ეკონომიკა

“წყლის და პამპერსის” მესიჯბოქსზე ინფორმაცია ნინო ბურჯანაძის დაფინანსებულია

1 აგვისტო, 2017

31 ივლისს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გამოაქვეყნა მასალა, სათაურით  “ნინო ბურჯანაძე: - ამერიკამ 2008 წლის ომის შემდეგ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნა”. ინფორმაციის ქვემოთ მითითებულია ნიშანი NS, რაც ხელმომწერთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აღნიშნავს. აღნიშნული ნიშნით რედაქცია მისი ხელმომწერების მიერ  მიწოდებულ მასალებს რედაქტირების გარეშე აქვეყნებს და ეს სერვისი, ფასიანია, რაც სატელეფონო კომენტარის დროს IPN-მაც დაგვიდასტურა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ინტერპრესნიუსზე“ განთავსებულ დაფინანსებულ მასალაში ნატოს  წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანის მონაწილეობით საქართველოში “ღირსეული პარტნიორი 2017” -ის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის საქართველოს და რომ ამერიკას რეალურად საქართველოს დახმარება არ შეუძლია. ბურჯანაძე აღნიშნულ მასალაში “წყლის და პამერსის” შესახებ გავრცელებულ მესიჯბოქსს იმეორებს, რომელიც ამტკიცებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ აშშ-მა საქართველოს მხოლოდ “პამპერსები და წყალი” გამოუგზავნა.

ნინო ბურჯანაძე: “რა გააკეთა ამერიკამ ისეთი რაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაბრუნებაში წაგვადგა? ვინმე დამისახელებს ერთ ფაქტს, გარდა იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნეს“.

"

აღნიშნული მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან ომის შემდგომ პერიოდში აშშ-ს მხრიდან საქართველოს დასახმარებლად ყველაზე მეტი ოდენობის თანხა - 1 მლრდ $ გამოიყო, რის შესახებაც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

"

მსგავსი განცხადება ნინო ბურჯანაძემ 2015 წლის 14 ივლისს, ტელეკომპანია კავკასიის ეთერშიც გააკეთა. ბურჯანაძის გარდა, როგორც MDF-ის 2014-2015 წლების კვლევა “ანტიდასავლური პროპაგანდა” აჩვენებს, “წყლის და პამერსის” მესიჯბოქსს სხვადასხვა დროს სხვა აქტორებიც ავრცელებდნენ: ზაზა პაპუაშვილი - ქართული ოცნება, გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, ონლაინ გამოცემა “საქინფორმისა” და გაზეთ “კვირის ქრონიკის” (“ალია” ჰოლდინგი) ჟურნალისტები.

"

იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული ომისშემდგომი დახმარებების შესახებ მომზადებული საარქივო მასალა და ინფოგრაფიკა.

"