დეზინფორმაცია გეიტსის შვილების ვაქცინაციაზე, დეპოპულაციაზე და ჩუბაისზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

3.9k
VIEWS

2020 წლის 6 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Nina Marji თავის პირად გვერდზე რუსულენოვანი ვიდეოკოლაჟი, აღწერით “სრული სიმართლე ვაქცინებზე” გამოაქვეყნა. ვიდეოში არის ფრაგმენტები ბილ გეიტსის, რუსი პოლიტიკოსის ანატოლი ჩუბაისის და ბრიტანელი კონსპირატორის დევიდ აიკის სხვადასხვა წლების ინტერვიუებიდან და გამოსვლებიდან. ვიდეო ანტივაქსერ აქტივისტებს შორის პოპულარულ აზრს ავითარებს, რომლის თანახმადაც, ვაქცინები ადამიანიებისთვის სახიფათოა და მათ გავლენიანი, ელიტური ჯგუფები ბოროტი მიზნებისთვის იყენებენ. ვიდეო ვაქცინების შესახებ რამდენიმე მტკიცებას შეიცავს:

  • ბილ გეიტსი და გლობალური ელიტები ვაქცინებით დეპოპულაციას გეგმავენ;
  • კორონავირუსის ვაქცინა უკვე არსებობს და მიზანმიმართულად მალავენ, რათა მოსახლეობა უფრო მეტად დააშინონ;
  • ბილ გეიტსი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ვაქცინაციას, თავის შვილების აცრაზე უარს ამბობს.

;

Nina Marji-ის პოსტს 2020 წლის 30 ნოემბრის 9:00 საათის მდგომარეობით 242 გაზიარება აქვს, პოსტი 25 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა გერი ეგრისელიდან  4 საჯარო ჯგუფში გააზიარა: ომის ვეტერანებისანდრა რულოვსი-პირველი ლედიბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუქზეპატრიოტთა ალიანსის მხარდამჭრები.

;;

მტკიცება, რომ ბილ გეიტსი საკუთარი შვილების ვაქცინაციაზე უარს ამბობს, დეზინფორმაციაა, რადგან გეიტსების სამივე შვილს ვაქცინა გაკეთებული აქვს. კონსპირაციაა მტკიცება, რომ ბილ გეიტსი და მსოფლიოს ელიტები  ვაქცინაციით პლანეტის მოსახლეობის შემცირებას გეგმავენ და კორონავირუსის ვაქცინა უკვე არსებობს და მას ხალხს დაშინების მიზნით უმალავენ. 

  • დეზინფორმაცია: ბილ გეიტსმა უარი თქვა თავისი შვილების ვაქცინაციაზე 

ვიდეო ამტკიცებს, რომ მიუხედავად ვაქცინების აქტიური მხარდაჭერისა, ბილ გეიტსმა თავად თქვა უარი საკუთარი შვილების  ვაქცინაციაზე, რაც ამტკიცებს, რომ ვაქცინები სახიფათოა და რეალურად გეიტსს ბოროტი მიზნები აქვს. აღნიშნული დეზინფორმაცია 2018 და  2019 წლებში ინგლისურენოვან სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდებოდა და იგი პანდემიის დაწყების შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა. დეზინფორმაციული პოსტები ამტკიცებდნენ, რომ ამის შესახებ ბილ გეიტსის ოჯახის ყოფილმა ექიმმა განაცხადა. აღნიშნულ დეზინფორმაციას 2019 წელს ბილ გეიტსისი ცოლი მელინდა გეიტსი  გამოეხმაურა:

მელინდა გეიტსი: “ჩემს სამივე შვილს ვაქცინა გაკეთებული აქვთ. ვაქცინები მუშაობს და რაც უფრო ცოტა ადამიანი გადაწყვეტს მათ გაკეთებას, მით უფრო მოწყვლადნი ვიქნებით დაავადებების მიმართ. რადგან ახლოვდება მსოფლიო იმუნიზაციის კვირეული, მოდით დავუჯეროთ ექიმებს, ვესაუბროთ ერთმანეთს გულწრფელად და დავიცვათ ჩვენი შვილები.”

;

  • კონსპირაცია #1: ბილ გეიტსი და მსოფლიოს ელიტები ვაქცინაციით პლანეტის მოსახლეობის შემცირებას გეგმავენ

ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენებია ნაწყვეტი 2011 წელს ბილ გეიტსის მიერ CNN-ისთვის მიცემული ინტერვიუდან, სადაც გეიტსი შემდეგ სიტყვებს ამბობს:

ბილ გეიტსი: “მჯერა, ამ ათწლეულის განმავლობაში, დაუჯერებელ პროგრესს მივაღწევთ, როგორც ახალი ვაქცინების გამოგონების, ისე არსებული ვაქცინების ბავშვებისთვის ხელმისაწვდომობის კუთხით. ჩვენ შევამცირებთ ყოველწლიურ ბავშვთა სიკვდილიანობას 9 მილიონიდან და ან რიცხვს გავანახევრებთ, შევამცირებთ ბავშვთა ავადმყოფობას და მოსახლეობის ზრდას, საზოგადოებებს მივცემთ შანსს იზრუნონ საკუთარ თავზე.”

სწორედ “მოსახლეობის ზრდის” შემცირებაზე აპელირებს ვიდეო, თითქოს გეიტსის ეს სიტყვები ვაქცინაციის მიღმა მოსახლეობის დეპოპულაციის მიზნის არსებობას ადასტურებს, თუმცა ამ სიტყვებზე აპელირება უკონტექსტოდ ხდება, რადგან რეალურად, ბილ გეიტსი გულისხმობს არა მოსახლეობის სიკვდილიანობის ხელოვნურად, ვაქცინების ან მედიკამენტების საშუალებით გამოწვევას, არამედ მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელებას. მისი აზრით, როდესაც ვაქცინების საშუალებით ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდება და მეტი ბავშვი გადარჩება, მშობლები აირჩევენ, იმდენი შვილი ჰყავდეთ, რამდენის შენახვასა და განათლების მიცემას შეძლებენ, რაც სიღარიბის დაძლევის და ცხოვრების დონის ამაღლების წინაპირობაა.

მსგავსი კონსპირაციული კონტექსტით ვრცელდება რუსი პოლიტიკოსი ანატოლი ჩუბაისის გამოსვლა 2011 წელს რუსეთში ტექნოლოგიურ ფორმუზე Rusnanotech 2011-ზე. რუსულ სოციალურ ქსელებში აღნიშნული გამოსვლის ამსახველი ვიდეო ვრცელდება, როგორც ჩუბაისის მიერ მსოფლიო მოსახლეობის შემცირების გეგმის მხილება, თუმცა რეალურად ჩუბაისმა ისაუბრა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მეცნიერულ წრეებში გაკეთებულ პესიმისტურ პროგნოზებზე, რომელთა თანახმადაც, 21-ე საუკუნეში დედამიწა მოსახლეობის შენახვის ფიზიკურ ლიმიტებს ამოწურავს და საუკუნის დასასრულს პლანეტის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაიწყებს კლებას. მისი თქმით, ამჟამადაც არიან მეცნიერები, რომლებიც განვითარების ერთადერთ სცენარად პლანეტის მოსახლეობის 7 მილიარდიდან საუკუნის ბოლოსთვის 2 ან 1,5 მილიარდ ადამიანამდე შემცირებას განიხილავენ. თუმცა აღნიშნულ გამოსვლაში არაფერია ნათქვამი არც ვაქცინების და არც ვირუსების შესახებ.

მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირებასთან დაკავშირებული განცხადები და პროგნოზები ხშირად ხდება ინტერპრეტაციის და შეთქმულების თეორიების ობიექტი. აღნიშნული კონსპირაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:

ვიდეოში მოყვანილია ნაწყვეტი ბრიტანელი კონსპიროლოგის დევიდ აიკის გამოსვლიდან, რომელშიც აიკი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა უკვე არსებობოს, თუმცა მას ჯერჯერობით მალავენ, რათა ადამიანები პანიკაში ჩავარდნენ და შემდეგ თავად მოითხოვონ ვაქცინაცია. აიკის თქმით, ვაქცინას მოგვიანებით გამოაჩენენ და იგი ახალ დაავადებას გამოიწვევს, რომლის გამოც საკარანტინე ზომებს განაახლებენ.

2020 წლის გაზაფხულზე აიკი თავისი ფეისბუქ გვერდისა და იუთუბ არხის საშუალებით ვიდეოებს აქვეყნებდა და 5G ტექნოლოგიის და ვაქცინების შესახებ რამდენიმე კონსპირაციის თეორიას ავრცელებდა, რის გამოც ფეისბუქმა და იუთუბმა მისი გვერდები წაშალეს. აიკი ასევე ცნობილია კლიმატის ცვლილების უარყოფისა და 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ კონსპირაციების გავრცელების გამო.

იდენტური კონსპირაცია დეპოპულაციაზე

ვაქცინაციის მეშვეობით მოსახლეობის დეპოპულაციის შესახებ მსგავსი შინაარსის კონსპირაციის თეორიას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელიც ავრცელებდა. ცაგარელის ვიდეო პირველად სოციალურ ქსელებში 2 მაისს გვერდმა Секрет гриффита Griffith’s secret გრიფით საიდუმლო და ფეისბუქ მომხმარებელმა ლაშა ვერულაშვილი გააზიარეს.

მიხეილ ცაგარელი: “მასონური ჯგუფების ერთ-ერთი გეგმა, რომელიც ცნობილია ოდითგანვე, არის ერთ მილიარდამდე კაცობრიობის დაყვანა. ესეიგი ერთი მილიარდი რომ დარჩეს, 7 მილიარდი უნდა მოისპოს. ეს მოხდება ნელ-ნელა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით… ვისაც დატოვებენ მათ ექნებათ ჩიპები, რათა ააშენონ ახალი სამყარო… თან ბილ გეითსს რა სურვილი ქონდა, აუცილებელი ვაქცინაცია, ეს კავშირში უნდა იყოს ამ თამაშთან, რომელსაც ეს მილიარდელები და კიდევ მათ უკან მდგომი მილიარდელები თამაშობენ…”

ვერულაშვილის მიერ გაზიარებულ ვიდეოს 30 ნოემბრის მონაცემებით 273 ათასი ნახვა და 11 000 გაზიარება , ხოლო “Секрет гриффита Griffith’s secret გრიფით საიდუმლოს” ვიდეოს 103 000 ნახვა აქვს, გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტი მაისის შემდეგ 17 საჯარო ჯგუფში გაზიარდა.


 

მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist