ბრალდება, თითქოს 7L21909-ით სამხედრო ტვირთის გადატანა ხდება, მტკიცებულებების გარეშეა

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

104
VIEWS

11 ოქტომბერს ტვიტერზე AS-Source News / MILITARY-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ისრაელმა აზერბაიჯანს საჰაერო გზით იარაღი მიაწოდა. ტვიტერის პოსტში აღნიშნულია, რომ ფრენა საქართველოსა და თურქეთის გავლით განხორციელდა. ავტორი საქართველოს, თურქეთთან ერთად, აზერბაიჯანისათვის იარაღის მიწოდებაში სდებს ბრალს. პოსტს დართული აქვს ფოტო, რომელზეც აზერბაიჯანული ავიაკომპანიის silkway-ის თვითმფრინავის  მიერ თელ-ავივიდან ბაქოში შესრულებული ფრენa 7L219-ის მარშრუტია გამოსახული.  13 ოქტომბრის მდგომარეობით ტვიტერის პოსტს 195 გაზიარება (რეტვიტი) და 294 მოწონება აქვს.

"

ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს Silkway-ის თვითმფრინავის მიერ  შესრულებული 7L21909 ფრენით  საქართველოს გავლით ისრაელიდან აზერბაიჯანს იარაღი მიეწოდა, მტკიცებულების გარეშეა. 1.ფრენა 7L21909-ს თელ-ავივიდან ბაქოს მიმართულებით რეგულარული ხასიათი აქვს; 2. აღნიშნული  თვითმფრინავი სამოქალაქო დანიშნულებისაა. 3. მან არა მხოლოდ საქართველოსა და თურქეთის საჰაერო საზღვარი, არამედ რუსეთის საჰაერო სივრცეც გადაკვეთა. 

ფრენა 7L21909-ს თელ-ავივიდან ბაქოს მიმართულებით რეგულარული ხასიათი აქვს

დასახელებული ფრენის 7L21909-ის flightradar24-ის მონაცემთა ბაზაშიგადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ თელ-ავივიდან ბაქოს მიმართულებით 6 და 7 ოქტომბერს  Silkairways-ის თვითმფრინავმა ფრენა მართლაც განახორციელა, თუმცა ფრენა იდენტური ნომრით რეგულარულად სრულდება.  flightradar24 ყველასათვის ხელმისაწვდომი რესურსია, რომელიც საჰაერო ტრეფიკს რეალურ დროში აჩვენებს და უკვე დასრულებული და დაგეგმილი ფრენების შესახებაც ინახავს ინფორმაციას.

"

flightradar24-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ბოლო ერთი წლის მანძილზე სხვადასხვა ინტენსივობით, თუმცა მინიმუმ 6-7 დღეში ერთხელ თელ-ავივიდან ბაქოს მიმართულების ფრენა 7L219 რეგულარულად ხორციელდება. 6 და 7 ოქტომბრის მსგავსად ამავე ნომრით ფრენის შესრულება 13 და 14 ოქტომბერსაც იგეგმება. შესაბამისად, ტვიტერის პოსტში დასახელებული ფრენა განსაკუთრებულ შემთხვევას არ წარმოადგენს.

 

თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივიდან ბაქოში გაფრინდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩინეთი, გერმანია, აშშ, სამხრეთ კორეა, თურქეთი, საქართველო და ა.შ. დაფრინავს და რეგისტრაციის ნომრის მიხედვით სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავია. 

flightradar24-ის მონაცემების ბაზაში ფრენის ნომრის მიხედვით დგინდება, რომ თელ-ავივიდან ბაქოს მიმართულებით Boeing 747-4R7(F) რეგისტრაციის ნომრით 4K-SW008 გაფრინდა. რეგისტრაციის ნომრის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე კონკრეტულად ეს თვითმფრინავი ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ასრულებს ფრენებს მოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში: ბაქო, ტეკირდაგი (თურქეთი), ჟენგჟოუ(ჩინეთი), ფრანკფურტი, დუბაი, მილანი, ამსტერდამი, ჩიკაგო, ალმააატა, თბილისი და ა.შ.

"

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემების თანახმად, სამოქალაქო  ფრენების დასარეგისტრირებლად ყველა ქვეყანას საკუთარი კოდი აქვს მინიჭებული, რაზეც 1947 წლიდან საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაა (ICAO ) პასუხისმგებელი. CIA-ის მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანს სამოქალაქო ფრენებს სარეგისტრაციო კოდი 4K აქვს მინიჭებული. შესაბამისად, თელ-ავივიდან ბაქოს მიმართულებით შესრულებული ფრენა  4K-SW008, რეგისტრაციის ნომრის მიხედვით სამოქალაქო დანიშნულებისაა.

6 ოქტომბერს თელ-ავივიდან ბაქოს მიმართულებით გამოფრენილმა თვითმფრინავმა არა მხოლოდ საქართველოსა და თურქეთის საჰაერო საზღვარი, არამედ რუსეთის საჰაერო სოვრცეც გადაკვეთა

ტვიტერის პოსტის ავტორის მტკიცებით, საქართველო და თურქეთი აზერბაიჯანის იარაღით მომარაგებაში არიან ჩართულები და დასახელებულ შემთხვევაშიც თვითმრინავი მათი საჰაერო სივრცის გავლით გადაფრინდა, თუმცა, თელ-ავივიდან ბაქოს მიმართულებით გაფრენილი თვითმფრინავის Boeing 747-4R7(F)-ის ფრენის ტრაექტორიაზე დაკვირვების შედეგად აშკარაა, რომ მან არა მხოლოდ თურქეთისა და საქართევლოს საჰაერო სივრცე, არამედ რუსეთის ტერიტორიაც გადაკვეთა. საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ თვითფრინავი ბაქოში რუსეთის ტერიტორიის გავლით, კერძოდ დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის თავზე ქალაქ მახაჩკალასთან ახლოს გადაიფრინა.

"

"

ვინ ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს გავლით აზერბაიჯანისთვის იარღის მიწოდების შესახებ?

ტვიტერის ანგარიში AS-Source News / MILITARY  2020 წლის თებერვალში შეიქმნა. ის, მეინსტრიმული მედიის ერთადერთ დასავლურ ალტერნატიულ ინფორმაციის წყაროდ პოზიციონირებს. ტვიტერის ანგაირშზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, AS-Source News / MILITARY ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და აშშ-ში განვითარებულ სამხედრო ამბებზე არის ფოკუსირებული და ერთადერთი დასავლური მედიაა, რომელიც მოვლენებს მეინსტრიმული მედიის პროპაგანდის გარეშე აშუქებს. ტვიტერზე მას 16 400-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

"

ტვიტერის ანგარიში ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქტიურად აქვეყნებს და ხშირად აზერბაიჯანის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. წყაროებად კრემლთან დაკავშირებულ სპუტნიკს და რუს კორესპოდენტებს ეყრდნობა.

""

Silk way airline-ს ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდებაში ბრალს 2017 წელს დილიანა გაიტანჯიევა სდებდა, რომელიც ლუგარის შესახებ დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა

2017 წლის 4 ივლისს აზერბაიჯანული ავიახაზების Silk way airline-ის შესახებ ბულგარულმა გაზეთმა Труд-მა სტატია გამოაქვეყნა, თითქოს ამ ავიახაზების საშუალებით იარაღის მიწოდება სირიაში, ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში და კონგოში ტერორისტებისათვის, დიპლომატიური ფრენის საფარქვეშ ხდებოდა. სტატიის ავტორი დილიანა გაიტანჯიევა იყო.

მისი მტკიცებით, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში აზერბაიჯანის საელჩოს სირიაში ტერორისტებისთვის იარაღის დიპლომატიური ფრენებით მიწოდების შესახებ მიმოწერა ჰქონდათ. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულები იყვნენ აშშ, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი და სხვა ქვეყნები. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ბულგარეთში აზერბაიჯანის საელჩომ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. Silk way airlines-მა კი გავრცელებული ინფორმაცია უარყო, უსაფუძვლო უწოდა და განმარტა, რომ ტვირთების გადაზიდვისას ზოგიერთ შემთხვევში დიპლომატიური არხები იყო გამოყენებული დიპლომატიური დაშვების (clearence) საფუძველზე, რაც დიპლომატიურ იმუნიტეტს არ ნიშნავს. Silk way airlines-ის თქმით, დილიანა გაიტანჯიევა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ   Труд-ის 80%-ს პრორუსი ოლიგარქი და ბულგარეთის პარლამენტის წევრი დელიან პეევსკი აკონტროლებს. ბულგარული მედიის ცნობით, პეევსკისთან დაკავშირებული კომპანიები ჩართულები იყვნენ სამხრეთ ნაკადის მშენებლობაში, რომელიც რუსეთიდან ბულგარეთის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა და რეალურად ნაბუქოს გაზსადენის კონკურენტს წარმოადგენდა.

დილიანა გაიტანჯიევა ბულგარელი ჟურნალისტია, რომელიც კრემლისა და ჰესბოლასთან დაკავშირებულ გამოცემებში ხშირად ფიგულირებს.  ბულგარელმა ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მორიგი კონსპირაციული მასალა მოამზადა. საქართველოს მიმართ მის ინტერესს ლუგარის ლაბორატორია განაპირობებს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მუდმივი სამიზნეა.

მტკიცებულებების გარეშე ცნობები, თითქოს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება საქართველოს გავლით ხდება, ადრეც ვრცელდებოდა

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სახმელეთო და საჰაერო გზებით საქართველოს გავლით ხდება აზერბაიჯანში იარაღის შეტანა. “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა 4-6 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  თითქოს თურქეთიდან საქართველოს საჰაერო გზით აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთის გადაზიდვა ხდება და აზერბაიჯანისათვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება ბორჯომიდან მინდინარეობს.

  •  ცნობები, თითქოს საქართველოს საჰაერო გზით აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთის გადაზიდვა ხდება, მტკიცებულებების გარეშეა
  •  დეზინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება ბორჯომიდან ხდება

აღსანიშნავია, რომ 3 სექტემბერს ყარაბხში განვითარებუი მოვლენებთან დაკავშირებით საქართევლოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდმის შემდეგ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველოს შეჩერებული აქვს ორივე დაპირისპირებულ მხარის მიერ  საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გადატანაზე ნებართვების გაცემა. ხოლო, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვა ჩვეულებრივ მიმდინარეობს.

13 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება და ფრენები, რომელიც  საქართველოს საჰაერო სივრცეში სრულდება, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და  ICAO-ს სტანდარტებს სრულად შეესაბამება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ცნობებს სამოქალაქო ფრენების საშუალებით იარაღის გადაზიდვის შესახებ მანიპულაცია უწოდა. მინისტრის მოადგილის თქმით, კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist