Deepfake, Cheepfake და პრიმიტიული მიმები – რისი სჯერათ უფრო მეტად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

19
VIEWS

niemanlab.org -ის მასალის მიხედვით

ბოლო დროს ბევრ ადამიანს აინტერესებს, რატომ იჯერებს ზოგიერთი ამერიკელი ყველაზე აბსურდულ იდეებს პოლიტიკის შესახებ. რა უბიძგებს ადამიანებს ისეთი ფანტასტიკური მტკიცებების დაჯერებისკენ, როგორიცაა არჩევნების წარმოსახვითი გაყალბება ან “სატანისტი, პედოფილი კანიბალების” ლიგის მიერ ამერიკის დემოკრატიული პარტიის მართვა. ამაში ბრალი ბევრ რამეს მიუძღვის: ლიდერებს, რომლებიც სიხარულით ტირაჟირებენ სასარგებლო პოლიტიკურ ტყუილებს; სოციალურ პლატფორმებს, სადაც  უცნაური და ყალბი მეტად ფასდება, ვიდრე მოსაწყენი და მართალი.

ამ მხრივ, 2020 წელს ერთ-ერთი პოპულარული ეჭვმიტანილი deepfake ტექნოლოგია იყო, რომელიც ვიდეოს ფოტოშიპის მსგავსად ამუშავებს და ერთი ადამიანის სახის მეორე ადამიანის სხეულთან კომბინაციას რეალურს ხდის. ამ ტექნოლოგიას ადამიანისთვის ისეთ ნათქვამის მიწერა შეუძლია, რომელიც მას რეალურად არასდროს წარმოუთქვამს. ამის გამო, გაჩნდა შიშები, რომ არჩევნების პერიოდში deepfake-ებს კანდიდატების სახელით აღმაშფოთებელი განცხადებების გაკეთების და ამომრჩეველზე ზემოქმედების  მიზნით გამოიყენებდნენ.

აღმოჩნდა, რომ deepfake-ბმა არჩევნებში ის როლი სულაც არ ითამაშეს, რისიც ასე ეშინოდათ. ნამდვილად დამაჯერებელი deepfake-ების დამზადება ტექნოლოგიურად ჯერ კიდევ რთულია და კრეატიული  ტყუილების შექმნის ნაკლებად შრომატევადი გზებიც არსებობს – მაგალითად, მარტივი ვიდეომონტაჟი, რომელსაც cheepfake-ს (“იაფ სიყალბეს”) უწოდებენ ან პრიმიტიული ფეისბუქ “მიმები”, რომლებიც ვინმეს ფოტოს ყალბ ციტატას მიაწერენ.

ამასთანავე, როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ადამიანებს მცდარი ინფორმაციის დაჯერებისკენ deepfake-ები თაღლითობის უფრო მარტივ საშუალებებზე მეტად ვერ უბიძგებენ. ამას სამი მკვლევრის სტატია ამტკიცებს, რომლის მიხედვითაც, მათალია, deepfake პოლიტიკური ცნობიერების ერთ-ერთი პოტენციური საფრთხეა, თუმცა არა – განსაკუთრებული.

როგორც კვლევიდან ვიგებთ, deepfake-ის საშუალებით მიწოდებულ მცდარ ინფორმაციას კვლევის მონაწილეთა თითქმის 50%-ის დარწმუნება შეუძლია, მაგრამ deepfake-ის გამოყენებით შექმნილი ყალბ შინაარსს იმაზე მეტი ადამიანი არ შეჰყავს შეცდომაში, ვიდრე მცდარი ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებს, მაგალითად, ახალი ამბების სათაურებს ან ყალბ აუდიო ჩანაწერებს. მკვლევარები ადასტურებენ, რომ დარწმუნებაში გადამწყვეტ როლს არა ტექნოლოგია, არამედ სამიზნე აუდიტორიის განწყობები და მიკერძოებები ასრულებს.

მკვლევრებმა რეპრეზენტაციულად შერჩეულ 5 750 ადამიანს 2 ტიპის მედია ნაკრები უჩვენეს. პირველ ექსპერიმენტში მონაწილეებს Twitter-ისა და Facebook-ის სიახლეების ზოლი აჩვენეს, სადაც რეალური პოლიტიკური ამბები და ერთი სკანდალური ინფორმაცია იყო განთავსებული. ზოგ შემთხვევაში სკანდალური ინფორმაცია deepfake ვიდეოს სახით იყო მიწოდებული. მეორე ექსპერიმენტში კი კვლევის მონაწილეებს ახალი ამბების ამსახველ 8 ვიდეო აჩვენეს, რომელთაგან ზოგი ყალბი, ხოლო ნაწილი რეალური იყო.

