Այլք

ჰომოფობია “ობიექტივიდან” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომდე

30 Հունիս, 2021

28 ივნისს “ალტ-ინფოს” ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ტელეკომპანია “ობიექტივის” ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა და წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმა, რომელიც წლებია გამოირჩევა სიძულვილის ენის და ჰომოფობიური შინაარსის განცხადებებით, თბილისი პრაიდზე ისაუბრა. მძინარაშვილის ინტერვიუ რამდენიმე ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ გზავნილს შეიცავს:

  • ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა
  • ჰომოსექსუალები თავად უბიძგებენ საზოგადოებას ძალადობისკენ
  • დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას
  • ევროკავშირი თავს გვახვევს მიუღებელ ღირებულებებს/ებრძვის მართლმადიდებლობას

გზავნილი

ციტატა

ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა

„ადამიანი იბადება, ან გოგოა ან ბიჭია... ფსიქიკური გადახრა ან აღრევაა რაღაცა ეს. გასაგებია ეს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ცოტამ ასე აგრესიულად იძალადოს ბევრზე

 

 

 

 

ჰომოსექსუალები თავად უბიძგებენ საზოგადოებას ძალადობისკენ

“მე ვამბობ, რომ არავისი მოკვლა არ შეიძლება, ძალადობა არავისზე არ შეიძლება. ეხლა ვიღაცა რომ მოვიდეს და გაღიზიანებს და გიჩიჩხინებს და გიტიკინებს რაღაცას, იმას რომ პასუხს გასცემ იმისი პასუხისმგებლობაც ხომ არის რატომ გიჩიჩხინა ამდენი?! სანამ არ გაგაგიჟა და თავში რაღაცა არ ჩაარტყი, ხომ?!”

„ეს ადამიანები [ლგბტ] გარკვეულწილად დიდი აგრესიულობით გამოირჩევიან, როდესაც საკუთარი თვითგამოხატვის ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს იყენებენ.”

“აი, მაშინდელი დიდი აქციის შემდეგ, როცა სასულიერო პირები ჩაუდგნენ სათავეში ამ აქციას, ხელისუფლება ახერხებდა ამ აგრესიული ლიბერალების ჯგუფებთან კომუნიკაციას იმგვარად, რომ მათ აღარ გაემართათ ასეთი აქციები და საზოგადოება დემონსტრაციულად არ გაეღიზიანებინათ.”

 

 

 

 

 

 

დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას

„ძალიანაც არ მომწონს, არ არი საჭირო რაღაცა მარშიროვკების გაკეთება! ევროპული მარშიროვკების! ლიბერალური მარშიროვკების, პრაიდები რომ დაარქვეს, თითქოს ლომების ოჯახია! არ არი საჭირო ასეთი პარადები და ფრიალები და ტიტვლები და ჩაცმულები იქნებიან თუ როგორები იქნებიან”.

“საბოლოო ჯამში, მთელი აგრესიული ის მოდის ხოლმე მერე საქართველოზე. სხვათა შორის, უნგრეთთან დაკავშირებით სულაც არ არის ის აგრესია რა მოლოდინიც ჰქონდათ ლიბერალებს. პირიქით, ძალიან ბევრი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო მიხვდა, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ სხვა ქვეყნებმა და განსაკუთრებით შეერთებულმა შტატებმა. ეხლა ამოიღონ შეერთებული შტატების საელჩომ და ენჯეოები რომ ყავთ აქ კინწურაშვილები და სხვა მელატოპლასტამსის თუ ემ-დე-ეფ-ის ენჯეოები რო ყავთ და ეს ჩემი განცხადებებიც გაუგზავნონ სახელმწიფო დეპარტამენტს.”

“აბა, რა 30 ევროპარლამენტარის საქმეა, საქართველოში აქცია გაიმართება, არ გაიმართება?! და რაა ეხლა, ის პარლამენტარები რომ იტყვიან, რომ არ გაუწიოთ წინააღმდეგობა თუ რა ჰქვია, არ ჩაუშალოთ ეს პრაიდი თუ რაღაცა რაა, აქ ხალხი იტყვის რომ უუფ, აი 30-მა ევროპარლამენტარმა ეს თქვა, როგორ არ გავუწიოთ ანგარიში?! იმ ევროპარლამენტარებმა, დამერწმუნეთ, მათმა ძალიან დიდმა ნაწილმა, საერთოდ არ იციან, სად არის საქართველო, რა პრობლემები აქვს საქართველოს და რა სჭირდება საქართველოს.”

 

 

ევროკავშირი თავს გვახვევს მიუღებელ ღირებულებებს/ებრძვის მართლმადიდებლობას

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს. ამ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის დროს ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი ცვლილებები შევიდეს კანონმდებლობაში, რომ მერე ჩვენ აღმოვჩნდეთ [ვიქტორ] ორბანის მდგომარეობაში, როცა იძულებული ვიქნებით, რომ დავაბრუნოთ მერე ის კანონები ისევ პირვანდელ მდგომარეობაში... ჩვენ კონტრიბუციის ნაცვლად რაღაც პრეფერენციები უნდა გვქონდეს ევროკავშირიდანაც და ამიტომ გვინდა ეს ურთიერთობა, რომ ჩვენთვისაც სასარგებლო იყოს და ჩვენც რაღაც გარკვეული სარგებელი მოვუტანოთ ევროპას. მაგრამ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების, მართლმადიდებელი ხალხის, მართლმადიდებელი მრევლის ინტერსების გადათელვას ცდილობენ ეს ადამიანები, ეს მოუთმენელი ხდება!“

  • რა წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში?

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში ცალკე ქვეთავია გამოყოფილი სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე. 15.9 მუხლის თანახმად, ჰომოსექსუალები ხშირად შეურაცხმყოფელ სტერეოტიპების მსხვერპლები ხდებიან და გადაცემის ავტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინიც საზოგადოების წევრები არიან.

ქცევის კოდექსი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მიუთითებს, რომ ხელი არ უნდა შეუწყონ სტერეოტიპების გაძლიერებას საჭიროების გარეშე პირის სექსუალურ ორიენტაციაზე აპელირებით, ყურადღებით შეარჩიონ გამოთქმები და გადაცემის სტუმრებს არ მისცენ უფლება, შეურაცხმყოფელი ტერმინები გამოიყენონ.

გარდა ამისა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში მოცემულია რეკომენდაციები მრაფალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ. კოდექსის 33-ე მუხლში ნათქვამია, რომ მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უმცირესობების მიმართ.

მუხლი 31. მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპი
მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.

მუხლი 32. მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და შემწყნარებლობის პრინციპების დაცვისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)
3. მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

ბონდო მძინარაშვილის შესახებ

ბონდო მძინარაშვილი საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2020 წელს აირჩია. საზოგადოებრივ მაუწყებლამდე მძინარაშვილი კრემლისტურ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებულ ტვ “ობიექტივში” მთავარ რედაქტორად და თოქ-შოუს წამყვანად მუშაობდა. მძინარაშვილი წლებია ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური გზავნილების წყაროა და მედიის განვითარების ფონდის ანგარიშებსა და ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორზე” ხვდება. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის საფუძველზე ტვ “ობიექტივის” სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, მათ შორის ბონდო მძინარაშვილის კომენტარი, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში მოხვდა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.