სამეცნიერო ბლოგი

როცა სტუმარი ვირუსია, მასპინძელი კი თქვენი სხეული

20 Մայիս, 2020

სამეცნიერო ბლოგი

“მითების დეტექტორი” იწყებს სამეცნიერო და სამედიცინო ბლოგების სერიას, რომლის მიზანია კორონავირუსის პანდემიის ფონზე საზოგადოებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები მიაწოდოს და ის ანეკდოტური მტკიცებულებები გააქარწყლოს, რომლებიც სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება. დღევანდელი ბლოგის თემა ვირუსებს ეხება და მას ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი მარი მურცხვალაძე წარმოგიდგენთ. 


"რა არის ვირუსი?

ვირუსები ძალიან, ძალიან მცირე ზომის სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები არიან, რომლებიც მხოლოდ სხვა ორგანიზმებში შეჭრის შემდეგ მრავლდებიან, ანუ მათ სხვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ვირუსები ცილის გარსით მოხდენილად შეფუთული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი აგენტები არიან, რომლებიც აინფიცირებენ მცენარეებს, ცხოველებს, სოკოებს, ბაქტერიებსაც კი. ისინი, ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, მასპინძელს აიძულებენ ამ ვირუსის ასეულობით ასლი წარმოქმნას, რაც ზოგჯერ მასპინძლის უჯრედის დაღუპვას იწვევს, ამიტომ ყველა ვირუსი ცუდი გვგონია.

"არიან თუ არა კარგი ვირუსები?

არსებობენ ვირუსები, რომლებიც ბაქტერიებს აინფიცირებენ - ბაქტერიოფაგები ე.წ. “ბაქტერიების მჭამელები”. დროდადრო, დაავდებების გამომწვევი ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულები ხდებიან, ახალი თაობის ანტიბიოტიკების შექმნა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ ბაქტერიოფაგებით მკურნალობა სულ უფრო მნიშვნელოვანი და პოპულარული ხდება.

"რა ვიცით ვირუსების შესახებ?

ვირუსები საკმაოდ შეუსწავლელი ჯგუფია, ამჟამად აღწერილია 6500 სახეობა, თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით, მათი რიცხვი ბევრად მეტია და სამყაროში ვარსკვლავთა რაოდენობას აჭარბებს. 

ვირუსების განამარხებული ფორმები ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის, ამიტომ ძნელია ზუსტად ვისაუბროთ მათი ევოლუციის შესახებ. დღესდღეობით, მეცნიერებს შორის, არ არსებობს ერთი რომელიმე მიღებული აზრი ვირუსების წარმოშობაზე, გამოთქმულია ვარაუდი, რომ:

  •  ვირუსები დედამიწაზე გაჩნდნენ იქამდე, სანამ სიცოცხლის უჯრედული ფორმები გაჩნდებოდა, დაახლოებით 3 მლდ. წლის წინ. 
  • ვირუსები წარმოიშვნენ გამარტივების, დეგენერაციის გზით. ანუ არსებობდა მცირე ზომის უჯრედები, რომლებიც დიდი ზომს ორგანიზმებზე პარაზიტობდნენ და ამის გამო დაკარგეს მთელი რიგი ორგანელები. 
  • რომელიღაც ორგანიზმს მოწყდა გენების ნაწილი, რამაც დასაბამი მისცა ვირუსების წარმოშობას.

ვირუსებს აქვთ ქიმერული წარმოშობა, ანუ გაჩნდნენ რამდენჯერმე, რამდენიმე ორგანიზმის გენების ნაწილებისგან.

ვირუსები ერთმანეთისგან ზომით, ფორმით, ინფიცირების უნარით და გამრავლების მექნიზმებით განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანს მსგავსი აგებულება აქვს. ცილოვანი გარსის - კაფსიდის, შიგნით მოთავსებულია ვირუსების გენომი. ზოგიერთ ვირუსს გარე  მემბრანა აქვს.

"როგორ ჩნდებიან ვირუსები და რატომ განიცდიან მუტაციას?

მუტაციას განიცდის ყველა ცოცხალი ორგანიზმი და არც ვირუსები არიან გამონაკლისები.  მუტაციის სიჩქარე განსხვავდება და ითვლება, რომ რნმ-იანი ვირუსები უფრო სწრაფად მუტირებენ, ვიდრე სხვა დნმ-იანი. ნებისმიერ ვირუსს, როგორც წესი სამიზნე ორგანიზმი აქვს და უფრო მეტიც, სამიზნე უჯრედები, ამიტომ მხოლოდ სპეციფიკურ უჯრედებს აინფიცირებს, მაგალითად, ჰეპატიტის ვირუსები ღვიძლის უჯრედებს აინფიცირებენ, გრიპის გამომწვევი ინფლუენზას ვირუსები კი - სასუნთქი გზების ეპითელიუმს.

