სხვადასხვა

არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?

2 ოქტომბერი, 2020

განახლება: “მითების დეტექტორი” თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალაში წერდა, რომ რაბინი ამნონ იცჰაკი ანიმაციური პერსონაჟია. მართალია,  Шок-инфО-ს ვიდეოში პერსონაჟი ანიმაციურია, თუმცა რაბინი ამნონ იცჰაკი რეალური პირია და ახალი მსოფლიო წესრიგის, გაეროს, რომის პაპის, კორონავირუსისა და სხვა თემების შესახებ კონსპირაციის თეორიებს ხშირად ავრცელებს. 2021 წლის თებერვალში კორონავირუსის ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცლების გამო Facebook-მა ამნონ იცჰაკსთან აფილირებული ჯგუფები წაშალა


2020 წლის 1 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Nina Marji-მ საჯარო ჯგუფში კორონა აფიორა გაავრცელა რუსულად გახმოვანებული ვიდეო, რომელშიც ანიმაციური პერსონაჟი საუბრობს გაეროს მიერ შექმნილი პროგრამის “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ.

ვიდეოში ნათქვამია, რომ გაერომ შექმნა პროგრამა 2021-2030 წლებში ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად. ვიდეო ამტკიცებს, რომ გაერომ გაწერა მიზნები მსოფლიო მმართველობის შესაქმნელად, რომელთა შორისაცაა ოჯახის და სახელმწიფო სუვერენიტეტის გაუქმება, ადამინების სხეულებში ჩიპების იმპლანტაცია, 5G ტექნოლოგიების გავრცელება, ციფრული მსოფლიო ვალუტის გავრცელება, მსოფლიო ჯარის შექმნა და ა.შ. ვიდეოს ტექსტის ქართული თარგმანი აღწერის სახით ახლავს ქართველი მომხმარებლების პოსტებს.

;;

ვიდეო და ქართული აღწერა 27 სექტემბერს გავრცელდა საჯარო ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ”. Crowdtangle-ის მონაცემებით, პოსტს 102 გაზიარება ჰქონდა, თუმცა ამჟამად ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტი აღარ იძებნება. გარდა საჯარო ჯგუფებისა, ვიდეო ანალოგიური აღწერით გავრცელდა ინდივიდუალური პოსტების სახითაც. ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელმაც ვიდეო თარგმანთან ერთად 28 სექტემბერს გამოაქვეყნა ნინო ბრეგაძეა. იგივე მომხმარებელმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით მსოფლიო ბანკის 2025 სტრატეგიის შესახებ რუსული კონსპირაცია გაავრცელა.

როგორც ქართველი მომხმარებლების პოსტების, ასევე რუსულენოვანი ვიდეოს მტკიცება, რომ არსებობს გაეროს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროგრამა 2021-2030 წლებისთვის, მტკიცებულების გარეშეა და კონსპირაციაა. ამ სახელწოდების ან შინაარსის მქონე დოკუმენტი ღია წყაროების საშუალებით არ იძებნება. 

არსებობს თუ არა გაეროს პროგრამა “ახალი მსოფლიო წესრიგი” ? 

პოსტი და ვიდეო ამტკიცებს, რომ არსებობს გაეროს მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმენალდ მიღებული დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია 2021-2030 წლების მიზნები. კონსპირაციული თეორია გაეროს “21/2030 გეგმის” არსებობის შესახებ პირველად 2020 წლის  10 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Vernon Adkinson-მა გაავრცელა. პოსტის ვირუსულად გავრცელების შემდეგ მისი შინაარსი ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ USA Today-მ გადაამოწმა. როგორც გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგნელემა, დანიელა გროსმა USA Today-ს უთხრა, პოსტში დასახელებული დოკუმენტი გაეროს არასდროს მიუღია.

სავარაუდოდ, როგორც ამერიკული, ასევე რუსული და ქართული კონსპირაციის თეორიები, მანიპულირებენ გაეროს ორი დოკუმენტის შესახებ - “პროგრამა 21” და “პროგრამა 30”. ორივე დოკუმენტი გაერომ მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით მიიღო და ღიად არის ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში. “პროგრამა 21” 1992 წელს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხისთვის მიძღვნილმა რიო-დეჟანეიროს კონფერენციამ მიიღო, დოკუმენტში გაწერილია გლობალური სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები. 

“პროგრამა 30” კი გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული რეზოლუციაა, რომელიც მომავალი 15 წლის განმავლობაში მისაღწევ 17 მიზანს ასახელებს. ეს მიზნებია: 

  • სიღარიბის ყველა ფორმის დაძლევა ყველგან
  • შიმშილის დაძლევა და საკვების მიწოდებისა და აგრარული სექტორის ხელშეწყობა
  • ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მისაწვდომობა ყველა ასაკის ადამიანისათვის
  • განათლების მიღების საშუალებებისა და სწავლის შესაძლებლობების მიცემა ყველა ადამიანისათვის
  • გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიღწევა
  • წყლისა და სანიტარული საშუალებების ხელმისაწვდომობისა და მენეჯმენტის ხელშეწყობა 
  • ხელმისაწვდომ, სანდო და განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა
  • სტაბილური და მდგარადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, სრულყოფილი და პროდუქტიული დასაქმება ყველა ადამიანისათვის.
  • ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინდუსტრიალიზაცია და ნოვაციის წახალისება
  • ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით უთანასწორობების შემცირება
  •  ქალაქებისა და ადამიანთა სხვა დასახლებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • მდგრადი მოხმარებისა და წარმოების მდგრადობის უზრუნველყოფა
  • სწრაფი მოქმედება კლიმატის ცვლილებასა და მისგან გამოწვეულ შედეგებთან გასამკლავებლად
  • ოკეანეების, ზღვებისა და მათთან დაკავშირებული რესურსების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
  • ტყის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი მენეჯმენტი, მიწის გამოფიტვის თავიდან აცილება.
  • სოციალური ინსტიტუების და სამართლიანი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა 
  • მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება

არც “პროგრამა 21” და არც “პროგრამა 30” არაფერს ამბობს მსოფლიო მთვრობის, ვალუტის გაუქმების, ადამიანებისთვის ჩიპების იმპლემენტაციის, 5G ტექნოლოგიის, ოჯახის ინსიტუტის ან სუვერენული სახელმწიფოს გაუქმების შესახებ.

ვიდეომანიპულაცია რუსული სოციალური ქსელებიდან 

ქართველი მომხმარებლების მიერ გავრცელებული პოსტებისთვის თანდართული რუსულენოვანი ვიდეო Youtube-ზე 25 სექტემბერს განთავსდა არხზე Шок-инфО. ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ “ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ” გაეროს დოკუმენტებს კითხულობს ცნობილი ებრაელი რაბინი ამნონ იცჰაკი. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა რუსულ სოციალურ ქსელში, როგორც გაერო მხილება ებრაელი რაბინის მიერ. თუმცა ვიდეოს პერსონაჟი ანიმაციურია. 

;


მოამზადა მედეა სულამანიძემ