Քաղաքականություն

ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ რუსეთი აგრესორი არ არის

15 Նոյեմբեր, 2017

4 ნოემბერს, TV ობიექტივის ეთერში რუსულ ტელეარხ Россия 1-ის თოქ-შოუ „60 წუთის“ ფრაგმენტები გავიდა, სადაც დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში ინტერვენციას და  2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას  ერთმანეთს ადარებს. ნინო ბურჯანაძის თქმით, უკრაინის ახალი ხელისუფლება იმეორებს იგივე შეცდომებს, რასაც საქართველოს წინა ხელისუფლება, რომელიც  პროვოკაციას აჰყვა და რუსეთთან  საომარ მოქმედებებში  ჩაერთო. მისი თქმით, არსებობენ სერიოზული წრეები, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში აგრესორად და მტრად წარმოჩენა სურთ, როგორც ეს  2008 წლის აგვისტოში საქართველოს შემთხვევაში მოხდა. მისი განცხადებები 5 ნოემბერს მარშალპრესმაც გამოაქვეყნა.

ნინო ბურჯანაძე: “ასეა უკრაინაშიც. ვიღაცას ძალიან აწყობს რაც იქ ხდება. ეს არ აწყობს არც რუსეთს, არც უკრაინას. ვიღაცას სურდა 2008 წლის ომით რუსეთის წარმოჩინება როგორც მსოფლიოს მტრის და აგრესორის და ამ მიზანს მიაღწის… ახლაც უკრაინაში სურთ რუსეთის აგრესორად წარმოჩენა. ეს არის მთავარი მიზანი. არიან სერიოზული წრეები, ვისაც აწყობს დაძაბულობა რუსეთსა და უკრიანას შორის“,

რუსეთისთვის მის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზე პასუხისმგებლობის არიდება და მისი როგორც მშვიდობისმყოფელი ქვეყნის  წარმოჩენა კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული ნარატივია. 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის და 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდგომ, კრემლის პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი ჯგუფები საქართველოსა და უკრაინაში ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ საომარი მოქმედებების წამოწყება არა რუსეთის, არამედ აღნიშნული ქვეყნების მთავრობების ინტერესებშია.  

კრემლის გავლენის ინდექსის თანახმად (KII) , რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნების საინფორმაციო სივრცეებში გავლენის მოხდენის შესაძლებლობებს ზომავს, პრორუსული “ოპოზიციური ბლოკი რუსეთში ყირიმის სამხედრო ინტერვენციას ღიად არ ამართლებს, მაგრამ  მიზანმიმართულად ამკვიდრებს აზრს,  რომ რუსეთთან ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა კიევს უნდა დაეკისროს.

კრემლის გავლენის ინდექსი, უკრაინა:ოპოზიციური ბლოკი (,თავის მხრივ, თავს არიდებს რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის პირდაპირ პოზიტიურად შეფასებას (აგრესიის, ყირიმის ოკუპაციის გამართლება და ა.შ.), მაგრამ, პირდაპირ ადანაშაულებს კიევს ომის გაჩაღებასა და გახანგრძლივებაში და კრემლთან დიალოგისკენ მოუწოდებს, ჰპირდება რა მოქალაქეებს მშვიდობიან ცხოვრებას, თუმცა არ ხდება დაკონკრეტება, თუ რა ფასი ექნება უკრაინისთვის ასეთ მშვიდობას.”