პირველ ექსპერიმენტში გამოყენებული “სკანდალი” მასაჩუსეტსის დემოკრატი სენატორის ელიზაბეთ უორენის რამდენიმე გაყალბებულ ციტატას წარმოადგენდა. ყალბი ციტატის ვარიაციებს ექსპერიმენტის მონაწილეებს deepfake ვიდეოს, ყალბი აუდიო ჩანაწერის ან ახალი ამბის სათაურის ფორმით აწვიდიდნენ.

პირველი ექსპერიმენტის შედეგად, deepfake ვიდეომ საკვლევი ჯგუფის 47% დაარწმუნა სკანდალის რეალურობაში, თუმცა აუდიო ჩანაწერმა (48%)  და ყალბმა სათაურმაც (43%) აუდიტორიის დაახლოებით იმავე ნაწილის დარწმუნება შეძლეს. ამასთანავე,სენატორის შესახებ იმ ადამიანების შეხედულებები, რომლებმაც deepfake ვიდეო ნახეს, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა სხვა მონაწილეების მოსაზრებებისგან. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ დემოკარტი სენატორის შესახებ სკანდალს უფრო მეტად რესპუბლიკელი და სექსისტური განწყობების მქონე მონაწილეები იჯერებდნენ, ვიდრე დემოკრატი და ნაკლებად სექსისტური შეხედულებების მქონე მონაწილეები.

რაც შეეხება მეორე ექსპერიმენტს, რომელშიც მონაწილეებს შემოთავაზებული ვიდეოების სიყალბე და ნამდვილობა უნდა გაერკვიათ, ამ დავალებას სწორად 55%-მა უპასუხა, რაც არც ისე შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ამ ექსპერიმენტში, უფრო მაღალი პოლიტიკური ცნობიერებისა და მედიაწიგნიერების მქონე მონაწილეებმა ბევრად უფრო წარმატებით გაარჩიეს ყალბი ვიდეოები ნამდვილებისგან.

თუმცა ამ ექსპერიმენტის ყველაზე საინტერესო მიგნება ისაა, რომ რესპუბლიკელი და დემოკრატი მონაწილეები უფრო ხშირად იმ რეალურ ვიდეოს უწოდებდნენ “ყალბს”, რომელიც მათ პოლიტიკურ მხარეს უარყოფითად წარმოაჩენდა. პარტიული მიკერძოების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ რესპუბლიკელი და დემოკრატი მონაწილეებიც დაახლოებით თანაბარი წარმატებით ახერხებდნენ ყალბი ვიდეოს ამოცნობას, თუმცა გაყალბებულად მიიჩნევდნენ ისეთ რეალურ ვიდეოებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ ხედვებს ეწინააღმდეგებოდა ან ნეგატიურად წარმოაჩენდა. ვიდეოს “პარტიული შეფასებისას” ექსპერიმენტის მონაწილეები კონტექსტთან ერთად იმასაც ითვალისწინებდნენ, რამდენად შესაძლებელი იყო მათი პარტიის წინააღმდეგ აღნიშნული ვიდეოს “იარაღად გამოყენება”. მაგალითად, თუ დემოკრატ მონაწილეს აჩვენებდნენ საპრეზიდენტო კამპანიის სხვადასხვა გამოსვლისას ჯო ბაიდენის ენის ბორძიკის ამსახველ ვიდეოკოლაჟს, მიუხედავად ცალკეული კადრების ავთენტურობისა, მონაწილე მთლიანად ვიდეოს “ყალბად” აფასებდა, რადგან მის ფავორიტ კანდიდატს უარყოფითად წარმოაჩენდა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ “სწორი” და “მცდარი” არაბინარულია და მათი ვარიაციები არსებობს – ზოგიერთი ნამდვილი განცხადება შეიძლება შეცდომაში შემყვანი კონტექსტით წარმოვადგინოთ, ხოლო მცდარი სტატისტიკა სწორი მტკიცებების არგუმენტად გამოვიყენოთ. ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები აცნობიერებენ, რომ “სწორისა” და “მცდარის” შუაში არსებობს სივრცე – “მეტწილად მართლის”, “ნახევრად მართლის” და “მეტწილად მცდარისათვის”.

ამგვარად, deepfake-ები დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ახალი ტექნოლოგიაა, რომელსაც ყალბი, მაგრამ გარკვეულ დონეზე დამაჯერებელი არტეფაქტის შექმნა შეუძლია, თუმცა იმავეს მხოლოდ Twitter-ის ანგარიში და კლავიატურაც ახერხებს. მაგალითად, QAnon-მა მილიონობით ადამიანს სრულიად გიჟური რწმენები რეალობად წარმოუდგინა და ამისთვის რთული ტექნოლოგია სულაც არ დასჭირვებია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist