ახალისებს თუ არა “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და UNICEF არასრულწლოვნებში ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

63
VIEWS

29 იანვარს ინტერნეტ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ლევან ჩაჩუა: ეს კანონი რომ ამოქმედდება, თითოეული მშობელი იქნება ტოტალური კონტროლის ქვეშ და საკმარისია, უმნიშვნელო სიმკაცრე გამოიჩინოს შვილის მიმართ, უმკაცრესად დაისჯება”. როგორც Geworld-ის სარედაქციო კომენტარში, ასევე  პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუასთან ინტერვიუში აღნიშნულია, რომ UNICEF-ის დასკვნის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა “ბავშვის უფლებათა კოდექსში” ასახა, მშობელმა ბავშვს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება არ უნდა დაუშალოს.

"

Geworld: “[კოდექსს] წინ უძღოდა გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი კვლევა და მკაცრი დირექტივა საქართველოს ხელისუფლებისადმი ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძირეული ცვლილებების განხორციელებაზე. კვლევაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მშობელი გაგებით უნდა მოეკიდოს ბავშვის ნებისმიერ ქცევას თუ გატაცებას მოზარდობის ასაკში; მათ შორის გარეგნობის უჩვეულოდ შეცლას, სასიყვარულო ურთიერთობებს, თამბაქოს, ალკოჰოლის, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას და ა.შ. “

ლევან ჩაჩუა, “ქართული იდეა”: “ეს “კანონი” რომ ამოქმედდება (სულ მალე ამოქმედდება), ჩვენ, მშობლები, ვიქნებით წნეხის ქვეშ და საკმარისია, უმნიშვნელო სიმკაცრე გამოვიჩინოთ შვილის მიმართ, მაგალითად, სადმე წასვლა დავუშალოთ ან ჩაცმულობის გამო შენიშვნა მივცეთ, ან ავუკრძალოთ ალკოჰოლის თუ ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის მიღება, კანონით მკაცრად დავისჯებით.”

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 1. ბავშვთა  კოდექსი ნარკოტიკის და სხვა მავნე ნივთიერების მოხმარებას კრძალავს. ლევან ჩაჩუა კოდექსში არსებული მუხლების საპირისპიროს ამტკიცებს; 2. გაეროს  ბავშვთა უფლებების კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, ბავშვები ნარკოტიკების მოხმარებისგან დაიცვან. 

  1. “ბავშვის უფლებათა კოდექსი” ნარკოტიკებისა და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარებას კრძალავს

ბავშვის უფლებათა კოდექსის” 63-ე მუხლი მკაცრად კრძალავს ბავშვისთვის ალკოჰოლური საშუალების, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების მიყიდვას.

მუხლი 63. ბავშვის ალკოჰოლური საშუალებისგან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან დაცვა 

  1. აკრძალულია ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდება, გარდა ბავშვის მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ექიმის დანიშნულებით მიღების შემთხვევებისა.
  2. აკრძალულია ბავშვის მიერ შრომითი საქმიანობის ისეთ დაწესებულებაში განხორციელება, სადაც ხდება ალკოჰოლიანი სასმლის, ეროტიკული პროდუქციის, ტოქსიკური ნივთიერების, სამედიცინო მიზნით გამოყენებისთვის ნებადართული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების ან/და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია ან რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი დაწესებულება ან ღამის გასართობი დაწესებულება.

შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს ბავშვისთვის ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვა მშობლის სანქცირებას გამოიწვევს, უსაფუძვლო მანიპულაციაა.

      2. გაეროს  ბავშვთა უფლებების კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, ბავშვები ნარკოტიკების მოხმარებისგან დაიცვან. 

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლში ნათლად წერია, რომ სახელმწიფოებმა ყველა სათანადო ზომას უნდა მიმართონ, რათა ბავშვები ნარკოტიკული საშუალებებისგან დაიცვან.

/'

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ “მითების დეტექტორთან” კომენტარში განაცხადა, რომ UNICEF-ის კვლევებში არ არსებობს დირექტივა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მშობლებს ბავშვებისთვის თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების აკრძალვის შესაძლებლობა არ მისცენ.

მაია ქურციკიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში ჩაატარა მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული კვლევა, რომლის მიზანიც იმ საბაზისო ინფორმაციის მოპოვება იყო, თუ აღზრდის რა მეთოდებს იყენებენ მოზარდი ბიჭებისა და გოგონების მშობლები/აღმზრდელები საქართველოში. კვლევის მიზანი იყო სახელმწიფოს მხარდაჭერა, შექმნილიყო მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ პოზიტიური აღზრდის მეთოდები და დაეხმარონ მოზარდებს.

“ბავშვის უფლებათა კოდექსზე” დეზინფორმაციებს სხვადასხვა დროს პრორუსული და ანტილიბერალური ჯგუფები ავრცელებდნენ

მითები ბავშვთა კოდექსის შესახებ აქტიურად ვრცელდებოდა 2018-2019 წლებშიც და სხვადასხვა თემატიკას ეხებოდა, მათ შორის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებას. “მითების დეტექტორმა” ამის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2019 წლის 18-24 თებერვლის ნომერში, ასევე 2019 წლის 13 თებერვალს გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” სარედაქციო კომენტარში და “ქართული იდეის” ლიდერთან ლევან ჩაჩუასთან ინტერვიუში გაჟღერდა იდენტური ნარატივები, თითქოს მშობლები ბავშვებს მავნე ნივთიერებების მიღებას და “სარისკო გატაცებებს” ვერ დაუშლიან, რადგან ამის გამო მათ მართლმსაჯულება დასჯის.


ასავალ-დასავალი: “თუ თქვენ შვილს დაუშლით სექსუალურ აღვირახსნილობას, „ახალ სარისკო გატაცებებს“ – ნარკოტიკების მიღებას ან ტრანსგენდერულ მასკარადებს, ის უკვე კანონის ძალით ადგება და „უფლებების დარღვევისთვის“ სასამართლოში გიჩივლებთ! და საქართველოში მშობლებს დაემართება იმაზე უარესი, ვიდრე უკვე დამართეს მასწავლებლებს, რომლების სკოლებში უუფლებო ბუტაფორიებად გადაააქციეს!“ საქართველო და მსოფლიო: “UNICEF-ის მიერ ნაკარნახევი ახალი რეგულაციების შემდეგ მშობელს ისღა დარჩება, ჩუმად იყოს და მოთმინებით შეხვდეს შვილის ყველა გატაცებას, რომელიც თურმე მოზარდობის ასაკში ნორმალურია, მათ შორის, ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, ნიკოტინისა და სხვა მავნე ნივთიერებების მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოძალადის სტატუსით მართლმსაჯულების წინაშე წარდგება და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.” ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: “ეს ნიშნავს, რომ აქაც დამკვიდრდება და მიღებული იქნება ის “სოციალური ნორმები”, რომლებიც ევროპაშია. წახვალ წინააღმდეგი? მოგადგება სოციალური მუშაკი და მოძალადის სტატუსით საბრალდებო სკამზე აღმოჩნდები. მთავარი აქცენტი ახლა კეთდება იმაზე, რომ მშობელს წაართვან შვილის აღზრდის ბუნებრივი უფლება და პრივილეგია.”
“ასავალ-დასავალი” 18-24 თებერვალი, 2019 “საქართველო და მსოფლიო”, 13 თებერვალი, 2019 “საქართველო და მსოფლიო”, 13 თებერვალი, 2019

მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებული

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: UNICEF
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist