Առողջապահություն/Կենսաանվտանգություն

წერს თუ არა ბილ გეიტსი, რომ “ვაქცინაციის მიუხედავად, პანდემია გაძლიერდება”?

30 Դեկտեմբեր, 2020

23 დეკემბერს resonancedaily.com-მა და ntv.ge-მ საკუთარ ვებ-გვერდებზე ინფორმაცია იდენტური სათაურებით გამოაქვეყნეს, რომელიც ვაქცინებზე ბილ გეიტსის პოზიციას შეეხება: “ვაქცინაციის მიუხედავად, პანდემია გაძლიერდება – ბილ გეიტსი ისევ აპოკალიფსურ პროგნოზს აკეთებს”.

"
უშუალოდ სტატიის შინაარსი შესავალში სათაურში გამოთქმულ აზრს იმეორებს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ბილ გეიტსმა თავის ბლოგში დაწერა. შემდეგ კი მოყვანილია ბილ გეიტსის ციტატა: “კომპიუტერული მოდელები 2021 წლის პირველ კვარტალში გლობალური პრობლემების გართულებას პროგნოზირებენ. აუცილებელია ვირუსის ახალი შტამის შესწავლა, რომელიც წინაზე უფრო სწრაფად ვრცელდება. დაავადების გავრცელების შეჩერების ყველაზე ეფექტურ ზომებად კვლავ პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა რჩება, მაგრამ საგანგაშოა ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვაქცინების ეფექტურობის არ სჯერა“

23-24 დეკემბერს alia.ge-მ, info9.ge-მ, ნიუსფრონტმა, media.adamsholding.ge-მ და theworldnews.net-მა იგივე ინფორმაცია მსგავსი, ოდნავ შეცვლილი სათაურით გამოაქვეყნეს: “ვაქცინაციის მიუხედავად, პანდემია გაძლიერდება – რას წერს ბილ გეიტსი ვირუსზე?”. მათი მასალების ტექსტი “რეზონანსისა” და ntv.ge-ს იდენტურია.

მასალა ოდნავ განსხვავებული სათაურით გამოაქვეყნა ვებ-გვერდმა ptn.ge-მ: “ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, უახლოეს თვეებში პანდემია გაძლიერდება – ბილ გეიტსი”.

მედია საშუალებების უმეტესობა ინფორმაციის წყაროდ ვებ-გვერდ for.ge-ს უთითებს. for.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას კი, თავის მხრივ, წყაროდ imedinews.ge აქვს მითითებული. imedinews.ge-ს უთითებს წყაროდ commersant.ge-ც. სამივე ვებ-გვერდის მასალას იდენტური სათაური აქვს: “ბილ გეიტსი: ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, უახლოეს თვეებში პანდემია მაინც გაძლიერდება”.

კიდევ ერთი ვებ-გვერდი, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული metronome.ge-ია. მეტრონომი წერს, რომ ბილ გეიტსმა ამის შესახებ თავის ბლოგში აღნიშნა. 

სათაური “ვაქცინაციის მიუხედავად, პანდემია გაძლიერდება” მანიპულაციურია. 1) გეიტსი თავის ბლოგში არ წერს, რომ პანდემიის გაძლიერება “ვაქცინაციის მიუხედავად” მოხდება. 2) 7 ვებ-გვერდს სათაურში გამოტოვებული აქვს ის დეტალი, რომ გეიტსის მიხედვით, პანდემია უახლოეს თვეებში გაძლიერდება.
3) გეიტსი ბლოგში ხაზს უსვამს იმას, რომ ვაქცინაციას, მკურნალობასა და რეგულაციების ერთობლიობას გლობალური გავლენა ექნება და ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი თანდათან შემცირდება, თუმცა არც ერთი ზემოთნახსენები მედია ამის შესახებ არ წერს. ამრიგად, ბლოგი მთლიანობაში ოპტიმისტურია და მხოლოდ ერთ ციტატაზე აქცენტირება შეცდომაში შემყვანია.

ბილ გეიტსმა წლის შემაჯამებელი ბლოგი, სათაურით “ამ მიღწევებით 2021 წელი 2020-ზე უკეთესი იქნება” 22 დეკემბერს გამოაქვეყნა. ვრცელ ბლოგში გეიტსი კორონავირუსის პანდემიის შედეგებსა და იმ სამეცნიერო მიღწევებზე საუბრობს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გამოიკვეთა.

ბლოგის შესავალში ბილ გეიტსი წერს, რომ 2020 წლის სამეცნიერო მიღწევების ტემპით გაოგნებულია, რადგან ადამიანებს ერთ წელიწადში არც ერთ დაავადებაზე მიუღწევიათ იმხელა პროგრესისთვის, როგორც ეს COVID-19-ის შემთხვევაში მოხდა. ის აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ვაქცინის შექმნას შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს, ამჯერად კი რამდენიმე ვაქცინა 1 წელზე ნაკლებ დროში შეიქმნა.

