Առողջապահություն/Կենսաանվտանգություն

რას წერდა რეალურად «Североуральские вести» კორონაზე 2003 წელს?

12 Նոյեմբեր, 2020

2020 წლის 11 ნოემბერს საჯარო ჯგუფში “ხალხური მედიცინა”  გაზიარდა ფეისბუქ მომხმარებლის Jana Matureli-ის 4 ოქტომბრის პოსტი, რომელსაც თან ახლავს გაზეთის «Североуральские вести» 2003 წლის 13 ივნისის ნომრის პირველი გვერდის სურათი. ფოტოში ჩანს სტატიის სათაური “კორონავირუსი აგრესიული ხდება”, სტატიის შესავალში კი ვკითხულობთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიო შეშფოთებულია SARS ვირუსის სწრაფი ტემპით გავრცელებით. პოსტის ავტორის შეფასებით, აღნიშნული პუბლიკაცია ცხადყოფს, რომ კორონავირუსში ახალი არაფერია და მასთან დაკავშირებული შიშები გაზვიადებულია. 

Jana Matureli: “2003 წელშიც ყოფილა ეხლა ვინ გამცემს ამაზე პასუხს? კორონა ვირუსი აგრესიული გახდა 13 ივნისი 2003 წელი. კორონა იყო ყოველთვის ამ წლების მანძილზე. ეხლა რატოა ასეთი კანკალიზაცია და იზოლაცია?1997წელს აღმოაჩინეს და წამალი უნდა გამოეგონათ 2003წ.”

12 ნოემბრის 9:00 საათის მდგომარეობით 23 ოქტომბრის პოსტს - 800, ხოლო 11 ნოემბრის პოსტს 516 გაზიარება აქვს. 

""

Jana Matureli-ის პოსტი მანიპულაციურია. მართალია, გაზეთის ფოტო ავთენტურია და 2003 წლის 13 ივნისის სტატიას ასახავს, თუმცა სტატია არა  COVID-19-ს, არამედ სხვა კორონავირუსს - SARS-cov-ს ეხება. SARS-cov 2003 წელს ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში გავრცელდა, ხოლო “ახალი კორონავირუსი” მართალია SARS-cov-ის მონათესავეა, თუმცა იგი 2019 წლამდე არ არსებობდა.

  • 2003 წლის სტატია არა COVID-19-ს, არამედ სხვა კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხეებს ეხება

ბუნებაში ასობით კორონავირუსი არსებობს. ისინი მეტწილად ცხოველებში ცირკულირებენ და ადამიანის სხეულში მოხვედრის შემთხვევაში ძირითადად საშუალო სიმწვავის რესპირატორულ დაავადებებს იწვევენ. ამჟამად,  ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში დაავადების გამოწვევა მხოლოდ 7 კორონავირუსს შეუძლია, მათგან ოთხი საშუალოზე დაბალი სიმწვავის სიმპტომებს ავითარებს, ხოლო სამ მათგანს სერიოზული, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფატალური ინფიცირების გამოწვევა შეუძლიათ: 

  1. SARS კორონავირუსი (SARS-cov) პირველად 2002 წლის ნოემბერში გამოჩნდა და მას მწვავე რესპირატორული სინდრომის გამოწვევა შეუძლია, თუმცა ვირუსი 2004 წლისთვის გაქრა;
  2. MERS კორონავირუსი (MERS-cov) 2012 წელს გაჩნდა და ადამიანში მწვავე რესპირატორულ ინფექციას იწვევს. მისი წყარო აქლემებია და შუა აღმოსავლეთში  მისი აფეთქებები პერიოდულად ხდება ხოლმე;
  3. ახალი კორონავირუსი (SARS-CoV-2), რომელიც COVID-19-ს იწვევს, პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში წარმოიშვა.

გაზეთ «Североуральские вести»-ის 2003 წლის სტატია ჩამოთვლილთაგან პირველ კორონავირუსს SARS-cov-ს ეხება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ SARS-cov-ით ადამიანების ინფიცირების შესახებ განცხადება პირველად 2003 წლის 13 აპრილს გააკეთა. მსოფლიოს 10 ქვეყნის 13 ლაბორატორიის თანამშრომლობის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, თუ ზუსტად რომელი კორონავირუსი იწვევდა მწვავე რესპირატორულ სინდრომს. SARS-cov-ით გამოწვეული აფეთქება ჩინეთში 2002 წელს დაიწყო და აზიის ქვეყნებში სწრაფად გავრცელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით,  SARS-cov-მა 2003 წელს 26 ქვეყანაში 8000-მდე ადამიანი დააინფიცირა და 780-მდე ადამიანი იმსხვერპლა. 

  • მტკიცება, რომ COVID-19-ის შესახებ წლების წინ იცოდნენ, პოპულარული მანიპულაციაა 

 «Североуральские вести»-ის ნომრის ფოტოსურათი მსგავსი აღწერით 2020 წლის გაზაფხულიდან პერიოდულად რუსულ სოციალურ ქსელებსა თუ ბლოგებზე ვრცელდება და მას ათობით ათასი გაზიარება აქვს.  “ეს ყველაფერი უკვე ერთხელ იყო, მთელი ამ პანიკის, კარანტინის და ჯარიმების გარეშე” - ვკითხულობთ სურათის რუსულ აღწერაში. აღნიშნული მანიპულაციის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმეს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრმა Re:Baltica და უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ stopfake.org.

""

ნარატივი, რომ COVID-19-ის შესახებ წლების წინ საუბრობდნენ ან წინასწარმეტყველებდნენ, პანდემიის პერიოდში ადრეც ვრცელდებოდა. 2020 წლის 22 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა  ტელეკომპანია კავკასიის ეთერის არქივის ვიდეო, რომელიც 2013 წელს ლელა კაკულიას დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემაში “სპექტრი” სტუმრობას ასახავს. ვიდეოში ლელა კაკულია აღნიშნავს, რომ იწინასწარმეტყველა ვირუსი, სახელად “კორონა”. გავრცელებული ვიდეოს აღწერაში ნათქვამი არ იყო, რომ 2013 წელს არსებობდა სხვა კორონავირუსები - SARS და MERS,  რომლებსაც შეეძლოთ ადამიანის დაინფიცირება და სერიოზული ინფექციური დაავადების გამოწვევა, ამიტომაც ლელა კაკულიას “წინასწარმეტყველება” დაკავშირებული არ იყო მაინც და მაინც ახალ კორონავირუსთან.


მოამზადა მედეა სულამანიძემ