“ასავალ-დასავალი” ნაკაიძის შესახებ გაყალბებულ განცხადებას ციტირებს და ყარსის ხელშეკრულებაზე მანიპულირებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

448
VIEWS

გაზეთ ასავალ-დასავალის 11-17 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზე, კერძოდ, ყარსის ხელშეკრულებაზე ისაუბრა. ჩუბინიძის განმარტებით ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი აჭარის დაკარგვის საფრთხეს შეიცავს, რაც იმით ძლიერდება, რომ საქართველოს მოქალაქეობა 30 000 ეთნიკურმა თურქმა მიიღო. სტატიის ავტორმა ასევე გააკრიტიკა ევროპული საქართველოს წევრი ტარიელ ნაკაიძე და აღნიშნა, რომ ის აჭარაში თურქული მეჩეთების შესახებ წუხს, მაშინ, როცა ტაო-კლარჯეთში არსებული ეკლესიები არ ანაღვლებს.

 

დიტო ჩუბინიძე: “განსაკუთრებით სახიფათოა ყარსის ზავის მეხუთე მუხლი… ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, აჭარის ავტონომიასა და ბათუმის მოსახლეობას ნება ეძლევა, “მითითებულ ადგილზე დაადგინოს მიწის ისეთი კანონი, რომელიც მის სურვილებსა” და “რელიგიურ უფლებებს” “შეესატყვისება”. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ 30 ათასმა ეთნიკურმა თურქმა, რომლებსაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და რომელთა რიცხვიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, საჭირო დროსა და მომენტში, ყარსის ხელშეკრულების ძალით, ბათუმსა და მის შემოგარენში მიწაზე შესაძლოა, თურქული კანონმდებლობით დადგენილი წესების ამოქმედება მოითხოვოს… ვის მხარეზე დადგება გიგა ბოკერიას პარტიული აქტივისტი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც აჭარაში თურქული მეჩეთების ბედზე წუხს, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ უსირცხვილოდ აცხადებს, რომ მათი ბედი საერთოდ არ ანაღვლებს?!”

დიტო ჩუბინიძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესახებ მანიპულაციურია, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მქონე თურქების შესახებ სტატისტიკა  – გაყალბებული. ტარიელ ნაკაიძის განცხადება, რომელსაც ასავალ-დასავალს ციტირებს, ასევე შეცვლილი და ყალბია.

  • ყარსის ხელშეკრულების არც ერთი მუხლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის რელიგიური უფლებებისა და სურვილების შესატყვისი მიწის კანონების დადგენის ნებას არ განსაზღვარვს

1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს – სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ქალაქ ყარსში სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საზღვრებთან ერთად სხვადასხვა მნიშნველოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს მოიცავდა. (ხელშეკრულების ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე).

სტატიაში მითითებული მე-5 მუხლი არა საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანს შეეხება. საქართველოს და კერძოდ  ბათუმის ოლქს ხელშეკრულების მე-6 მუხლი ეხება, რომლის თანახმად:

  1. თურქეთი ცნობს საქართველოს სუზერენიტეტს ქალაქ ბათუმზე, ბათუმის პორტსა და მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
  2. ბათუმის ოლქში ადგილობრივი მოსახლეობა ადგილობრივი ადმინისტრაციული ავტონომიით უნდა სარგებლობდეს, თითოეული თემის კულტურული და რელიგიური უფლებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მათ შესაძლებლობა აქვთ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოაყალიბონ ისეთი აგრარული სისტემა, რომელიც მათ სურვილს შეესაბამება.
  3. თურქეთს ბათუმის პორტის გავლით საქონლის  საბაჟო გადასახადების გარეშე თავისუფალი ტრანზიტის უფლება უნდა შენარჩუნებოდა.

ტექსტის თანახმად, ყარსის ხელშეკრულება ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უფლებების კუთხით საუბრობს: ა) კულტურული და რელიგიური უფლებების დაცვაზე; ბ) ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებაზე სურვილისამებრ დაადგინოს აგრარული სისტემა. დასახელებული ორი საკითხი ტექსტში ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. რელიგიური უფლებები ხელშეკრულების მე-6 მუხლში დამოუკიდებლად არის გამოყოფილი იმ კუთხით, რომ თემის რელიგიური და კულტურული უფლებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს. რაც შეეხება “მათი სურვილების” შესაბამის მიწის კანონებს, საზავო ხელშეკრულების მიხედვით ამ ყველაფერში აგრარული კანონები მოიაზრება.

დიტო ჩუბინიძის მიერ გამოქვეყნებული ყარსის ხელშეკრულების ინტერპრეტაცია, სადაც ის რელიგიური უფლებების შესატყვისად მიწის კანონების დადგენაზე საუბრობს, მანიპულაციურია.

გარდა ამისა, ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლით განსაზღვრული უფლებები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას ენიჭება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს და არც ექსკლუზიურად ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. თანამედროვე მსოფლიოში რელიგიური და კულტურული უფლებების დაცვა გაეროს ქარტიით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითა და ასევე, საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. ხოლო, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ  მათი სურვილის შესაბამისად აგრარული სისტემის ჩამოყალიბების შესახებ ჩანაწერი თანამედროვე კონტექსტში თვითმმართველობის უფლების ნაწილად შეგვიძლია  მოვიაზროთ, რაც აჭარის მოსახლეობას საქართველოს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული, რამდენადაც ეს ტერიტორია ავტონომიური ტერიტორიული ერთეულია.

  • რამდენმა ეთნიკურმა თურქმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში?

იმის წარმოსაჩენად, რომ შესაძლოა, რეალური საფრთხე გაჩნდეს და აჭარაში მოსახლეობამ კანონების ცვლილება თურქეთის ინტერესების სასარგებლოდ მოითხოვოს, დიტო ჩუბინიძეს თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გაყალბებული სტატისტიკა მოჰყავს. ჩუბინიძის მტკიცებით, მათი რაოდენობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში 30 000 იყო.

“მითების დეტექტორისათვის” იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2004-2018 წლებში, რაც 5 წლით აღემატება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, 3 050 იყო,  სტატიაში დასახელებულ მონაცემებთან შედარებით თითქმის 10-ჯერ ნაკლები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია სხვადასხვა მედიების და პიროვნებების მიერ 2018 და 2020 წლებშიც გავრცელდა

;

  • რა განცხადება გააკეთა რეალურად ტარიელ ნაკაიძემ?

დიტო ჩუბინიძის მიერ გამოყენებული ციტატა, რომელიც ევროპული საქართველოს წევრის და წარსულში ქართველ-მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძისთვის არის მიკუთვნებული, გაყალბებულია. თავდაპირველად აღნიშნული ციტატა დამახინჯებული ფორმით 2014 წელს ინტერნეტ პორტალ Mediacity-ზე გამოქვეყნდა შემდეგი ფორმით:

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა მეჩეთის აშენებაა და სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს”

აღსანიშნავია, რომ ამ სტატიასთან დაკავშირებით ტარიელ ნაკაიძემ საჩივარი ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში შეიტანა და განაცხადა, რომ მოცემული ფორმით მას კომენტარი არ გაუკეთებია და ის ჟურნალისტის მიერ იყო განზრახ შეცვლილი.

;

საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარემ ქარტიას წარუდგინა ტარიელ ნაკაიძის სატელეფონო ინტერვიუს გაშიფრული ვერსია, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ტარიელ ნაკაიძემ ოშკისა და იშხანის შესახებ შემდეგნაირი ფრაზა თქვა:

“სულ რომ დაიშალოს ოშკი და იშხანი, ღმერთმა ნუ ქნას”.

Mediacity-ს ვერსია

ინტერვიუს ტრანსკრიპტი

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა მეჩეთის აშენებაა და სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს”

“სულ რომ დაიშალოს ოშკი და იშხანი, ღმერთმა ნუ ქნას”.

“ღმერთმა ნუ ქნას” გამოტოვებამ ტარიელ ნაკაიძის ნათქვამის შინაარსი შეცვალა და მას უარყოფითი ხასიათი შესძინა. როგორც ტარიელ ნაკაიძე განცხადების ტექსტში აღნიშნავს, ის საკულტო ნაგებობების საკითხს ყოველთვის უფლებრივ ჭრილში განიხილავს და არა მეზობელ სახელმწიფოსთან ნაცვალგების კუთხით:

“მუსლიმთა საკულტო ნაგებობით სარგებლობის უფლება, ისევე როგორც სხვადასხვა კონფესიების აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ლეგიტიმიური უფლებაა, რასაც ქართველ მუსლიმთა კავშირი და პირადად მე ყოველთვის უფლებრივ ჭრილში განვიხილავდით და არა მეზობელ სახელმწიფოსთან ნაცვალგების კუთხით.”

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აღნიშნულ საქმეზე მედიასიტიმ ქარტიის 1, 5 და მე-7 პრინციპების დარღვევა დაადგინა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist