აპატიმრებენ თუ არა ხალხს ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

37
VIEWS

5 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “ალტ-ინფომ” გამოაქვეყნა Alpha Dominant-ის სახელით ცნობილი ემრე ქუჩუქის ვიდეო, სადაც ის ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის შემდეგ გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ძალადობის მოტივით აპატიმრებენ, თუმცა ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ასევე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ ტოლერანტული მიდგომა და მათი სასჯელის შემსუბუქება. ვიდეოში ავტორს რამდენიმე შემთხვევა აქვს განხილული.

ამ თემას “ალტ-ინფო” 8 სექტემბრის ფეისბუქ ვიდეოშიც შეეხო, სადაც შოთა მარტინენკომ და ზურა მახარაძემ განავითარეს მოსაზრება, როგორ მოქმედებს კანონი მხოლოდ “ქართველ ქრისტიანებზე”, მაშინ, როდესაც ზოგიერთი უმცირესობის წარმომადგენლები ხელშეუხებელი რჩებიან.

ემრე ქუჩუქი: “საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, როდესაც ჩინელმა ინვესტორებმა ქართველ მუშებს თავები გაუხეთქეს, ის ჩინელები უბრალოდ ჯარიმებით გამოუშვეს, მაგრამ როდესაც არაბმა ქართველს ყელიდან ჯვარი ჩამოგლიჯა და ქართველმა საპასუხოდ შიგ სახეში წყვიტა, ის ქართველი დააკავეს. როდესაც ქისტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და პოლიციის მანქანები დაწვეს, პოლიცია მათ ტოლერანტულად მიუდგა და არავინ დასჯილა. როდესაც 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე სუბელიანს უტვინო თავში აიფონი ესროლეს და მსუბუქი დაზიანება მიაყენეს, იმის გამო რომ ქართველების რელიგიური გრძნობები შეურაცხყო, ის ტიპი ვინც მას აიფონი ესროლა, დააკავეს და წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს და ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს.”

ალტ-ინფო მიერ გავრცელებული ინფორმცია, თითქოს ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე ადამიანებს აპატიმრებენ, დეზინფორმაციაა, რადგან აღნიშნული კანონი მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და არა სისხლისსამართლებრივს. რაც შეეხება კანონმდებლობის შერჩევითად გამოყენებას, ეს შეფასება ნახევრად სიმართლეა, თუმცა ალტ-ინფოს მიერ მოყვანილი ფაქტები ამ შეფასებასთან არარელევანტურია, რადგან ყველა შემთხვევა სიძულვილით მოტივირებული არ არის, ხოლო ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის.

  • უკავშირდება თუ არა აღნიშნული შემთხვევები ანტიდისკრიმინაციულ კანონს?

ანტიდისკრიმინაციული კანონი, ოფიციალურად ცნობილი, როგორც კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო. კანონპროექტს არ შეუქმნია ახალი სამართლებრივ-მატერიალური უფლებები, მის მიზანს წარმოადგენდა უკვე არსებული კანონმდებლობით დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრულნველყოფა. აღნიშნული კანონით მოხდა ტერმინი დისკრიმინაციის დეფინიციის უფრო მკაფიო განსაზღვრება, რითაც შესაძლებელი გახდა დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევების იდენტიფიცირება და შემდგომი რეაგირება. კანონი გვთავაზობს მექანიზმებს, რომლებიც არა დამრღვევის დასჯაზე, არამედ მხარეების მორიგებაზე და დაზარალებულის დარღვეული უფლებების აღდგენაზეა ფოკუსირებული.

სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე თანასწორუფლებიანობის დარღვევის შედეგად პირის დასჯას ჯარიმით, გამოსასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით განსაზღვრავს არა ანტიდისკრიმინაციული კანონი, არამედ სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც დამამძიმებელი გარემოებები 2012 წელს განისაზღვრა. ხოლო 2017 წელს კოდექსის 53-ე პრიმა მუხლით ამ გარემოებების არსებობის შემთხვევაში მოსახდელი სასჯელის ვადა დადგინდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად  დანაშაულის დისკრიმინაციული/შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას განიხილავს. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, გამოძიების ეტაპზე და შემდგომ, სასამართლოების მიერ სასჯელის შეფარდებისას, ამ მუხლის გამოყენების სტატისტიკა ძალიან დაბალია. 2014-2018 წლებში, დანაშაულებისთვის, რომლებიც შეეხებოდა ეროვნული, ეთნიკური და/ან რასობრივი ნიშნით შეუწყნარებლობას, პროკურატურის ინფორმაციით, 53 პრიმა მუხლის, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოების საფუძველზე, წარმოება მიმდინარეობდა 15 საქმეზე.

კონკრეტული საქმეები

სისხლის სამართლის კოდექსით საქმე ალტ-ინფოს ვიდეოში ნახსენებ ყველა შემთხვევაზე იყო აღძრული, თუმცა დამამძიმებელი გარემოება მხოლოდ ანა სუბელიანზე თავდასხმის საქმეზე დადგა. აღნიშნული ინციდენტი ჰომოფობიური ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე მოხდა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შსს-მ საქმეს გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა, რის შედეგადაც ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება სხვა საქმეებს: 2016 წელს სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა და გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.  რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მტკიცებით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ეგონათ, რომ გლეხებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში, შესაბამისად დისკრიმინაციულ მოტივზე საუბარი არ ყოფილა. ასევე, 2019 წელს სამტრედიაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, სადაც ემრე ქუჩუქის თქმით ჯვრის ჩამოგლეჯა ფიგურირებს, ორი პირი დააკავეს და გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მომხდარში არ ყოფილა განსაზღვრული დაპირისპირების მოტივი და სხვა დეტალები, რომლებიც კონკრეტული ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე ბრალის დამძიმებას გამოიწვევდა.

კიდევ ერთი შემთხვევა, რაზეც ვიდეოშია საუბარი, პანკისში მომხდარ მოვლენებს განიხილავს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. თუმცა გამოძიების შედეგები და დაისაჯა თუ არა ვინმე, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ამ საქმეში ასევე არ ფიგურირებს რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის მოტივი და დამამძიმებელი გარემოება.

იმისთვის, რომ პიროვნებას დამამძიმებელ გარემოებად შეეფარდოს 53-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, დამნაშავის მოტივს უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დისრკიმინაცია კონკრეტული ნიშნებით, რომლებიც აღნიშნულ მუხლშია ჩამოთვლილი. ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენაში ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქე ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიგურირებს ან მხოლოდ ის ფაქტორი რომ დაზარალებული არის სხვა ეთნიკური წარმომავლობის ან რელიგიური აღმსარებლობის მქონე პირი, არ არის საფუძველი იმისა, რომ ანტიდისკრიმინაციული დებულება ამოქმედდეს. ამისათვის საჭიროა, რომ თავად დამნაშავის მოტივს წარმოადგენდეს დისკრიმინაცია, ზემოაღნიშნულ ინციდენტებში კი, გარდა ანა სუბელიანზე თავდასხმის შემთხვევისა, ეს გარემოება არ დამდგარა. ასევე აღსანიშნავია, რომ თავად ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზეც ალტ-ინფოს ვიდეოში ხდება აპელირება, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შესაბამისად,  მტკიცება, თითქოს ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს დამნაშავეებზე, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკურ, რელიგიურ ან სხვა უმცირესობას, ანდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სწორედ ეთნიკურ, რელიგიურ ან რასობრივ ნიადაგზე ხდება დამნაშავისთვის სასჯელის შემსუბუქება, არარელევანტურია.

ამასთან, ტოლერანტობის და მარავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ანგარიშები ასახავს, რომ სამართალი ზოგჯერ უმცირესობების შემთხვევაშიც შერჩევითად მოქმედებს.

რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულებები

2010-2019 წლებში რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულები და მათზე სახელმწიფოს რეაგირების საკითხი, მათ შორის მუსლიმთა უფლებების, ასევე იეჰოვას მოწმეთა დევნისა და უფლებების დარღვევის ფაქტები ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) 2020 წლის ანგარიშშია ასახული. ანგარიშის მიხედვით, 2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობის და უფლებების დარღვევის 8 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 7 შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. ანგარიშში ნახსენებია იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევები, მათ შორის ფიზიკური ძალადობა, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში გამოძიება ან საერთოდ არ იწყება ან ჭიანურდება არაგონივრული ვადით. იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებულ 3 საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივანთა უფლებების დარღვევა დაადგინა, ხოლო ერთი საქმე, რომელშიც საქართველოს სახელმწიფომ აღიარა უფლებების დარღვევა, მორიგებით დასრულდა.

რაც შეეხება რასობრივ შეუწყნარებლობას და ქსენოფობიას, ძალადობის ფაქტები და მათზე რეაგირება TDI-მ 2019 წლის ანგარიშში ასახა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2014-2018 წლებში, რასობრივი დისკრიმინაციისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist