“მითების დეტექტორის” ქცევის კოდექსი

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ფაქტების გადამოწმების პორტალის “მითების დეტექტორის” სარედაქცო კოლეგია, მკვლევარები და კონტრიბუტორები მედია მონიტორინგის, სავარაუდო ყალბი ინფორმაციის გამოვლენისა და ინფორმაციის გადამოწმების პროცესში შემდეგი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ:  

        1. სიზუსტე

გამოვაქვეყნოთ ზუსტი და უტყუარი ფაქტები, დავეყრდნოთ სანდო წყაროებს და სრულფასოვნად გადავამოწმოთ შეცდომაში შემყვანი ან განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია. 

წყაროს მიერ ფაქტების შერჩევითად და მანიპულაციურად გადმოცემის შემთხვევაში, განვმარტოთ კონტექსტი, რათა თავიდან ავიცილოთ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა.

       2. მიუკერძოებლობა

ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და აპოლიტიკურად მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობთ. ყველა ფაქტის გადამოწმების პროცესში იდენტური სტანდარტით და პროცედურით ვიხელმძღვანელოთ, რათა გამოვრიცხოთ შერჩევითი მიდგომა. ჩვენი თანამშრომელი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი ან საჯაროდ უჭერდეს მხარს რომელიმე კანდიდატს საარჩევნო პროცეში.

      3. წყაროების გამჭვირვალობა

მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ აუდიტორიას წყაროების შესახებ, რათა გადამოწმების შესაძლებლობა სხვებსაც მიეცეს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როცა წყაროს გამჟღავნება მას საფრთხეს უქმნის ან წყარო ინფორმაციის მოწოდებაზე მხოლოდ კონფიდენციალობის პირობით თანხმდება.

       4. მეთოდოლოგიის გამჭვირვალობა

განუმარტოთ აუდიტორიას მეთოდოლოგია, რომელიც ფაქტების გადამოწმების პროცესში გამოიყენება, ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება შეცდომების შესწორება და რედაქციასთან უკუკავშირი.

       5. შესწორება

დაუყოვნებლივ შევასწოროთ შეცდომა, როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდება ასეთის შესახებ. განვაახლოთ ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დეზინფორმაციის ან მანიპულაციური შინაარსის წყარომ თავდაპირველი ვერსია შეასწორა ან წაშალა. განვიხილოთ მკითხველის საჩივრები “მითების დეტექტორის” ქცევის კოდექსის საფუძველზე.

       6. დისკრიმინაციის დაუშვებლობა

არ დავუშვათ ადამიანთა დისკრიმინაცია მათი რასის, კანის ფერის, რელიგიის, ეთნიკური და ეროვნული კუთვნილების, გენდერული იდენტობის, სოციალური წარმომავლობის თუ სხვა ნიშნის გამო.

        7. ორგანიზაციისა და დაფინანსების გამჭვირვალობა

ინფორმაცია ორგანიზაციის, მისი სტრუქტურის, თანამშრომლებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია მედიის განვითარების ფონდისა და “მითების დეტექტორის” ვებ-გვერდებზე. დაფინანსება გავლენას ვერ ახდენს სარედაქციო გადაწყვეტილებებზე და კვლევის შინაარსზე, რაც ქცევის კოდექსის პრინციპების და ფაქტების გადამოწმების მეთოდოლგიის საფუძველზე მიიღება.