Եվրամիություն
Մեդիա

3 მედია, 1 სათაური ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ

6 Հուլիս, 2017

2017 წლის 5 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა Georgia Today-ს ინგლისურენოვანი სტატია დიმიტრი დოლაბერიძის ავტორობით, სათაურით “საქართველოს უვიზო რეჟიმი: სამწუხარო წინასწარი შედეგები”, რომელიც საქართველოსთვის მინიჭებული ვიზალიბერალიზაციის ნეგატიურ შედეგებზე საუბრობდა. ფეისბუკში მასალის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოცემის ვებ-გვერდიდან აღნიშნული სტატიის წაშლა მოჰყვა.

"

იდენტური შინაარსის სტატია, იდენტური სათაურით - “საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირში – სამწუხარო წინასწარი შედეგები” - 2017 წლის 18 ივნისს რუსულ ენაზე ვებ-გვერდ Dalma News-ზე გამოქვეყნდა, ხოლო 20 ივნისს იმავე ვებ-გვერდზე - ქართულ ენაზე. იგივე სტატია 18 ივნისს რუსულ ენაზე Eurasia Daily-ს ვებ-გვერდზეც გავრცელდა.

იხ. ინფოგრაფიკა

"

სტატიაში ნეგატიურ კონტექსტში არის ხაზგასმული ის შეზღუდვები, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლით სარგებლობის ფარგლებში უწესებს. კერძოდ, 180 დღიან პერიოდში ვიზიტის ხანგრძლივობა 90 დღით არის განსაზღვრული და ეს სამუშაო უფლებას არ მოიცავს. სტატიის ავტორი გია მეტრეველი ყურადღებას საქართველოს იმ მოქალაქეებზე ამახვილებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მუშაობენ და აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმით ისინი ვერ ისარგებლებენ. ამის საფუძველზე ავტორი ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის ნეგატიური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. 

სტატია სპეკულაციური ხასიათისაა და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის ეკონომუკურ საკითხებთან ხელოვნურად დაკავშირებას ახდენს. უვიზო რეჟიმი, რომელიც 28 მარტიდან ამოქმედდა, საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზიტით, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, ჯამურად 90 დღე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობას აძლევს.

ეკონომიკური საკითხით ანალოგიურ მანიპულაციას 2017 წლის 28 მარტს ტელეკომპანია “მაესტროს” “ცხელ ხაზშიც” მიმართეს, როდესაც ინტერაქტივის შეკითხვაში - „მოახდენს თუ არა ვიზალიბერალიზაცია დადებით გავლენას თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე?" - ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა ხელოვნურად დაუკავშირეს ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მითები და დაუსაბუთებელი მოსაზრებები როგორც უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, ასევე მას შემდეგაც არაერთხელ გავრცელდა.

“მითების დეტექტორის” მასალები აღნიშნულ თემაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

  • 4 მითი ვიზალიბერალიზაციაზე, სატალევიზიო სიუჟეტი ხელმისაწვდომია  ბმულზე
  • მითები და რეალური ფაქტები უვიზო მიმოსვლის შესახებ - იხ.  ბმული
  • ადა მარშანია ვიზალიბერალიზაციის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს - იხ.  ბმული
  • მტკიცება, თითქოს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს ხელშესახებ სიკეთეს არ მოუტანს, მცდარია - იხ.  ბმული