ვირუსსმა რომ მასპინძელში შეღწევა მოახერხოს, მასპინძლის უჯრედების მემბრანაზე არსებული რეცეპტორები უნდა “მოატყუოს”, უჯრედის შიგნით შეიჭრას და შემდეგ აიძულოს მასპინძელი დაეხმაროს მას გამრავლებაში, წარმოქმნას ვირუსის გენომის ბევრი ასლი და ის ცილები, რომლებიც ვირუსს კაფსიდის (გარე ცილოვანი გარსის) ასაშენებლად სჭირდება. გამრავლების დროს, ვირუსები ხშირად უშვებენ შეცდომებს, წარმოიქმნება მუტაციები, ეს ცვლილებები ზოგჯერ თვით ვირუსებისთვისაა საზიანო, ზოგჯერ კი ეხმარება მათ ახალი მასპინძლის პოვნაში.

ზოგიერთ ვირუსს, მაგალითად, სეზონური გრიპის ერთ-ერთ გამომწვევ ინფლუენზას ვირუსებს, შეუძლიათ რეკომბინაციის გზით ახალი შტამები შექმნან. ამ ვირუსების გენომი რვა სეგმენტისგან შედგება. ინფიცირების დროს, ხშირად, ადამიანი რამოდენიმე სახის გრიპის ვირუსით ავადდება, ამ დროს ეს სხვადასხვა ვირუსები სეგმენტებს გაუცვლიან-ხოლმე ერთმანეთს და ახალი ტიპის ვირუსებს წარმოქმნიან. ესპანური გრიპის გამომწვევი ვირუსი სწორედ ასეთი ბუნებრივი რეკომბინაციის გზით შეიქმნა.

"როგორ ხდება ვირუსების გავრცელება?

ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება კანიდან, ხელებზე ხშირად გვაქვს მიკრო ტრავმები, ამ დროს დარღვეულია კანის ბარიერული ფუნქცია. მაგალითად ცოფის ვირუსი ადამიანს გადაედება დაავადებული ცხოველის ნაკბენით, ნაკაწრით ან დადორბვლით.

ვირუსები გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, რესპირატორული ინფექციების გამომწვევი ვირუსები. ასევე, ე.წ. სხეულის სითხის მიმოცვლით, სისხლით, ლიმფით, დედის რძით, ნერწყვით, შარდით, განავლით, სქესობრივი გზით. ასეთებია ჰეპატიტი A, B, C, D, წითელას, წითურას, ყბაყურას, ჩუტყვავილას, პოლიომიელიტის დაავადებების გამომწვევი ვირუსები.

"საიდან ვრცელდება ვირუსები? 

ზოგიერთი ვირუსი ცხოველების ორგანიზმში ბინადრობს, ადამიანს გადაეცემა და აავადებს. ასეთი ვირუსების მიერ გამოწვეულ დაავადებებს მეცნიერები ზოონოზურს უწოდებენ. დღედღეობით ითვლება, რომ ღამურები, მღრნელები და პრიმატები ყველაზე მეტი სახეობის ვირუსების მატარებლები და გამავრცელებლები ანუ რეზერვუარები არიან. ღამურებს გადააქვთ კორონავირუსები, ლისავირუსები, პარამიქსოვირუსები, ცოფის, ებოლას, მარბურგის ვირუსები. ღამურებისგან ჰენდრას ვირუსი ცხენებს გადაეცემა, ცხენებისგან მეჯინიბეები და ვეტერინარები ავადდებიან და ხშირად იღუპებიან.

მღრნელებს გადააქვთ ჰანტას ვირუსი, რომელიც ადამიანში მძიმე რესპირატორულ დაავადებას იწვევს. გადაცემა ხდება მრღნელების შარდის ან ექსკრემენტებისგან წარმოქმნილი აეროზოლის შესუნთქვით. მღრნელები ავრცელებენ  სამხრეთ ამერიკულ არენავირუსებს, ასევე ვირუსებს, რომლებიც ადამიანს აავადებენ ომკის ჰემორაგიული ცხელებით, ლასას ცხელებით.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადადება ადამიანზე პრიმატებისგან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მე-19 საუკუნის ბოლოს, კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შიმპანზემ მონადირე დაკბინა და ასე დააინფიცირა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აივ ვირუსი წარმოიქმნა მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსის მუტაციის შედეგად. აივ-ის მსოფლიოში სწაფი გავრცელების მიზეზი აფრიკის კონტინენტიდან სისხლის მასიური იმპორტი გახდა.

ადამიანის ვირუსული დაავადებებიდან  მწერები, კერძოდ კი კოღოები ყვითელი ცხელების, ზიკას ვირუსის, დენგეს, ჩიკუნგუნაიას გადამტანები არიან.

ტკიპები ავრცელებენ ვირუსებს, რომლებიც იწვევენ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებას.  

ვირუსებს, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ, მწერები, ძირითადად სხვადასხვა სახეობის ბუგრები, ავრცელებენ.

"როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან?

ვირუსებისგან საუკეთესო თავის დაცვა ვაქცინაციაა. სამწუხაროდ, ანტივირუსული წამლები ძალიან ცოტაა ან ზოგიერთი ვირუსული ინფექციისთვის არ არსებობს. ვირუსული ინფექციის დროს ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტება ხშირიადა ადამიანი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციისგან იღუპება.

ვირუსული ინფექციებისგან თავდაცვის საშუალებაა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი. 


მარი მურცხვალაძე 
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი 


სამეცნიერო ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ Black Sea Trust-ის (გერმანიის მარშალის ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს Black Sea Trust-ის  მოსაზრებებს.