სხვადასხვა

‘1969 წლის’ რუსული გზავნილი ალასკიდან ყირიმამდე

27 სექტემბერი, 2019

EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით

“გზავნილი წარსულიდან: 1969 წლის ბოთლში აღმოჩენილი წერილის ავტორი ნაპოვნია” - 9 აგვისტოს ამ სათაურით vesti.ru-მ Rossiya 1-ის სიუჟეტს გამოაქვეყნა. სიუჟეტის მიხედვით, 1969 წელს საბჭოთა მეზღვაურმა ბოთლში ჩადებული წერილი წყნარ ოკეანეში ჩააგდო, 50 წლის შემდეგ კი ბოთლი ალასკის სანაპიროზე გამოირიყა, სადაც ის ადგილობრივმა იპოვნა.

წერილის ავტორი რუსული ფლოტიდან გულითად მოკითხვას უთვლის ბოთლის მპოვნელს და სთხოვს წერილი ვლადივასტოკში მითითებულ მისამართზე მიიტანოს.

"

Rossiya 1 წერილის ავტორის მოძებნას შეეცადა და მას ყირიმში, სევასტოპოლში მიაგნო. მოხუცი მეზღვაური სამუშაო წლებს ემოციურად იხსენებს, თუმცა არის თუ არა წერილი ნამდვილად 1969 წელს დაწერილი, ამაში რუსეთის დამოუკიდებელ მედიას ეჭვი ეპარება.

ახალი ბოთლი, ახალი მელანი, A4 ზომის ქაღალდი

TV Rain-ის ჟურნალისტებმა Rossiya 1-ის სიუჟეტი გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ მოთხრობილი ისტორია რამდენიმე კითხვას ბადებს. რატომ ჰგავდა ბოთლი ახალს, როდესაც ნახევარი საუკუნე ოკეანეში იყო? როგორ მოხერხდა წერილის ისე შენახვა, რომ მელანი არ გაიდღაბნა? და ასევე, რატომ იყო წერილი A4 ფორმატზე დაწერილი, როდესაც ეს საბჭოთა კავშირში სტანდარტი არ ყოფილა?

ამას გარდა,  Rossiya 1-ის სიუჟეტში პენსიონერი ოფიცერი აცხადებს, რომ ის წერილში თავის ხელწერას ვერ ცნობს და მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ახალგაზრდობაში წერილში აღნიშნულ თევზის კომპანიაში მუშაობდა.

რას შეიძლება ემსახურებოდეს  Rossiya 1-ის მოთხრობილი ამბავი?

EUvsDisinfo-ს თანახმად, ისტორია ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთის ძველ ტერიტორიას, ალასკას და ყირიმს, უკრაინულ მიწას, რომელიც კრემლის დეზინფორმაციული ნარატივის მიხედვით “სახლში დაბრუნდა”. ამბავი ხიდს ავლებს საბჭოთ კავშირის მოგონებებსა და პოსტ-ყირიმულ თანამედროვე რუსეთის ფედერაციის იმპერიულ მისწრაფებებს შორის.