ევროინტეგრაცია

დეზინფორმაცია, როგორ ებრძოდა ევროკავშირი ბალტიისპირელ ძროხებს 800 ევროდ

10 ნოემბერი, 2017

24 ოქტომბერს, TV ობიექტივის გადაცემაში ,,ღამის სტუდია”  გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ბალტიის ქვეყნების მოქალაქეებს მსხვილფეხა საქონლის ყოლაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ევროკავშირი 800 ევროს ოდენობის კომპენსაციას უხდიდა.  მისი განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ერთი მხრივ, ევროკავშირს ჭარბი პროდუქცია, ხოლო მეორე მხრივ, ლიბერალური ეკონომიკის თავისებურებებია. 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 ოქტომბერი,

 

ამ განცხადების აბსურდულობას სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, 2004 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირში გაწევრიანებიდან დღემდე სამივე ქვეყნის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, რაც სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებსაც შეეხო, როგორებიცაა მესაქონლეობა და მერძევეობა.

დეზინფორმაცია კრემლის მიერ ბალტიის ქვეყნებზე გავრცელებული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც  საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებას ცდილობს, თითქოს ევროკავშირში გაწევრების შემდგომ ბალტიის ქვეყნების ეკონომიკები ჩამოიშალა.

რეალური ფაქტები

ევროკავშირში ესტონეთი, ლიტვა და ლატვია 2004 წელს გაწევრიანდნენ. გაწევრიანების შემდგომ სამივე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა ესტონეთისთვის - 91%, ლიტვისთვის - 111%, ხოლო ლატვიისთვის 115% შეადგინა.ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება ესტონეთში 62.5%-ით, ლატვიაში - 58%-ით, ხოლო ლიტვაში - 36%-ით გაიზარდა.

მესაქონლეობის კუთხით, ევროკავშირისა და ბალტიის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა ჯერ კიდევ ევროკავშირში გაწევრიანებამდე დაიწყო, როდესაც 1993 წელს დანიური წითელი ჯიშის ძროხის სელექციონერებმა დანიაში გერმანული ანგლერული ჯიშის, ლიტვური წითელი ჯიშის, ლატვიური წაბლა ჯიშისა და ესტონური წითელი ჯიშის მწარმოებლები მიიწვიეს. შედეგად დაარსდა ასოციაცია  European Red Dairy Breed, რომელიც ევროპის მასშტაბით საუკეთესო ხარისხის რძის წარმოებას, საქონლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რძეში არსებული პროტეინის მოცულობის გაზრდასა და სხვ კომპონენტებს გაუმჯობესაბას ისახავდა მიზნად

1984 წელს ევროკავშირმა რძის პროდუქტების წარმოებაზე კვოტები დააწესა, რაც ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ წარმოებული პროდუქტის რაოდენობა აღემატებოდა მოთხოვნის რაოდენობას. ევროკავშირის საერთო სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის ფარგლებში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა ბაზარზე-ორიენტირებული სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება. 2015 წლის 31 მარტს, რძის პროდუქტებზე კვოტების რეჟიმი დასრულდა. მიუხედავად რეჟიმის არსებობისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების რძის პროდუქტების ექსპორტი 2010-2015 წლებში 45%იანი მოცულობითი ზრდით ხასიათდებოდა.

via GIPHY

ესტონეთი. 2007-2013 წლებში ევროკავშირმა ესტონეთის ეკონომიკური განვითარებისთვის 4.764 მილიარდი ევრო გამოყო, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებასა და ინტეგრაციის პოლიტიკას მოხმარდა. ევროკავშირში ინტეგრაცია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსხვილფეხა საქონლის ჯიშების შენარჩუნებისა და რძის წარმოების ზრდის მხრივაც. დღესდღეობით მერძევეობა ესტონეთის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ძირითადი დარგია. ევროპული სარძეო მეურნეობის  ასოციაციის თანახმად, 2017 წლისთვის ივლისის მონაცემებით,  ესტონეთის კვების ინდუსტრიის ექსპორტის ⅓  რძის პროდუქტებზე მოდის. ესტონეთს რძის პროდუქტების ექსპორტის  98% ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. ამ მხრივ ლიდერობს ლიტვა (31%), რომელსაც მოსდევს ლატვია (26%), ფინეთი (20%) და იტალია (8%). გარდა ევროკავშირისა, რძის პროდუქტების ექსპორტი იაპონიაში, მალაიზიაში, ვიეტნამსა და სამხრეთ აფრიკაშიც ხორციელდება. ამ ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტით ესტონეთმა სრულად ჩაანაცვლა რუსული ბაზარი, სადაც  2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის საკვებ პროდუქტებზე დაწესებული ემბარგოს გამო ესტონური პროდუქცია აღარ გადის. 

ლიტვა. რძის პროდუქტების წარმოება ლიტვის სასურსათო ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია. 2014 წელს, ევროსტატის მონაცემების თანახმად რძის წარმოების სექტორმა ლიტვური სასურსათო ინდუსტრიის  პროდუქციის  30.6% შეადგინა. მიუხედავად იმისა რომ მეწველი ძროხების რაოდენობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შემცირდა, თითო ძროხიდან მიღებული რძის საშუალო მაჩვენებელი  თითქმის გაორმაგდა და თუ 1992 წლისთვის 3.0 ტონას შეადგენდა, 2015 წლისთვის 5.7 ტონამდე გაიზარდა. რუსეთის მხრიდან სურსათზე 2014 წელს დაწესებულმა ემბარგომ ლიტვის მერძევეობა საგრძნობლად დააზიანა, თუმცა  ემბარგოს მიუხედავად, ნედლი რძის გაყიდვის მაჩვენებლები ლიტვაში 2014-2015 წლებში მაინც ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2015 წლისთვის  რძის პროდუქტების ექსპორტის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა (76,7%). აქედან ყველაზე დიდი გასაღების ბაზარი იტალია (19,2%), პოლონეთი (18, 1%) და გერმანია (14, 7%) იყვნენ. 2015 წელს ევროპულმა კომისიამ ლიტვის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც 2014-2020 წლებში ლიტვის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 1.6 მლრდ ევროს დაიხარჯება. 

ლატვია. მერძევეობა ლატვიის სასურსათო ინდუსტრიის 21%-ს შეადგენს. ნედლი რძის წარმოება სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში 20% -იან წილს იკავებს  და ლატვიური ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემოსავალს განაპიროებებს. ევროპული რძის ასოციაციის მონაცემებით, 2015 წლისთვის ლატვიაში 23.000 მდე ნედლი რძის მწარმოებელი იყო.  მიუხედავად იმისა, რომ ნედლი რძის მწარმოებელთა რიცხვი მცირდება, მსხვილფეხა საქონლის ჯოგის ზომა და თითო ძროხიდან მიღებული რძის ოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ევროკავშირის მიერ ლატვიისთვის, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ფარგლებში 2014-2020 პერიოდისთვის 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფაა გათვალისწინებული.  2015 წელს, რუსეთის მხრიდან საკვებ პროდუქტებზე დაწესებული ემბარგოს გამო ევროპულმა კომისიამ ჯამში 420 მლნ ევრო გამოყო მესაქონლეობის და მერძევეობის სექტორში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. ლატვიამ მხარდაჭერის პაკეტიდან 8 მილიონი ევრო მიიღო. 

"

წყარო: European Dairy Association

რუსული პროპაგანდა ბალტიის ქვეყნების ეკონომიკების შესახებ

  • ბალტიის ქვეყნების მოსახლეობა საბჭოთა კავშირის პერიოდში უკეთესად ცხოვრობდა, ვიდრე  დღეს.
  • ევროკავშირში გაწევრიანება ისევე გაგვაღატაკებს ჩვენ (საქართველოს), როგორც ეს ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში  მოხდა.
  • ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ესტონეთი და ლატვია ვერ იქნებიან ქმედითი ქვეყნები და ვერ დაიცავენ საკუთარ  ინტერესებს.
  • ბალტიის ქვეყნების ეკონომიკა  ჩამოიშალა

მოამზადა მარიამ მუმლაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატირიის სტუდენტი