Reuters-ის მიხედვით
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოსურათი, რომლის აღწერაშიც აღნიშნულია, რომ ფოტოზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი და ფილანტროპი მელინდა გეიტსი არიან გამოსახული. გავრცელებულ პოსტში ასევე წერენ, რომ ფოტო 2015 წელს ჩინეთში, უხანის ლაბორატორიაშია გადაღებული, ქალაქში სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო.
Reuters-მა აღნიშნული ფოტო გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ის სინამდვილეში 2014 წელს მერილენდის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტშია გადაღებული (NIH), ასევე, ამ ფოტოსურათზე მელინდა გეიტსი საერთოდ არ არის. ფოტოს ორიგინალი NIH-ის დირექტორმა ფრანსის კოლინზმა ბლოგზე გამოაქვეყნა, ფოტოს ქვეშ კი ვკითხულობთ, რომ ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ნენსი სალივანი განიხილავს ებოლასთან დაკავშირებულ კვლევას პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, ინფექციონისტ ენტონი ფაუჩისთან და ჯანდაცვისა და ადამიანის რესურების მდივანთან სილვია ბერველთან ერთად. როგორც NIH-ის დირექტორის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ობამა, ფაუჩი და ბერველი NIH-ის კამპუსში, მერილენდის შტატში, ქალაქ ბეთეზდაში იმყოფებოდნენ, რათა კვლევითი ცენტრი დაეთვალიერებინათ და ებოლაზე კვლევის პროგრესი ენახათ.
ფოტო: NIH