედოთ. არსებობს რეალური საფრთხე. მაინტერესებს რატომ მიმდინარეობს აღჭურვილობის გადატანა საქართველოში, სამხრეთ ოსეთში, რომელსაც არანაირი აზრი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ მათ შესაძლოა იმედი აქვთ, რომ ჯავშანტექნიკის კოლონებით, საქართელოს გავლით, სომხეთს მიაღწევენ და ირანში სახმელეთო გზას გაჭრიან." 

"

"

ონლაინ გამოცემების მიერ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ინფორმაცია Facebook-ზე ვირუსულად გავრცელდა, რასაც სხვადასხვა გვერდები და მომხმარებლები აზიარებდნენ.

"

"

"

"

"

"

"

"


წყაროების შესახებ:

New Post და Timenews.ge ე.წ. clickbait საიტებია, რომლებიც ფულს ბმულზე კლიკების რაოდენობის მიხედვით შოულობენ. ასეთი ტიპის საიტებს ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ, რის გამოც ინფორმაციას მყვირალა და შოკის მომგვრელ სათაურებს არქმევენ. New Post-ის და Timenews-ის ამგვარ პროფილზე მიგვანიშნებს ის სარეკლამო ბანერები, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას ახლავს. ეს რეკლამები ეხება სახალხო მითებს სხვადასხვა დაავადებების განკურნების შესახებ. არცერთი მათგანის ვებ-გვერდზე ინფორმაცია გამოცემის  სარედაქციო შემადგენლობის შესახებ მითითებული არ არის. სექცია “კონტაქტი” არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, რედაქციასთან დაკავშირება შეუძლებელია.

ფუნქციონირებს timenews-ის მსგავსი საიტი timesnews.ge, რომელიც წინამორბედისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება და ორივე მათგანი ხშირად იდენტურ ინფორმაციას აქვეყნებს. Timesnews.ge-ის იურიდიული დასახელება შპს დაბლიუ-ოუ-ემ-ია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ორგანიზაცია კობა ვასაძემ 2015 წლის 7 აპრილს დაარსა. 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, კობა ვასაძე ორგანიზაციაში 90%-იან წილს, ხოლო ირაკლი თინაშვილი - 10 % -იან წილს ფლობდა, 2016 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კობა ვასაძემ საკუთარი წილის 40% გიორგი მელიქიძეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.

TVM News-ს ჩვენ შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ საიტი ინტერნეტ ბაზრზე 2013 წელს გამოჩნდა. ადმინ-რედაქტორი ჟურნალისტი თამთა დადეშელია, ხოლო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბლოგის რედაქტორი - გიორგი ფრანგიშვილი. საიტი აქვეყნებს მასალებს ანტი-დასავლური და პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიოდან”. 


მოამზადეს სოფო გელავამ და ანი ქისტაურმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი