სხვადასხვა

4 მითი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შესახებ

2 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში დეკანოზმა გიორგი პავლოვმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი აშშ-ის მიერ იმართება. ამის საილუსტრაციოდ, გიორგი პავლოვმა უკრაინაში ორი ეგზარქოსის ჩასვლის ფაქტი ახსენა, რომლებიც მისი მტკიცებით ამერიკელი და კანადელი იყვნენ. იგივე მოსააზრება 27 სექტემბერს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოში” გამოაქვეყნებულ ინტერვიუში ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა, გიორგი რაზმაძემაც განავითარა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი “ლიბერალების” შეთქმულებაა რუსეთისა და ზოგადად, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე 29 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “42-ე პარალელი” ისაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამაც, რომლისთვისაც გაუგებარია, თუ რომელ ეკლესიას უნდა მიენიჭოს უკრაინაში დამოუკიდებლობა, რადგანაც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიას მოსკოვისგან ან კონსტანტინოპოლისგან დამოუკიდებლობა არ მოუთხოვია.

გიორგი პავლოვი: “[ეგქზარქოსები უკრაინაში] ამერიკიდან ჩამოვიდნენ - ერთი კანადელი, ერთი ამერიკელი -სასაცილოა, რა... აქ არ არის დასამალი, რომ ეს კაცი [მოფლიო პატრიარქი] არის ამერიკელების გავლენის ქვეშ და ასრულებს მაგათ დავალებებს.”

გიორგი რაზმაძე: “რუსეთი, ალბათ, მათი ერთადერთი სამიზნე არ არის. ცოტა ხანში შეიძლება იგივე სცადონ ბელარუსშიც და, დარწმუნებული ვარ, იქაც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მათაც უნდათ დამოუკიდებლობა. მერე, ალბათ, იმავეს ეცდებიან აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და ა.შ. ეს არის ერთგვარი უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც მიმართულია მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩვისა და მასში შფოთის შეტანისკენ.”

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია: “"არის საყოველთაოდ აღიარებული ავტონომიური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ფარგლებში. ამ ეკლესიას არ მოუთხოვია ავტოკეფალია არც მოსკოვის საპატრიარქოსგან, რომლის წიაღშიც ის მოიაზრება, არც კონსტანტინოპოლი საპატრიარქოსგან... თვითგამოცხადებული კიევის საპატრიარქო, ასევე უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესია - იმათ ავტოკეფალიის მინიჭება არ სჭირდებათ, ისინი ისედაც თვლიან, რომ ისინი არიან სრულიად დამოუკიდებელნი. ვის ენიჭება ეს ავტოკეფალია? ქვეყანას? საეკლესიო კანონებით, ავტოკეფალიის მინიჭება არ ხდება ქვეყნისთვის, ავტოკეფალიის მინიჭება ხდება ეკლესიისთვის."

კრემლისტურ მედიაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკულ ძალად წარმოჩენა ახალი არ არის. ეს ნარატივი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ხელახლა გააქტიურდა. პროპაგანდისტული მედია ყალბი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების გზით აკნინებს მსოფლიო პატრიარქს, საპირწონედ კი რუსეთის საპატრიარქოს პოზიციებს აქტიურად იცავს. “მითები დეტექტორი” უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებულ 4 მითს გთავაზობთ.

მითი 1: უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ გაგზავნილი ეგზარქოსები ამერიკელი და კანადელი სასულიერო პირები არიან.

რეალური ფაქტი N1: გაგზავნილი ეგზარქოსები უკრაინელები არიან.

მტკიცება, რომ კონსტნანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი ეგზარქოსები ამერიკელი და კანადელი სასულიერო პირები არიან ყალბია და ემსახურება მიზანს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ამერიკის დაქვემდებარებაში მყოფ ძალად წარმოაჩინოს, ხოლო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხში ამერიკის როლს მიაწეროს.

17 სექტემბერს უკრაინაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ გაგზავნილ ორ ეგზარქოსს შორის შეხვედრა გაიმართა. პრორუსულმა მედიამ და გარკვეულმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ეგზარქოსი დანიელი, ამერიკელი, ხოლო მეორე, ილარიონი -  კანადელი იყო. ეგზარქოსების გაგზავნის მიზანი ავტოკეფალიის საკითხებში უკრაინის დახმარება იყო.

"
რეალურად, ეგზარქოსი დანიელი და ილარიონი შესაბამისად ამერიკასა და კანადაში მოღვაწეობენ, თუმცა ისინი წარმომავლობით უკრაინელები არიან.
"
მთავარეპისკოპოსი დანიელი (საერო სახელი ვოლოდიმირ ზელინსკი)

მთავარეპისკოპოსი დანიელი უკრაინის პატარა ქალაქ ბუჩაჩში დაიბადა. სკოლის შემდგომ მან სწავლა ივანო-ფრანკივსკის სემინარიაში განაგრძო, სადაც თეოლოგიას დაეუფლა. ამის შემდგომ 1996 წელს ის სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს. ამერიკაში ყოფნისას მას დიაკვნის წოდება მიენიჭა. 2000 წელს ის ამერიკაში მდებარე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიიღეს, სადაც სწავლა წმინდა სოფიას უკრაინულ მართლმადიდებელ სემინარიაში განაგრძო.

ეპისკოპოსი ილარიონი (საერო სახელი რომან რუდნიკი)

"
ეპისკოპოსი რომან რუდნიკი 1972 წლის 14 იანვარს უკრაინის ქალაქ ლვოვში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდგომ მან სწავლა კიევის თეოლოგიურ სემინარიაში გააგრძელა. ამის შემდგომ მთავარეპისკოპოს ვსევოლოდისა (მაიდანსკი) რეკომენდაციით ის სასწავლებლად თესალონიკის  ერთ-ერთ უნივერსიტეტში გადავიდა. კანადაში მოღვაწეობა მან 2008 წელს დაიწყო. სინოდის გადაწყვეტილებით ის ედმონტონისა და დასავლეთ კანადის ეპისკოპოსი გახდა.

მითი N2: უკრაინა და აფხაზეთი თანასწორი სუბიექტები არიან და კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიას აფხაზეთსაც მიანიჭებს.

რეალობა: უკრაინას და აფხაზეთს თანაბარი სტატუსი ვერ ექნება, რადგანაც აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

აღნიშნული მითი იმ აზრის განსამტკიცებლად ვრცელდება, თითქოს გლობალური ლიბერალური ძალები მართლმადიდებელ ეკლესიას თავს ესხმიან. საფრთხეების დათესვა, თითქოს მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის შემდეგ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღაირებს, კრემლისტური მედიისა და პრო-რუსული სასულიერო პირების მიერ გავრცელებული ნარატივია.

უკრაინისა და აფხაზეთის საკითხს შორის მრავალი განსხვავება არსებობს, იქნება ეს ისტორიული, თუ კანონიკური. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, თუ რა ისტორიულ მოვლენებს ეყრდნობა კონსტანტინოპოლის საპატრიარო, როდესაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს. მსოფლიო საპატრიარქოს არგუმენტი რუსეთის წინააღმდეგ მე-17 საუკუნეს უკავშირდება, როდესაც რუსეთმა ძალისმიერი გზებით კიევის მიტროპოლია მიიტაცა და ის მოსკოვის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. აფხაზეთის საკითხის შემთხვევაში ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. ავტოკეფალიის ერთ-ერთი წინაპირობა სახელმწიფოებრიობაა, აფხაზეთის შემთხვევაში კი მხოლოდ და მხოლოდ არაღიარებულ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე.

მითი 3: რუსეთის ეკლესია აფხაზეთის საკითხებში არ ერევა.

რეალობა: მოსკოვის საპატრიარქო წლებია დაუფარავად ერევა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საქმიანობაში.

მართალია, რუსეთის საპატრიარქო არ ცნობს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკდიებლობას, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობაა. რეალურად რუსეთი არა თუ ერევა აფხაზეთის ეპარქიის საკითხებში, უკვე წლებია მართავს მას.

დეკანოზ ილია ჭიღლაძის ინფორმაციით:

  • ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძარს (ახალი ათონის მონასტრის გარდა) მოსკოვის საპატრიარქო აკონტროლებს.
  • მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე 15-მდე მღვდელი ჰყავს დადგენილი, რომელთაგან უმეტესობა (ერთის გამოკლებით) საპატრიარქოს მიერვე არის ნაკურთხი.
  • აფხაზეთის ეპარქიას მაიკოპისა და ადიღეს რუსი ეპისკოპოსი მართავს.

აფხაზეთის ეპარქიისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ რუსეთის საპატრიარქო წარმოადგენს, რომელიც თავის სასულიერო პირებს გზავნის ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც კანონიერად გაუმართლებელია. ასევე, ხშირია აფხაზეთში მდებარე ეკლესიების გადათეთრება და დაზიანება, რაც ქართული კვალის წაშლას ემსახურება.

"
მითი 4: კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ სამყაროში ნული ავტორიტეტით სარგებლობს.

რეალური ფაქტი N4: მსოფლიო პატრიარქი კანონიკურად პირველი და თანასწორთა შორის უპირატესი მღვდელმთავარია.

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ისტორიულად და კანონიკურად პირველ და თანასწორთა შორის უპირატეს მღვდელთავარს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის უდიდეს როლს არაერთი კონფესია აღიარებს, მის უზენაესობას საეკლესიო კრებათა კანონებშიც ვხვდებით:

“ჩვენც იგივეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინოპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, განსაზღვრეს რა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება.”

ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 28

"
ამასთანავე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გავლენა მართლმადიდებელ სამყაროში საკმაოდ დიდია. კონსტანტინოპოლს ექვემდებარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე ათონის მონასტერი. ასევე, საპატრიარქოს მსოფლიოს გარშემო მრავალი სამრევლო აქვს და წევრთა რაოდენობაც რამდენიმე მილიონს აღწევს.

პრორუსულ მედიაში გავრცელებული ნარატივია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქო ამერიკიდან დაფინანსებას მხოლოდ მისი კუთვნილი სამრევლოებიდან იღებს. თურქეთის შემთხვევაში, საპატრიარქო არა თუ იმართება, არამედ ხშირად აწყდება მრავალ პრობლემას, რაც გამოიხატება მსოფლიო მნიშვნელობის ხალკის მართლმადიდებელური საღვთისმეტყველო ცენტრის დახურვაში, რომლის ხელახლა გახსნას პატრიარქი ბართლომე დღემდე ვერ ახერხებს. ასევე, მიუხედავად პატრიარქის ტიტულისა, თურქეთი არ აღიარებს მის მსოფლიო პატრიარქობას და მას მხოლოდ თურქეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თავად აღიარებენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული ადრინდელი პუბლიკაცია.

"


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია