ევროინტეგრაცია

აფერხებს თუ არა ჩეჩმა ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის გასვლას?

19 ივნისი, 2020

2020 წლის 3 მაისს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “დასავლეთმა იტალია მიატოვა გაჭირვებაში და წარმოგიდგენიათ, როგორ მოიქცევიან საქართველოს შემთხვევაში?!”. მასალაში ნათქვამია, რომ ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე ვერასოდეს გავა, რადგან ევროკავშირმა მიიღო სპეციალური რეგულაცია, რომლის დაკმაყოფილებასაც საქართველო ვერ შეძლებს. ავტორის თქმით, ფუტკართან ახლოს 8 კმ-იან რადიუსში არ უნდა იყოს ეზოში მდგარი საპირფარეშო (ჩეჩმა), რაც ქართულ რეალობაში წარმოუდგენელია და მთელი ქვეყნის მასშტაბით საკანალიზაციო სისტემის გაკეთებას მოითხოვს. თაფლის მაგალითი ავტორს იმის საილუსტრაციოდ მოჰყავს, რომ  ქართული პროდუქცია ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე ვერ დამკვიდრდა, რადგან ამის შესაძლებლობა არ მისცეს. 

საქართველო და მსოფლიო: “...ვერც ერთმა ქართულმა პროდუქტმა ევროპასა და ამერიკაში ვერ გაიხარა, უბრალოდ, არ გაახარეს, არ დაუშვეს, დახლებიდან ჩამოაგდეს. ისიც გემახსოვრებათ, როგორი ამბავი ატყდა ქართულ თაფლზე მისი უნიკალური სასარგებლო თვისებების გამო. ჰოდა, მიიღეს რეგულაცია, რომლის შემდეგაც ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე პრაქტიკულად ვერასოდეს გავა.  რეგულაციის მიხედვით, იქ, სადაც ფუტკარია, 8-კილომეტრიან რადიუსში არ უნდა იყოს ეზოში მდგარი საპირფარეშო, ჩეჩმა, რადგან, თურმე ფუტკარი მარილიან წყალს ეძებს და ჩეჩმაში შარდს ეტანება. ჰოდა, საქართველოში სად მონახავთ ისეთ ადგილს, სადაც რვაკილომეტრიან რადიუსში არ იქნება ჩეჩმა? სოფლებში ეს გამორიცხულია და, თუ თაფლის მასობრივი წარმოება გვინდა, მაშინ საქართველოს მასშტაბით საკანალიზაციო სისტემა უნდა გავაკეთოთ, რაც ასევე წარმოუდგენელია...”

ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლიდან კვოტის გარეშე არის დაშვებული. ქართული თაფლი ევროკავშირის საკვები პროდუქტის უვნებლობასთან დაკავშირებით ზოგად დირექტივებს/რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდეს, სპეციალური რეგულაცია საქართველოსთან მიმართებით დაწესებული არ არის და არც ეზოში მდგარ საპირფერეშოზე/ჩეჩმაზეა შეზრუდვა. ქართული თაფლის ექპორტი ევროკავშირის ბაზარზე უკვე დაწყებულია და ქართველ მეფუტკრეებს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად თავად ევროკავშირი უწევს დახმარებას. 

ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლიდან არის დაშვებული

2016 წელს ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტია დაშვებული. ევროკავშირის სავაჭრო კომიტეტმა საქართველოდან ევროკავშირში თაფლის იმპორტის დაშვების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო .

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებით (DCFTA) რეგულირდება, რომლის მიხედვით თაფლზე საექსპორტო კვოტა დაწესებული არ არის.

ევროვაკშირი ბაზარზე ექსპორტისათვის ქართული თაფლი ევროკავშირის საკვები პროდუქტის უვნებლობასთან დაკავშირებით ზოგად დირექტივებს/რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდეს. სპეციალური რეგულაცია საქართველოსთან მიმართებით დაწესებული არ არის.

მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირში იმპორტირებული საქონელი, მათ შორის თაფლი, ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, დირექტივებითა და რეგულაციებით დაწესებულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.  

ევროკავაშირის დაფინანსებით ENPARD-ის (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა) ფარგლებში მომზადებული კვლევაში თავმოყრილია მოთხოვნები, რომლებსაც ქართული თაფლი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირში  ექსპორტისთვის. 

თაფლის მიმართ დაწესებულ მოთხოვნებს შორის არის ის, რომ  თაფლში არ უნდა იყოს დამატებული არანაირი საკვები ინგრედიენტი ან დანამატი (დირექტივა110/2001). გარდა ამისა,  ევროკავშირი აკონტროლებს პროდუქტში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობას, განსაზღვრავს პესტიციდების ნარჩენების (რეგულაცია 396/2005) და ფარმაკოლოგიურად საშიში ნივთიერებების (რეგულაცია 37/2010) მაქსიმალურ ზღვარს. ბიზნესოპერატორებს  პროდუქტის წარმოებისა და დისტრიბუციის სტანდარტების უზრუნველყოფაც  მოეთხოვებათ (რეგულაცია 178/2002, 852/2004 ). 

ევროკავვშირის რეგულაციით დადგენილი დისტანცია ქიმიური დაბინძურების კერებიდან 3კმ-ია, 8 კმ-ის ნაცვლად 

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს სკებიდან 3 კმ რადიუსში ქიმიური დაბინძურების რისკის არარსებობაა, და არა 8 კმ, როოგორც ეს “საქართველო და მსოფლიოშია” მითითებული. ქიმიური დაბინძურების კერა შეიძლება იყოს ინდუსტრიული კომპლექსი, აეროპორტი, გზატკეცილი  და ა.შ, ნებისმიერი წყარო, რომელიც მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს (მეტალები, ტოქსინები, ესტიციდები). 

ქართული თაფლის ესპორტი ევროკავშირში დაწყებულია, ქართველ მეფუტრეებს ევროპის ბაზრის  სტანდარტების დასაკმაყოფლებლად დახმარებას ევროკავშირი უწევს. 

ევროკავშრის ბაზარზე ქართული თაფლი პირველად 2019 წელს გავიდა. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში 6.4 ტონა თაფლი 15-ზე მეტ ქვეყანში გავიდა. აქედან პირველ ადგილზე გერმანია იყო, სადაც 1.9 ტონა ქართული თაფლი შევიდა. 

ევროპის ბაზარზე მოსახევდრად ქართულ თაფლს სტანდარტებთან დაახლოებაში ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ეხმარება . 

2017 წელს, ENPARD-ის მხარდაჭერით შეიქმნა “მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა”,  რომლის მიზანიც საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა ხარისხისა და რაოდენობის ზრდაა.  პროექტის ფარგლებში 150 მეფუტკრეობის კოოპერატივს  დაახლოებით 11,190 სკა და თაფლის წარმოებისათვის საჭირო სხვა მოწყობილობა გადაეცა.  მხარდაჭერით გაღებულმა ფინანსურმა დახმარებამ 928,313 ლარი შეადგინა.


მოამზადა ლიკა ბუჩუნტელმა 
მითების დეტექტორის ლაბორატორია