Գաղթականներ

დეზინფორმაცია, თითქოს 2017 წელს ბრიუსელში საშობაო ნაძვის ხე არაქრისტიანული კონფესიების გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით არ დაიდგა

7 Սեպտեմբեր, 2017

მედია ჰოლდინგ „ახალი საქართველოს“ ხელმძღვანელმა ბადრი ნაჭყებიამ, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ლიბერალურ სახელმწიფოებს ტერორიზმთან ბრძოლა ძალიან უჭირთ, რადგან არ აქვთ სწორი საემიგრაციო პოლიტიკა და გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებს ბევრ უფლებას აძლევენ. მისი თქმით, ამის თვალსაჩინო მაგალითი ისიცაა, რომ 2017 წელს ბრიუსელში ნაძვის ხე, როგორც ქრისტიანული დღესასწაულის ატრიბუტი არ დადგეს, რათა სხვა რელიგიური კონფესიები არ გაეღიზიანებინათ.


ბადრი ნაჭყებია, “ახალი საქართველოს” ხელმძღვანელი: „ლიბერალური პირობებია, როდესაც გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებს აძლევენ ბევრ უფლებას, არ აქვთ სწორი საემიგრაციო პოლიტიკა...ეს დემოგრაფიულ-რელიგიური დისბალანსია. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ 2017 წელს ბრიუსელში არ დადგეს ნაძვის ხე - ქრისტიანული დღესასწაულის ატრიბუტი, რათა სხვა კონფესიები არ გაეღიზიანებინათ.

კვირის პალიტრა, 21-27 აგვისტო

აღნიშნული განცხადება სიცრუეა, რადგან 2017 წლისთვის ბრიუსელის ცენტრში გამართული  საშობაო ღონისძიებების ფარგლებში, სლოვაკეთიდან გაგზავნილი ცოცხალი ნაძვის ხე დაიდგა. ცოცხალი ნაძვის ხის ნაცვლად მეტალის კონსტრუქცია ცენტრალურ მოედანზე არა 2017, არამედ 2012 წელს განთავსდა, როგორც მოდერნიზებული ბრიუსელის სიმბოლო და ქალაქის მერიის განმარტებით, არავითარი კავშირი არ ჰქონია არაქრისტიანული რელიგიური კონფესიების გრძნობებთან.

ფაქტი #1. 2016 წლის 17 ნოემბერს ბრიუსელის ცენტრში ტრადიციული ყოველწლიური საშობაო ღონისძიებების ფარგლებში,  სლოვაკეთიდან გაგზავნილი 22 მეტრიანი ცოცხალი ნაძვის ხე დაიდგა.

ყოველწლიურად, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ცენტრში საშობაო და წინასაახალწლო პერიოდში სპეციალური ღონისძიებები -  „ზამთრის საოცრებები“ (Winter Wonders) იმართება. 2017 წლისთვის  ბრიუსელში საშობაო და საახალწლი ღონისძიების ფარგლებში ტრადიციისამებრ საშობაო ბაზრობა გაიმაეღა და საშობაო ნაძვის ხეც დაიდგა. 

"

ცოცხალი ნაძვის ხე ტრადიციულად არდენის ტყეებიდან მოაქვთ და ქალაქის ცენტრში, Grand Place-ის მოედანზე ათავსებენ, თუმცა 2017 წლისთვის ევროპის საბჭოს 6 თვიანი პრეზიდენტობის პერიოდის დასრულების ნიშნად, სლოვაკეთმა ბელგიას  დიპლომატიური საჩუქრის სახით  22 მეტრიანი ცოცხალი საშობაო ნაძვის ხე  გაუგზავნა.

წყარო: AP/TASR

ფაქტი #2. ნაძვის ხის მეტალის კონსტრუქცია საახალწლოდ ბრიუსელში არა 2017 წელს, არამედ 2012 წელს განთავსდა, როგორც მოდერნიზებული ბრიუსელის სიმბოლო. მოვლენას არავითარი კავშირი არ ჰქონია ევროპის საიმიგრაციო კრიზისთან, რომელიც ამ მოვლენიდან 3 წლის შემდგომ, 2015 წელს  დაიწყო.

2012 წელს Grand Place-ის მოედანზე ტრადიციული ცოცხალი ნაძვის ხის ნაცვლად, 25 მეტრიანი მეტალის კონსტრუქცია განთავსდა, რასაც ბელგიური პრესის და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.  მათი აზრით, ხელისუფლება ტრადიციული საშობაო ნაძვის ხის დადგმას იმ მიზეზით მოერიდა, რომ არაქრისტიანული კონფესიების გაღიზიანება არ სურდა.  BBC-ს ცნობით,  ბრიუსელის მერიამ განმარტა, რომ მეტალის ნაძვის ხის კონსტრუქცია იმ 5 ინსტალაციის შემადგენელი ნაწილი, იყო რომელიც 2012 წლისთვის Grand Place-ის მოედანზე დამონტაჟდა, რათა ვიზიტორებს საშუალება ჰქონოდათ კონსტრუქციაზე ასულიყვნენ და ქალაქის ხედებით დამტკბარიყვნენ. ამასთან, Grand Place- ზე დამატებით მომცრო ზომის ცოცხალი ნაძვის ხეც განთავსდა. ტურიზმის საკითხებში ბრიუსელის მერიის ადმინისტრაციის მრჩევლის, ფილიპ კლოსის თქმით, საშობაო ნაძვის ხე რელიგიური სიმბოლო არაა, ხოლო მეტალის კონსტრუქციის განთავსების მიზანი ბრიუსელის „ავანგარდული ხასიათის“ დემონსტრირება, საშობაო ბაზრობისა და ბრიუსელის მოდერნიზება იყო.

ბელგიაში მუსლიმური თემის წარმომადგენლობის, ორგანიზაცია  „ბელგიის მუსლიმების აღმასრულებელის“ (Executive of the Muslims of Belgium) თავმჯდომარე სემსეტინ უგურლუს განმარტებით, ორგანიზაციის აზრით, მუსლიმური თემი ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყანაში  ცხოვრობს და არ განიცდის არანაირი სახის რელიგიურ შეურაცხყოფას საშობაო ნაძვის ხესთან დაკავშირებით.

იდენტური დეზინფორმაცია

EU Disinfo -ს ცნობით, 2016 წელს შვედურ და რუსულ მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს შვედეთში საშობაო განათება მუსლიმთა მიმართ ტოლერანტობის გამო აკრძალეს.

2016 წელს, რამოდენიმე მემარჯვენე ექსტრემისტულმა და ანტიმუსლიმურმა ვებ გვერდმა  გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს შვედეთმა საშობაო განათება იმის გამო აკრძალა, რომ მუსლიმი მიგრანტების გაღიზიანება არ გამოეწვია. ანალოგიური ინფორმაცია რუსულენოვან ვებ-გვერდებზეც  დაიწერა.

სინამდვილეში, შვედეთის სატრანსპორტო უწყებამ  მის საკუთრებაში მყოფ ობიექტებზე განათება ენერგეტიკის სფეროში შვედეთში არსებული კანონების საფუძველზე აკრძალა, რასაც რელიგიურ საკითხებთან კავშირი არ  ჰქონია.


მოამზადა დალი ქურდაძემ