Տնտեսություն

“ქართული ოცნების” პოლიტიკოსები ლარის გაუფასურებას ოპოზიციის პროვოკაციებს მიაწერენ

16 Հուլիս, 2019

2019 წლის 9 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში გამოსვლას და 20 ივნისს საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლას აპროტესტებდა, ფსევდოპატრიოტიზმი და ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. როგორც არჩილ თალაკვაძემ, ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ირაკლი მეზურნიშვილმა და ზვიად ძიძიგურმა ლარის დევალვაცია განვითარებული მოვლენებით და ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული ქმედებებიღ ახსნეს. მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები ვალუტის ცვლილებაზე დიდ გავლენას ახდენს. მეზურნიშვილისა და ძიძიგურის განცხადებები 10 ივლისს საინფორმაციო სააგენტო პირველმა გაავრცელა.

არჩილ თალაკვაძე: „არავითარი კავშირი ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან, არავითარი კავშირი ამას დეოკუპაციასთან, ამას არ აქვს… იმით, თუ რა შედეგები გამოიღო ამ ყველაფერმა, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ემუქრება შემცირება ამ თვეებში ზუსტად იმის გამო, რაც ამ ხალხმა გააკეთეს და რაზეც წავიდნენ და რა ბინძური პროვოკაციებიც მოაწყვეს… აი, ამ შედეგებით, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, რომ ვალუტამ რეალურად მიიღო შოკური დარტყმა, ეკონომიკას აქვს რეალური დანაკარგები ამ პროვოკაციების ფონზე...“

ირაკლი მეზურნიშვილი: „ის, რაც დღეს ხდება ლართან მიმართებაში, პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელდა… „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დაანგრიოს ქართული ეკონომიკა საპროტესტო აქციებით, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით და იმ ნაბიჯებით, რომელსაც ის დგამს.”

ზვიად ძიძიგური: „ ესენი [ნაციონალური მოძრაობა] არიან პოლიტიკური ძალა, რომელსაც პროპორციული არჩევნების გამოცხადების შემდეგ შანსი აღარ დარჩა და ერთადერთი ამოცანა აქვს - როგორმე მაქსიმალურად აურიოს ქვეყანაში სიტუაცია, თუნდაც ერთი დოლარი 5 ლარი გახდეს. არავის ეშინია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბარი, არც გაურბის ამას, მაგრამ როდესაც ასეთი ტიპის პრობლემები ხელოვნურად იქმნება, მე მინდა საქართველოს მოსახლეობამ მიაქციოს ყურადღება. ლარის კურსიც ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შედეგია.“

ვალუტის გაუფასურება უკავშირდება მთელ რიგ შინაგან და გარეგან ფაქტორებს, მთავარი მიზეზი კი ქვეყნის დასუსტებული ეკონომიკაა, რომელიც წლების მანძილზე არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ლარის კურსი გავრილოვის ვიზიტამდე გაუფასურდა და მთავრობის მხრიდან ამის მიზეზად საპროტესტო აქციების დასახელება პასუხიმგებლობის თავიდან აცილებას ემსახურება.

თუ გადავხედავთ ეროვნული ბანკის 2019 წლის სტატისტიკას, დავინახავთ, რომ 20 ივნისს ლარი უკვე საკმაოდ გაუფასურებული იყო და 1 აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსი 2.78-ს შეადგენდა.

"

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მაისის ბოლოს ლარის კურსი 2.78-2.79-ს შორის მერყეობდა და 31 მაისს 2.8-ს მიაღწია.

"

20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, საპროტესტო აქციებმა და რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ემბარგოს საფრთხემ საზოგადოებაში შექმნა ნეგატიური მოლოდინები, რასაც თან დაერთო ლარის ინფლაცია. როგორც ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ტაბულასთან ინტერვიუში აღნიშნა, ლარის გაუფასურების აქციებისთვის გადაბრალება დემაგოგიაა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.65 იყო და მათი მმართველობის პერიოდში 2.85-მდე ავიდა, რაც ბედიენიშვილის თქმით, გასული წლების მანძილზე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

ბედინეიშვილმა დაასახელა რამდენიმე მიზეზი, რამაც, მისი აზრით, ლარის კურსზე გავლენა მოახდინა. ამ მიზეზებს შორისაა საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებაზე უარის თქმა, ეკონომიკური თავისუფლების აქტზე თავდასხმები, თამაქოსა და საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდა, საბანკო რეგულაციებისა და განვადების პროცედურების გართულება.

“მითების დეტექტორი” ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორს, ვატო ლეჟავას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ვალუტის ცვლილებაზე შეიძლება მოქმედებდეს რამდენიმე არაეკონომიკური მოვლენა და ეკონომიკური მოლოდინი, თუმცა გაცვლითი ვალუტის ცვლილებას ქვეყნის დასუსტებული ეკონომიკა იწვევს. მისი თქმით, ლარის გაუფასურება არის წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების გამოვლინება და საპროტესტო აქციები, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ზრდის ნდობას ეკონომიკის მიმართ, არ შეიძლება ჩაითვალოს ლარის დევალვაციის გამომწვევ მიზეზად.

ვატო ლეჟავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკა შედგება ერთი მხრივ, ნდობისა და მოლოდინებისგან, ანუ ენდოგენური ფაქტორია თუ როგორ ვენდობით და რას მოველით მისგან, ხოლო, მეორე მხრივ, ეგზოგენური ფაქტორია ის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკა სხვა სახელმწიფოების ეკონომიკებთან მიმართებით. “როგორც აღმოჩნდა, რაღაც ბევრი ფაქტორის ჯამით ნდობა ჩვენ ეკონომიკის მიმართ დაბალია, მოლოდინებიც დაბალია და ჩვენ ეტყობა ნაკლებად კონკურენტუნარიანი ვართ, ვიდრე ვიყავით… ის კი არ უნდა გავზომოთ დღეს უკეთესები ვართ თუ არა, ვიდრე გუშინ, არამედ ვართ თუ არა ჩვენ უფრო კონკურენტუნარიანი სხვებთან მიმართებაში,” - განაცხადა ვატო ლეჟავამ.

ლეჟავას თქმით, 2003- 2012 წლებში ვალუტის კურსი 2.3-დან 1.7-მდე ჩამოვიდა და ეს იმ მძიმე პერიოდში მოხდა, როდესაც სახეზე გვქონდა ერთი მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მეორე მხრივ, რუსეთის ენერგო და ეკონომიკური ემბარგო, რასაც თან დაერთო რუსეთ-საქართველოს ომი. რაც შეეხება 2013-2019 წლის პერიოდს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა გაჯანსაღდა და არც ემბარგოს ჰქონდა ადგილი რუსეთის მხრიდან, ქვეყნის გაცვლითი ვალუტის კურსი მაინც 70%-ით გაუფასურდა, ისევე, როგორც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. ეს მაგალითები მიანიშნებს იმაზე, რომ მთავარი ფაქტორი ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკაა.

“საქართველო ღია ეკონომიკური თამაშის მოთამაშეა და დღეს არსებული პოლიტიკური მოვლენები, მცირე ნეგატიური მოლოდინები და განწყობა, შეიძლება გავლენას ახდენდეს სავალუტო კურსზე, თუმცა ეს გავლენა ვალუტის დერეფანში მერყეობის, აწევ-დაწევისა და მოკლე ვადიანი  ეფექტების მქონეა.” - აღნიშნა მან.


მოამზადა მაიკო რატიანმა და ანა ებანოიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია