2017 წლის 13 მარტს, agora.ge-ზე გამოაქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით “საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანეს”, რომელიც 4 მაისს, ბლოგებზე “განათლების სახლი” და oknws.com, ხოლო 5 მაისს მედია პორტალმა “ჯეო დაიჯესტი” იდენტური სათაურებით გამოაქვეყნეს. მასალაში მოყვანილია countrymeters.info-ის სტატისტიკა, რომელიც, თავის მხრივ, გაეროს მონაცემებს ეყრდნობა, რომლის თანახმად, 1990 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0,17%-დან 1,21%-მდე შემცირდა.
მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანეს, მცდარია.
1. “გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიას” არც countrymeters.info, არც გაერო არ აქვეყნებს.
არც პორტალ countrymeters.info-ზე, არც გაეროს ვებ-გვერდზე, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნების დემოგრაფიის შესახებ სტატისტიკას გვთავაზობენ, “გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სია” საერთოდ არ იძებნება.
2. სტატიის სათაური არც სტატიის შინაარსს და არც გაერო-ს მონაცემებს არ შეესაბამება
სტატიის სათაური არ შეესაბამება არც სტატიის შინაარსს, არც იმ გაეროს მონაცმებს. გაეროს მსოფლიო მოსახლეობის პროგნოზის მონაცემებისმიხედვით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის 12.9%-იანი კლებაა მოსალოდნელი. იმავე მონაცემების თანახმად, საქართველოში მოსახლეობამ 2015 წელს 4 000 000 შეადგინა, 2050 წელს კი მოსახლეობა, შესაძლოა, 3 483 000-მდე შემცირდეს. კლების ტენდენციის მიუხედავად, გაერო საქართველოს “გადაშენების” შესახებ საერთოდ არ საუბრობს.
გაეროს ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის სავარაუდო შემცირება 2015-2050 წლის შუალედში 48 ქვეყანაშია მოსალოდნელი. ეს პრობლემა კი ყველაზე აქტუალური შემდეგ ქვეყნებშია: ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ლატვია, ლიტვა, სერბეთი, ხორვატია და უნგრეთი. ამ სიაში საქართველო მე-15 ადგილზეა.
იდენტური რუსული წყაროები
ამ თემაზე იდენტური შინაარსის სტატია 2016 წლის 30 სექტემებერს, რუსულ Sputnik-ზე გამოქვეყნდა, რომელიც ოჯახების მსოფლიო კონგრესის დირექტორს თინათინ ხორბალაძეს ეყრდნობა. იდენტური ინფორმაცია გაავრცელა რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა Geomigrant.com-მაც, რომელიც საქართველოს შესახებ სიახლეებს რუსულ ენაზე ქართველ ემიგრანტებს სთავაზობს.
ოჯახების მსოფლიო კონგრესის შესახებ:
ოჯახების მსოფლიო კონგრესი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ოჯახური ტრადიციების წამახალისებელ და ანტი-ლგბტ კონგრესებს აორგანიზებს. ამერიკული ირიდიული საკონსულტაციო ორგანიზაციის Southern Poverty Law Center-ს ინფორმაციით, ოჯახების მსოფლიო კონგრესი 2013 წელს რუსეთის ანტი-გეი კანონის შემუშავებაში იყო ჩართული. 2015 წლის 17 მაისს კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ოჯახების მსოფლიო კონგრესი თბილისში მოიწვია, რომლის ფარგლებშიც არაერთი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადება გაკეთდა.