7 მედია საშუალებას - resonancedaily.com, ntv.ge, alia.ge, info9.ge, ნიუს-ფრონტი, media.adamsholding.ge და theworldnews.net, სათაურში გამოტოვებული აქვს მნიშვნელოვანი დეტალი: ის, რომ გეიტსი, კომპიუტერულ მოდელებზე დაყრდნობით, პანდემიის გაძლიერებას მომდევნო უახლოეს თვეებში ვარაუდობს. აღნიშნული მედიების სათაურებში წერია, რომ “პანდემია გაძლიერდება”, თუმცა როდის ნახსენები არაა, რამაც შესაძლოა, დატოვოს შთაბეჭდილება, რომ ვაქცინაცია არ იმუშავებს და 2021 წელს სიტუაციის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მედია საშუალებებს ბილ გეიტსის ვრცელი ბლოგიდან მხოლოდ ერთ ციტატაზე დაყრდნობით აქვთ მასალები მომზადებული. ამ ციტატაში ბილ გეიტსი ამბობს, რომ კომპიუტერული მოდელები მომდევნო თვეებში (გაზაფხულამდე) პანდემიის შესაძლო გაუარესებას პროგნოზირებენ. ციტატაში ნახსენები არ არის, რომ მდგომარეობა ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად უარესდება. გარდა ამისა, ბლოგში ბილ გეიტსს ოპტიმისტური პროგნოზი აქვს და ხაზს სწორედ იმას უსვამს, რომ ვაქცინაციის, მკურნალობასა და რეგულაციების ერთობლიობას გლობალური გავლენა ექნება. გეიტსი აღნიშნავს, რომ  ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი თანდათან შემცირდება, ყოველ შემთხვევაში მდიდარ ქვეყნებში მაინც და მსოფლიო კვლავ ჩვეულებრივ ცხოვრებას მიუახლოვდება.

ბილ გეიტსის ციტატები

2021 წელთან დაკავშირებით ბილ გეიტსი წერს: 

“სამწუხაროდ, ჯერ სამშვიდობოს არ ვართ. კომპიუტერული მოდელები პროგნოზირებენ, რომ პანდემია შესაძლოა გაუარესდეს დაახლოებით ერთი თვის და ოდნავ მეტის განმავლობაში. ჩვენ ასევე აუცილებელია, შევისწავლოთ ვირუსის ახალი შტამი, რომელიც, როგორც ჩანს, წინაზე სწრაფად ვრცელდება, თუმცა მეტად მომაკვდინებელი არ არის.”

მისი თქმით, იმედიანად ყოფნის ორი მიზეზი არსებობს: ერთია ის, რომ პირბადეებს, სოციალურ დისტანციას და სხვა ზომებს შეუძლია, შეანელოს ვირუსის გავრცელება და გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე, სანამ ვაქცინაცია დაიწყება. მეორე მიზეზად კი გეიტსი ვაქცინაციასა და მკურნალობას ასახელებს:

“2021 წლის გაზაფხულზე იმედიანად ყოფნის მეორე მიზეზი ის არის, რომ ვაქცინები და მკურნალობის მეთოდები, რომელთა შესახებაც ახალ ამბებში კითხულობდით, მიაღწევენ იმ ეტაპს, როცა მათ გლობალური გავლენა ექნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეზღუდვა მაინც საჭირო იქნება (მაგალითად, დიდ შეკრებებზე), შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდება - მდიდარ ქვეყნებში მაინც - და ცხოვრება იმაზე მეტად მიუახლოვდება ნორმალურს, ვიდრე ეს ახლაა.”

ptn.ge-ს გარდა, აღნიშნული ინფორმაციისა, ბილ გეიტსის ბლოგზე დაყრდნობით კიდევ ერთი მასალა აქვს მომზადებული, რომელიც ამ მასალის ბოლოსაა ჩაშენებული და მდიდარ ქვეყნებში სიკვდილიანობის რიცხვის შემცირებას შეეხება. ვებ-გვერდზე მეორე მასალის განთავსებით ბლოგის იპტიმისტური ნაწილის წარმოჩენა მკითხველს კონტექსტის შექმნაში ეხმარება. სხვა ვებ-გვერდებს ამგვარი ალტერნატიული მასალა გამოქვეყნებული არ აქვთ.

"


მოამზადა მარიამ ტალახაძემ


არქივის ბმულები:
რეზონანსი: https://archive.ph/W6vbO 
ntv.ge: https://archive.ph/rEpAh 
alia.ge: https://archive.ph/O2aHw 
info9.ge: https://archive.ph/5TqUF 
ნიუს-ფრონტი: https://archive.ph/HzilW 
ptn.ge: https://archive.ph/1wlmK 
for.ge: https://archive.ph/WayvE 
imedinews.ge: https://archive.ph/2qwzO 
commersant.ge: https://archive.ph/Ldq7r 
metronome.ge: https://archive.ph/0jq5k 
media.adamsholding.ge: https://archive.ph/CtvF0 
theworldnews.net: https://archive.ph/hChr8